საზოგადოება

გადადებული რთველი კახეთში [VIDEO]

17 სექტემბერი, 2015 •
გადადებული რთველი კახეთში [VIDEO]


გურჯაანში ამბობენ, რომ 28 აგვისტომდე, როგორც წესი, რთველი მოლეული ჰქონდათ ხოლმე. დღეს კი, 17 სექტემბერია და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ გაშენებული ვენახები ისევ დახუნძლულია ვაზით. ნაწილი უკვე გადამწიფდა და ფერი შეიცვალა. მეპატრონეები დაკრეფას არ ჩქარობენ, – “რომც დავკრიფო, სად წავიღო”, – ამბობენ ისინი. 


 

 

“იმისთვის, რომ გურჯაანის ქარხანას ყურძენი ჩავაბაროთ, გამგეობამ აქვე უნდა გასცეს ცნობა, რომლითაც ყურძენი უნდა ჩააბარო. ჯერ კიდევ გვიპრდებიან ცნობის მოცემას, მაგრამ ამ დრომდე არაფერი. რომ დავკრიფო და სახლში გამიფუჭდეს, რა აზრი აქვს”, – ამბობს მიხეილ ნინოშვილი. 

 

შარშანდელისგან განსხვავებით, დღეს, კახეთში მხოლოდ რამდენიმე ქარხანა იბარებს ყურძენს, ისიც შეზღუდული პირობებით. მაგალითად, გურჯაანის ღვინის ქარხანაში 16 სექტემბერს, მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ “საფერავს” იბარებდნენ. ყურძნის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა კი იმდენად დიდი იყო, ქარხნამდე მისასვლელი გზა ჩაიხერგა.





 


სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსულ მევენახეებს რიგში დგომა რამდენიმე საათი უწევდათ. ყურძნის მსურველი ღვინის კომპანიების სწორედ ამ შეზღუდული რაოდენობის გამო ჩასაბარებლად საჭირო ცნობებს ჯერ ყველგან არ გასცემენ.

 

ამასთან, ადგილობრივები უკვე შეეგუვნენ, რომ იმაზე სამჯერ დაბალ ფასად ჩააბარებენ ყურძენს, ვიდრე დაპირება იყო. 

 

შარშან 1 კგ. საფერავში თუ 2.50 ლარი გადაუხადეს მევენახეებს, დღეს ეს ფასი 85 თეთრს არ აღემატება. შარშანდელი 1 ლარის ნაცვლად კი 1 კგ. რქაწითელში დღეს 70 თეთრს პირდებიან. აქედან სახელმწიფოს სუბსიდია, როგორც შარშან – 35 თეთრია. დანარჩენი თავად ქარხნებმა უნდა გადაიხადონ. 

 

“ბიძინა ივანიშვილმა თავის დაპირებებში თქვა, რომ 1 კგ. ყურძენი 1 ლარზე ნაკლები როგორ უნდა ღირდესო, დაგვამშვიდა გლეხები. მერე მართლაც კარგ ფასად ჩაგვაბარებინეს ყურძენი. ვიფიქრეთ, გვეშველა და ეგაა. ბანკებიდან დოლარში კრედიტები გამოვიტანეთ და დიდი ვენახების გაშენება დავიწყეთ. საბოლოოდ, გამოდის, წელს არათუ ბანკის ვალს, ყურძნის მოყვანის თვითღირებულებასაც ვერ ამოვიღებთ და მთელი წელი მშვირები ვიქნებით. მაგალითად, მე ჩემი შრომის გარდა 1 კგ. დაახლოებით 50 თეთრი მიჯდება. მოგეხსენებათ, წელს ვაზის შესაწამლი ნივთიერებების ფასიც ბევრად გაიზარდა. გარდა ამისა, მარტო ხომ ვერ დაკრეფ ყურძენს, ვიღაც უნდა დაიხმარო, გადაუხადო”, – ამბობს ნანობაშვილი.

 

მევენახეთა ნაწილი ფიქრობს, რომ დაპირების შემდეგ გლეხებმა ჭარბი რაოდენობით მოიყვანეს ყურძენი, რომელიც დღეს აღარავის სჭირდება. 

 

“ბევრმა მსხვილმა ბიზნესმენმაც გააშენა ვაზი და შესაძლოა გარიგებაცაა, რომ ჯერ მათი შეიტანონ. მერე იტყვიან, კი ბატონო, მოიტანეთ, მაგრამ აღარ გვაქვს ადგილიო.  წელს არჩევნები აღარ არის და არაფერში ვჭირდებით. გაისად მაინც ხომ იქნება და ამას არ დავუვიწყებთ ამათ. კიდევ ბედავენ და ამბობენ, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ხართო. არავისი მხარდამჭერებიც არ ვართ, თუმცა თავის დროზე ოცნებას მივეცით ხმა”, – ამბობს ნანობაშვილი. 

 

“შარშან ამდენივე “საფერავში” 2500 ლარამდე ავიღე, დღეს ამ ფასებით ალბათ 850 ლარს მომცემენ”, – ამბობს ნანი სეფიაშვილი სოფელ ბაკურციხიდან.

 

გარდა ამისა, შარშან თუ ქარხნები 5 დღის ვადაში უხდინენ ყურძნის საფასურს გლეხს, დღეს პირდებიან, რომ ფულს 20 დღეში გაუნაღდებენ. 

 

“ჯერ ისედაც რას გვაძლევენ და მეერე, ამ დოლარის კურსის შემხვედვარე, რამდენი აღმოჩნდება ჩვენი ფული, ვინ იცის”. 

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური, 17 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 11,5 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 3 500 ტონამდე რქაწითელი, 4 200 ტონამდე საფერავი, 610 ტონამდე კახური მწვანე და 3 300 ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. 

 

“განვლილი დღე-ღამის განმავლობაში, გადამუშავდა რთველის დაწყებიდან ყველაზე დიდი რაოდენობა – 2,2 ათას ტონამდე ყურძენი. რთველი შეფერხების გარეშე კახეთის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს. რთველში მოგვიანებით ჩაერთვება საგარეჯოს რაიონიც. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 31 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 11 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. ყურძნის გადასამუშავებლად მზადყოფნის მიზნით, ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დერეგისტრირებულია 94 ღვინის კომპანია”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 


მასალების გადაბეჭდვის წესი