საზოგადოება

ახალი მზიურის პარკი შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება

24 სექტემბერი, 2015 • • 2499
ახალი მზიურის პარკი შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება

26 სექტემბერს, 15:00 საათზე, ახალი პროექტის წამოწყებასთან დაკავშირებით პირველი აქცია ”გააფერადე მზიური” გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა თან უნდა იქონიონ ფერადი ცარცები, პასტელები, ბუშტები და გამოეწყონ ფერად სამოსში. აქციას მუსიკალურად გააფორმებენ ქართველი მუსიკოსები, სხვადასხვა მუსიკალური სტუდიების მოსწავლეები.

 

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, აქციის მიზანია საზოგადოებამ ნათლად დაინახოს ”ახალი მზიურის” იდეა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პარკმა განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინოს და იქცეს დასვენების, გართობის, შემეცნების ადგილად, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავს კომფორტულად იგრძნობს.

თბილისის მერია მხარს უჭერს პროექტს, რომელიც საზოგადოება „მზიანის” ინიციატივით დაიწყო. „მზიურის” ტერიტორიაზე მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა პროექტის ავტორთან ერთად კაფისა და ამფითეატრის აზომვითი ნახაზები შეადგინეს. პროექტის ფარგლებში პარკის ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. დაგეგმილია კაფისა და ამფითეატრის რეკოსტრუქცია. სოციალური კაფე მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასებში შესთავაზებს პროდუქციას.

 

თბილისის მერიის თანამშრომლებმა კაფისა და ამფითეატრის აზომვითი ნახაზები  შეადგინეს.
თბილისის მერიის თანამშრომლებმა კაფისა და ამფითეატრის აზომვითი ნახაზები შეადგინეს.

 

„ახალი მზიურის” იდეა „მზის ფესტივალის” დამაარსებელსა და ორგანიზატორს, ფოტოგრაფ ანა გოგუაძეს ეკუთვნის. როგორც თავად ამბობს, პროექტი ორიენტირებულია რეინვესტირების გზით სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და არა კომერციულ მიზნებზე.

 

”პირველად საქართველოში იარსებებს სრულიად ადაპტირებული და ხელმისაწვდომი სივრცე, რომელიც მოსახერხებელი იქნება, როგორც ნებისშმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, ისე ხანდაზმულებისა და ბავშვებისთვის. თბილისში ახალგაზრდა არტისტებს ექნებათ სივრცე, სადაც უსასყიდლოდ შეეძლებათ განახორციელონ თავიანთი იდეები,” – ამბობს ანა გოგუაძე.

 

თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებები გამართოს პროექტის ორგანიზატორებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეირჩეს ის ორგანიზაციები, რომლებიც სამომავლოდ „მზიურის გაცოცხლების“ პროექტში ჩაერთვებიან. 

 

13 ივნისის სტიქიის შემდეგ მზიურის პარკი დიდი ნაწილი ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა. პარკის გაწმენდით სამუშაოებში ჩართული იყვნენ როგორ მერიის დასუფთავებისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე, ასობით მოხალისე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი