საზოგადოება

ხანდაზმულები დევნილობაში [ფოტო]

1 ოქტომბერი, 2015 •
ხანდაზმულები დევნილობაში [ფოტო]

როგორც DVV International-ის წარმომადგენელი გიორგი ჯიქია ამბობს, პროექტის მთავარი მიზანი ხანდაზმულთა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაა. ამ დროისათვის 4 ადგილას- თბილისში, კოდაში, ჯვარსა და ლელიანში საზოგადოებრივი სივრცეები მოეწყო, სადაც ხანდაზმულებს შეუძლიათ მიიღონ პროფესიული განათლება, ფსიქოლოგიური დახმარება და გაირონ კონსულტაცია ექიმებთან. ვერის ბაღში ხანდაზმულები კოდის დასახლებიდან მოიწვიეს. 

“ბალიშების კერვას ვსწავლობ. ცენტრში დავდივარ, ფსიქოლოგთანაც გვაქვს ხოლმე შეხვედრები. პროფესია ადრე კი მქონდა, მაგრამ მთელი ცხოვრება მაინც დიასახლისი ვიყავი, ვუვლიდი სოფელში ჩემს სახლს და ბაღს. ახლა სულ არ ვჩივი ჩემს ასაკს, კიდევ ბევრს გავაკეთებ, ოღონდ ჩემს სახლში დავბრუნდე,”- მარიამ ხეთაგაშვილი, 60 წლის.

“მე დავხატე ნაგვის ურნა, იმის გვერდით დგას ადამიანი და იმ ურნიდან იღებს პურის ნაჭრებს და იგროვებს ცელოფნის პარკში. მე შეიძლება დღეს მყავს ოჯახის წევრები, მაგრამ ბევრი მოხუცია, ვინც ასე ირჩენს თავს,”- თინა ბუწაშვილი, 75 წლის

“კოდის სათემო ცენტრში ჭრა-კერვის კურსებზე დავსაქმდი და ახლა ვასწავლი მოსწავლეებს ამ საქმეს. უხუცესებიც მყავს მოსწავლეებად და ახალგაზრდებიც. ადრეც ეს იყო ჩემი პროფესია. ქარგვა და კერვა და თან ამის სხვისთვის სწავლება დღეს ჩემთვის ბედნიერებაა,”- ვენერა ქრისტესიაშვილი, 80 წლის.

“დევნილი ვარ ცხინვალიდან, კოდის დასახლებაში ვცხოვრობ, უხუცესთა საბჭოს წევრიც ვარ. საქართველოს რუკა დავხატე, აი, ჩემი ნახატია, დროშაც დავხატე, კარგად რომ ვხატავდე, ლიახვის ხეობასაც ჩავხატავდი, ჩემი კუთხე ეგაა. გეოდეზი ვარ პროფესიით, ტოპოგრაფი. წლების განმავლობაში რამდენიმე ადგილას ვმუშაობდი, ახლა ვარ უსაქმური ადამიანი, ვცხოვრობ კოდაში და ვოცნებობ ჩემს სახლზე,” – ზურაბ კასრაძე 62 წლის.

“მეხილე-აგრონომად 25 წელი ვიმუშავე ცხინვალში. დღეს, სახელმწიფოს თავისთვის რა აქვს, რომ მე მოვთხოვო უფრო მეტად მომხედე-მეთქი. პენსიის გარდა სხვა სიკეთეს რას მიკეთებენ? ვცხოვრობ ახლა კოდაში, ჩამოვაყალიბე უხუცესთა საბჭო და ერთად ვწყვეტთ ხოლმე პრობლემებს. 446 ოჯახია და ჩემს ასაკში სხვა რა შემიძლია? მარტო რჩევას თუ მივცემ ვინმეს თავის საკეთილდღეოდ,” – მურმან მეტრეველი, 75 წლის.

“რა თქმა უნდა, ასაკთან ერთად ცხოვრება რთულდება. ახლა მხოლოდ ჯანმრთელობაზე თუ იოცნებებს ადამიანი… საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა არ მქონია, მაგრამ მთავარი იცით რა არის? პრობლემების დაძლევის სურვილი არ უნდა გაგვიქრეს, რა მნიშვნელობა აქვს ასაკს. ახლა შვილიშვილებს ვზრდი და ესაა ჩემი საუკეთესო წამალი, “ – გაისა ბობოხიძე, 67 წლის

 

სახალხო დამცველის ანგარიში და რეკომენდაციები


ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებასა და სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მათი მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ხანდაზმულთა მიმართ ეფექტური პოლიტიკა და მათი უფლებებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის სტრატეგია.

 

“დაბალია მათი სოციალური დაცვის ხარისხი, დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში, არასაკმარისია სახელმწიფო პროგრამები და სერვისები, ამ პირთა მიმართ ხშირად ადგილი აქვს სხვადასხვა სახის ძალადობას, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან,” – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი აპარატმა ჩაატარა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების მონიტორინგი. შედეგად, ანგარიშში ნათქვამია, რომ შიდა საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის მიუხედავად, სახელმწიფოს არ გააჩნია მათი აღსრულების ზედამხედველობის გამართული, სისტემატიზებული მექანიზმი. დაბალია ხანდაზმულთათვის მომსახურების მიწოდების ხარისხი და ხშირად ისინი დისკრიმინაციულ და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში იმყოფებიან.

სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ხანდაზმულთა პანსიონატში გაწეული მომსახურების დაფინანსება დღეში 16 ლარს შეადგენს. ფინანსური პრობლემები კი არასახარბიელო პირობების ერთ-ერთი მიზეზია.

სახალხო დამცველის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად ძირითადად რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის არის: არაადაპტირებული ფიზიკური გარემო და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა; ბენეფიციართა სოციალური პასიურობა და საზოგადოებისგან იზოლაციის საფრთხე და ასევე, დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვა და რეალიზება.

მასალების გადაბეჭდვის წესი