ნეტგაზეთი | დიდი შეიხის ხეივანი ბათუმში დიდი შეიხის ხეივანი ბათუმში – Netgazeti
RU | GE  

დიდი შეიხის ხეივანი ბათუმში

შეიხი მაბარაქ ალ ნახაიანი, რომლის სახელიც ბათუმში ხეივანს მიანიჭეს,  არაბი მილიარდელი და გაერთიანებული არაბეთის ემირატების განათლებისა და მეცნიერების მინისტრია.

 შეიხი მაბარაქ ალ ნახაიანი, რომლის სახელიც ბათუმში ხეივანს მიანიჭეს,  არაბი მილიარდერი და გაერთიანებული არაბეთის ემირატების განათლებისა და მეცნიერების მინისტრია.

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩიდან  ლეონიძის ქუჩის შეერთებამდე მშენებარე  ორმხრივი მოძრაობის საავტომობილო გზებს შორის არსებულ მონაკვეთს, ხეივნის სტატუსი და არაბი შეიხის სახელი ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით მიენიჭა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე არაბი შეიხის მხრიდან საქართველოში მსხვილი ინვესიტიციის განხორციელებით ახსნეს: „ინვესტორმა საქართველოს საჩუქრად ათი ათასი ერთეული ძვირად ღირებული პალმა გადასცა, რომლითაც ბათუმის ახალი ბულვარის განაშენიანება განხორციელდა“.

საკითხი სხდომაზე განათლების კომისიის თავმჯდომარემ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა – ნაზი მიქელაძემ გამოიტანა.  ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვას, თუ ვისი იდეა იყო ეს, საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა – „ეს კეთდება სამომავლოდ, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით და შეგიძლიათ ერთ-ერთ ინიციატორად მეც ჩამწეროთ“. გადაწყვეტილება უმრავლესობის ერთსულოვანი მხარდაჭერით მიიღეს, ოპოზიციის ხუთმა წევრმა მას მხარი არ დაუჭირა. „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხეივნისთვის ცოცხალი ადამიანის სახელის მინიჭება გაგიგიათ?“ – აცხადებდა პოზიცია სხდომაზე.

მოგვიანებით საკრებულოში „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მედიასაშუალებებმა არასწორად გაავრცელეს. „თითქოს  არაბი შეიხის სახელი ქუჩას მიენიჭა და შესაძლოა,  იქ მცხოვრები მოქალაქის პირადობის მოწმობაში  საცხოვრებელ ადგილადაც კი დაფიქსირდეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, შეიხის სახელი მხოლოდ ხეივანს მიენიჭა და არა ქუჩას“.

დიდი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ამ ფორმით მადლიერების გრძნობა  უფლებამოსილების მიწურულს წინა მოწვევის საკრებულომ  თურქი ივესტორის ნურეთინ ჩარმიქლუს მიმართაც გამოხატა. მის სახელს ბათუმში საერთაშორისო იმიჯის მქონე სასტუმრო „შერატონი“ უკავშირდება.

შეიხი ნახაიან მარაბაკ ალ-ნახაიანი კი გაერთიანებული არაბეთის ემირატების განათლებისა და მეცნიერების მინისტრია. იგი ამავე დროს ხელმძღვანელობს  ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას – “Abu Dhabi Group”. ეს კომპანია ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მუშაობს, როგორც აზიასა და აფრიკაში, ისე ევროპაში. მათ შორის, ნავთობისა და გაზის ადგილმდებარეობის დაზვერვის მიმართულებით, სასტუმროების ბიზნესის, დაზღვევის, ბანკებისა და ფინანსების, კავშირგაბმულობის, მშენებლობისა და საავტომობილო მრეწველობის სფეროში. მისი საინვესტიციო პორტფელი 10.000.000.000 ამერიკული დოლარია.

„Abu Dhabi Group”-ის ხელმძღვანელს თბილისში მშენებარე სასტუმრო კომპლექს „კემპინსკის“ 80-პროცენტიანი წილი ეკუთვნის. ამ სასტუმროს საერთო ინვესტიცია 110 მილიონი დოლარია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე, გაზეთი „ბათუმელები“