საზოგადოება

კრიზისი ბათუმის უნივერსიტეტში

21 იანვარი, 2009 • • 5007
კრიზისი ბათუმის უნივერსიტეტში

ბათუმის უნივერსიტეტს სახელმწიფო აფინანსებდა. სახელმწიფო ფინანსებზე დაყრდნობით არის შექმნილი ყველა საუნივერსიტეტო, ადმინისტრაციული თუ აკადემიური სტრუქტურა. წელს უნივერსიტეტს ბიუჯეტიდან მხოლოდ 600 ათასი ლარი გადაეცა, რომლის ნახევარი, 300 ათასი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კონკრეტულ პროექტს უნდა მოხმარდეს. ანუ უნივერსიტეტმა, ძირითადად, სტუდენტების მიერ შეტანილი თანხებით უნდა იარსებოს, სტუდენტებს კი თანხის გადახდა ყოველთვის უჭირდათ. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბევრ მათგანს დავალიანება სახელმწიფომ დაუფარა.

პროფესორი უნივერსიტეტის ლიკვიდაციაზე

ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი მასალკინი შიშობს, რომ შექმნილი მდგომარეობა, შესაძლოა უნივერსიტეტისთვის კატასტროფული აღმოჩნდეს. მისი თქმით, ამის შიში ბევრ პროფესორს აქვს: `დაფინანსებასთან ერთად, აკრედიტაციის პირობების გამო, სტუდენტთა რაოდენობაც შეგვიმცირდა. უნივერსიტეტში ყველა მეორე იმაზე საუბრობს, რომ უნივერსიტეტი დაიხურება, ან გადაკეთდება, ან შენობა გაიყიდება. ხელისუფლებას ეს იდეაში ორი წლის წინ ჰქონდა კიდეც. ჩემი აზრით, უნივერსიტეტი ან ბოლომდე კერძო უნდა იყოს, ან მთლიანად სახელმწიფო კმაყოფაზე. ჩვენ კი ნახევარქათამასავით ვართ~.

მასალკინის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობა უნივერსიტეტში რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვს. სწორედ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით გაჩენილი აზრთა სხვადასხვაობა გახდა კანცლერის გადადგომის მიზეზი: `გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრეთ კანცლერ მალხაზ ნაკაშიძეს, რომელსაც კრიზისის დაძლევაზე საკუთარი ხედვა ჰქონდა. მას თანამდებობიდან წასვლის შესახებ არაფერი უთქვამს. წასვლის მიზეზი, ალბათ, რექტორთან შეუთავსებლობა გახდა~.

ნაკაშიძე კრიზისის დასაძლევად რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციას ითხოვდა. რექტორი კი პირიქით, დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის.

 `არ მგონია, რომ რექტორი დამოუკიდებლად წყვეტდეს საკადრო პოლიტიკას. რა დანიშვნებიც მან ბოლო დროს განახორციელა, უფრო თბილისიდან, ლევან ვარშალომიძიდან და მიხეილ მახარაძიდან მოდის~, _ ამბობს მასალკინი. მისი ინფორმაციით, კანცლერის შემცვლელად აჭარის მთავრობის ორი ექსმინისტრი, ნათელა წიკლაშვილი და ედუარდ ფუტკარაძე მოიაზრებიან, რაც მას პოლიტიკურ დაკვეთად მიაჩნია.

რატომ გადადგა კანცლერი?

 უნივერსიტეტის კანცლერი, მალხაზ ნაკაშიძე რექტორთან დაპირისპირებას უარყოფს: `დაპირისპირება არ ყოფილა. რიგ საკითხებში მე მქონდა ჩემი პოზიცია, რომელსაც ყველა რექტორის დროს ვაფიქსირებდი. ჩემი წასვლის მიზეზი არის მთავრობის შემოთავაზება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადასვლა მთხოვეს და ამ შემოთავაზებას დავთანხმდი~.

ნაკაშიძის თქმით, უნივერსიტეტის ბიუჯეტი 77 პროცენტით სტუდენტების მიერ გადახდილ თანხებზეა დამოკიდებული, დაახლოებით 10 პროცენტს თავისი შემოსავალი შეადგენს (რამდენიმე კომერციული სკოლა, ფართობის გაქირავება და ა.შ.), ცოტა უფრო ნაკლებით ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიზერული თანხები შემოდის პროფესორ-მასწავლებელთა გრანტებიდან და სხვა შემოსავლებიდან: `უნივერსიტეტმა ამ წლიდან საბიუჯეტო დამოუკიდებლობა მიიღო. ძირითადი შემოსავალი სტუდენტების შემონატანებია. ჩვენთან, უმრავლესობა, დაბალი აკადემიური მოსწრების სტუდენტია ანუ მათ სახელმწიფო გრანტი არ აქვთ. ე.ი. სწავლის საფასური ოჯახმა უნდა გაიღოს. სტუდენტების უმეტესობა მაღალმთიანი აჭარიდანაა. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა სოფლებში. ამიტომაც სტუდენტების უმრავლესობას გადახდის პრობლემები აქვს, შესაბამისად, უნივერსიტეტი, შესაძლოა, მძიმე ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს~.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ნაკაშიძე უნივერსიტეტში ფაკულტეტებისა და სპეციალობების ოპტიმიზაციაში ხედავს: `სულ 4 000 სტუდენტი გვყავს. ამდენი სტუდენტი, საქართველოში წარმატებული სასწავლებლების თითო ფაკულტეტზე სწავლობს. შვიდი ფაკულტეტი გვქონდა და შემცირების ნაცვლად ცხრამდე გაიზარდა. უნივერსიტეტში დღეს არსებული სპეციალობების 70 პროცენტი ფინანსურად წამგებიანია. წამგებიანი სპეციალობები და ფაკულტეტები რამდენიმე ფინანსურად მომგებიანი ფაკულტეტებისა და სპეციალობების ხარჯზე არსებობს, რაც ფინანსურადაც გაუმართლებელია და სტუდენტთა განაწყენებასაც იწვევს~.

ნაკაშიძის თქმით, უნივერსიტეტის ბიუჯეტის დიდი ნაწილი მხოლოდ სახელფასო ფონდს ხმარდება, ამიტომაც უნივერსიტეტის განვითარებისთვის თანხები აღარ რჩება:
`მესმის, რომ ოპტიმიზაციას შტატების მნიშვნელოვნად შემცირება მოსდევს, რაც უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ ჯობია უნივერსიტეტის გადარჩენისა და განვითარებისთვის ეს გაკეთდეს, თუნდაც ბევრი პროფესორის სახლში დაჯდომის ხარჯზე, ვიდრე მთელი უნივერსიტეტი დაიღუპოს~.

ნაკაშიძის განცხადებით, მან გასულ წელს ადმინისტრაცია 80 პროცენტით შეამცირა, რის ხარჯზეც პროფესორთა ხელფასები 200 ლარით გაიზარდა. უნდოდა აკადემიური პერსონალის შემცირებაც: `ბოლოს, გამოიყო სამედიცინო ფაკულტეტი, რისი აუცილებლობაც არ იყო. ამ ფაკულტეტის ადმინისტრაციაზე დამატებით 66 ათასი ლარი უნდა გაიხარჯოს. ეს რექტორის სუბიექტური მოსაზრებით გაკეთდა. ხელოვნების ფაკულტეტის სახელფასო ფონდი 500 ათასია, ხოლო სტუდენტთა შენატანი _ 230 ათასი. გვაქვს რამდენიმე სპეციალობა, რაზეც 3-5 სტუდენტი სწავლობს. რატომ უნდა შეინახოს ეს სპეციალობები წარმატებულმა ფაკულტეტებმა და სპეციალობებმა?~

რექტორის ოპტიმიზმი

უნივერსიტეტის რექტორი, ალეკო ბაკურიძე აცხადებს, რომ ფინანსური კრიზისის მიუხედავად, უნივერსიტეტი სტრატეგიულ პრინციპებზე უარს ვერ იტყვის: `ის, რომ ისტორიის სპეციალობაზე დღეს სტუდენტი აღარ გვყავს, იმას არ ნიშნავს, რომ ისტორია უნივერსიტეტში არ უნდა ისწავლებოდეს. სკოლებისთვის ისტორიის მასწავლებელი არ მოვამზადოთ? მართალია, ფინანსური პრობლემა არის, მაგრამ ეს პრობლემა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს. იმავეს ვიტყვი ხელოვნების ფაკულტეტთან დაკავშირებით. თუ სტუდენტები ვერ ინახავენ ფაკულტეტს, ამიტომ რეგიონში ხელოვნება არ უნდა განვითარდეს?~.

რექტორი იმედოვნებს, რომ ფინანსების მოძიებაში მათ სახელმწიფო დაეხმარება. ამასთან, ის ფინანსების მოძიების ალტერნატიულ წყაროებზეც აქტიურად მუშაობს: `ჩვენ ვატარებთ ფინანსურ რეფორმას. ფაკულტეტებს თავიანთი შემოსავლების 70 პროცენტი დარჩებათ, მხოლოდ 30 პროცენტი მოხმარდება ცენტრალურ ადმინისტრაციას. ასე რომ, ყველა ფაკულტეტს განვითარებისთვის პირობა ექნება. რაც შეეხება სამედიცინო ფაკულტეტს, `ბათფარმას~ სახით გამოჩნდა კონკრეტული ინვესტორი, რომელიც მისთვის გარკვეული რაოდენობის სტუდენტთა მომზადებას აფინანსებს. ბიზნესსექტორთან ანალოგიურ პროექტებზე აქტიურად ვმუშაობთ~.

რექტორი ფინანსური კრიზისიდან გამოსავალს უნივერსიტეტის რეიტინგის ამაღლებაში ხედავს: `ჩვენთან ყველაზე დაბალი აკადემიური მაჩვენებლის სტუდენტები მოდიან. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე. ჩვენ სამეცნიერო მუშაობის განვითარებაზეც უნდა ვიზრუნოთ _ საერთაშორისო დონის მეცნიერები უნდა გავზარდოთ, ამის პოტენციალი გვაქვს~. რეიტინგის ამაღლების შემთხვევაში, შესაძლებელია, ზოგიერთ სპეციალობაზე სწავლების საფასური გაიზარდოს.
რექტორი ფინანსური სიძნელეების მიუხედავად, ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს. ეს არის პროფესორების უფასოდ გადამზადება ჩვენთან და უცხოეთში, ინგლისური ენისა და კომპიუტერის სწავლება, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის უფასო სწავლება და უნივერსიტეტის პიარი.

სტუდენტები სწავლების ხარისხის ამაღლებას ითხოვენ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები სწავლების ხარისხის ამაღლებას მოითხოვენ. მათი თქმით, უნივერსიტეტში ბევრი რამ არის გამოსასწორებელი. `სტუდენტებს ბევრი ლექტორის წაკითხული ლექცია არ მოსწონთ, მათი ლექციები კომუნისტური გადმონაშთია. თბილისში, რიგ კერძო უმაღლეს სასწავლებლებში, თანამედროვე მეთოდებია დანერგილი. იქ ლექტორების დიდ ნაწილს საზღვარგარეთ აქვს განათლება მიღებული, ჩვენთან კი უმეტესობას საბჭოური სკოლა აქვს გავლილი და სწავლების მეთოდიც საბჭოურია~, _ აცხადებს თვითმმართველობის თავმჯდომარე ამირან გოგიავა.

სტუდენტებს უნივერსიტეტში რეფორმის შეჩერება არ მოსწონთ. მაგალითად, რამდენიმე წელია ბოლონიის პროცესთან მიერთებაზე საუბრობენ, თუმცა, ეს საკითხი ისევ ღიად რჩება. `ბევრი რამე უნდა შეცვლილიყო და არ შეიცვალა. ცვლილებებს დიდი დრო და ახალი სისხლი სჭირდება, მაგრამ პროცესი უნდა დაჩქარდეს. ამაში სტუდენტები აქტიურად ვაპირებთ ჩართვას. ჩემი აზრით, პირველ რიგში, რაც შეიძლება მეტი ლექტორი უნდა გადამზადდეს საზღვარგარეთ. ამაზე ხელისუფლებამ და სასწავლებლებმა უნდა იზრუნონ,~ _ აცხადებს გოგიავა.

სტუდენტებს ყველაზე მეტად პრაქტიკის პრობლემები აწუხებთ. უნივერსიტეტში მხოლოდ თეორიული კურსის გავლით მათ სპეციალისტებად ვერ ამზადებენ, რაც ყველაზე დიდ დარტყმას აყენებს უნივერსიტეტის პრესტიჟს. `პრაქტიკას გავდივართ, მაგრამ ამის დაფინანსება თავად გვიწევს. მე ბიოლოგიის სპეციალობას ვეუფლები, ანუ მინიმუმ ბუნებაში გასვლა და მცენარეული სამყაროს ადგილზე ნახვა აუცილებელია. ბიოლოგიას კაბინეტში ვერ ისწავლი. სამწუხაროდ, ლექტორის ბუნებაში წაყვანაც შეუძლებელი ხდება~, _ აცხადებს სტუდენტი სალომე სურმანიძე.

ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტის, ხატია ღოღობერიძის თქმით, პრაქტიკის მხრივ არსებულ პრობლემებს სუბიექტური მიზეზებიც აქვს: `უნივერსიტეტს საკუთარი გაზეთები აქვს. რადიოსა და ტელევიზიას რაც შეეხება, პრობლემებია. აჭარის რადიოში დაგვპირდნენ პრაქტიკას, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი ისმის. სტუდენტების ნაწილმა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებში პრაქტიკის გავლა დამოუკიდებლად ვცადეთ, მაგრამ სპეციალობის კურატორმა, იოსებ სანიკიძემ გვითხრა, რომ ამას პრაქტიკად არ ჩაგვითვლიდა~.

მასალების გადაბეჭდვის წესი