მეჰმედ ფაშა, რომლის ქართული სახელი უცნობია, ახალგაზრდობისას დაუტყვევებიათ და სტამბოლში ტყვედ გაუყიდიათ. მეჰმედი ოსმალეთის იმპერიის დიდ ვეზირს კოჯა სინან-ფაშას უყიდია. ბიჭისთვის სახელი შეუცვლია და სულთნის სასახლეში მიუყვანია. მეჰმედს კარგი განათლება მისცეს, თავისი ნიჭის წყალობით კი მალე დაწინაურდა.
კარიერის მანძილზე მეჰმედ ფაშა იყო ეგვიპტის ვალი (მმართველი), ბელგრადის ციხისთავი, ბოსნიის ვალი, ოსმალეთის მესამე ვეზირი, შემდეგ დიდი ვეზირის მოვალეობის შემსრულებელი, 1622 წელს კი მეჰმედ ფაშა, როგორც საქმის კარგი მცოდნე და უნარიანი ორგანიზატორი ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი გახდა.
მეჰმედ ფაშა იმპერიის 78-ე დიდი ვეზირი იყო. მან ამ თანამდებობაზე 4 თვე და 14 დღე დაჰყო. იგი 70 წელზე მეტხანს, 9 სულთნის მმართველობის პერიოდში ერთგულად ემსახურებოდა ოსმალეთს, 90 წლის ასაკში კი მოკლეს.
„ოსმალეთის ისტორიის ყველაზე კრიზისულ ეპოქაში, დიდვეზირის პოსტზე იქნებოდა თუ პროვინციის მმართველის პოზიციაზე, საზოგადოებას იგი ყოველთვის მიაჩნდა ჭკვიან და წინდახედულ მოღვაწედ. დიდვეზირის მოვალეობის შესრულებისას მან შეასწორა მონეტის ყალიბი, რითაც გამოასწორა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა”, – წერს მის შესახებ ისტორიკოსი მურატ კასაბი წიგნში „ოსმალეთის ქართველობა“.
გურჯი მეჰმედ ფაშას სახელითაა ცნობილი კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის 99-ე დიდვეზირი გახდა სულთან მეჰმედ IV-ის დროს. გურჯი მეჰმედ ფაშას გზა დიდვეზირობამდე საკმაოდ გრძელი იყო. ეს თანამდებობა მან 100 წლის ასაკში, 1651 წელს მიიღო. როგორც კი დიდვეზირი გახდა, ყველა შესაძლო მეტოქე სტამბულიდან გადაასახლა. კრიტიკოსებისგან თავის დასაცავად კი აცხადებდა, რომ მას წვერი სახელმწიფო სამსახურში გაუთეთრდა. დიდვეზირობის დროს სტამბულიდან ბევრი მოქალაქის გადასახლების გამო მას ზედმეტსახელად „ჰაბუს სელათინი“ უწოდეს. მას ეს თანამდებობა რვა თვის განმავლობაში ეკავა. ის 1652 წელს თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ცოტახანს ციხეშიც ჩასვეს, მოგვიანებით კი სტამბულიდან მოშორებით მიზნით ოჰრიდის ვალის თანამდებობაზე დანიშნეს.
ხალხისგან განსხვავებით სულთანთან დაახლოებული პირები დიდ ვეზირს კეთილად იხსენიებდნენ. როგორც მურატ კასაბი წერს, „მეჰმედ ფაშა მათ მაღალ ხელფასებს ურიგებდა, ახალ თანამდებობებს უქმნიდა და ფლანგვისგანაც არ იკავებდა თავს.”
დიდი ვეზირი არ ყოფილა, მაგრამ დიდი წვლილი შეიტანა ოსმალეთის იმპერიის გაძლიერებაში კაცმა, რომელსაც პატარა ჰუსეინ ფაშა ერქვა. 11 წლის ასაკში ტყვედ გაყიდული ქართველი ბიჭი, თავის დასთან ერთად სტამბულში ჩაიყვანეს და სულთან მუსტაფა III-ეს აჩუქეს. მწერალი რამაზ სურმანიძე ჰუსეინ ფაშას ისტორიას ასე აღწერს:
„ჰუსეინი სულთნის შვილის, სელიმის თანატოლი იყო. ბიჭები დამეგობრდნენ და ძმადნაფიცები გახდნენ. ერთხელ მტრებმა გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ სელიმს და თავიდან მოეშორებინათ მომავალი კანონიერი სულთანი. ეს განზრახვა სრულიად შემთხვევით გაიგო ჰუსეინის დამ და ძმას შეატყობინა. ჰუსეინის სიმამაცითა და მოხერხებით სელიმი სიკვდილს გადაურჩა. ამ ამბავმა ჰუსეინი კიდევ უფრო დაახლოვა სულთნის კარს და თვით ტახტის მემკვიდრეს. 1789 წელს, როდესაც სელიმი სულთანი გახდა, ჰუსეინი მთავარ მცველად დანიშნა, სამი წლის შემდეგ კი ოსმალეთის მიმდებარე ყველა ზღვის კაპიტნად დააწინაურეს. 1792 წელს ჰუსეინმა ცოლად შეირთო სულთან აბდულ-ჰამიდ პირველის ქალიშვილი, 36 წლის ესმა და იგი სასახლის სიძე გახდა“.
პატარა ტანის გამო მას პატარა ჰუსეინ ფაშად მოიხსენიებდნენ. იგი გამორჩეული, პატიოსანი და ჭკვიანი ადამიანი იყო. მისი კაპიტნობის დროს განხორციელდა ოსმალეთის ფლოტის რეფორმა, აშენდა ოცამდე ახალი გემი, წყალსაცავები და პორტები. პატარა ჰუსეინ ფაშას სამხედრო ნიჭს მიაწერენ ეგვიპტიდან ნაპოლეონის გაძევებას. ეგვიპტეში ლაშქრობის დროს პატარა ჰუსეინ ფაშას თან ახლდა ხუსრევ ფაშა, იგივე ხოსრო-ფაშა ერისთავ-ჩხეიძე, რომელიც შემდეგ ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი გახდა. ეგვიპტეში ფრანგების დამარცხების მიუხედავად ჰუსეინ ფაშამ საფრანგეთთან კარგი ურთიერთობა დაამყარა. ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა ხუსრევ ფაშასაც. ჰუსეინ ფაშამ ეგვიპტეში გვარდიის უფროსად სწორედ ხუსრევ ფაშა დანიშნა და თავად სტამბულში დაბრუნდა. სადაც 1803 წელს გარდაიცვალა კიდეც.
ოსმალეთის იმპერიის ქართველ დიდვეზირებს შორის გამორჩეულია ხუსრევ მეჰმედ ფაშა. რაჭის ერისთავების შთამომავალი ოსმალეთის იმპერიის დიდვეზირი სულთან აბდულმეჯიდის დროს გახდა. ორი ვერსია არსებობს თუ როგორ მოხვდა იგი ოსმალეთის იმპერიაში. ერთი ვერსიით თავად წავიდა, მეორე ვერსიით კი ის ტყვედ გაყიდეს. თუ წყაროებში დაცულ ინფორმაციებს დავეყრდნობით, ეს უკანასკნელი ვერსია უფრო სარწმუნოა.
როგორც მემატიანე აბდარ რაჰმან-ჯაბარტის მიერ ფრანგულ ენაზე 1838 წელს შედგენილი დღიურიდან ირკვევა, ხოსრო ფაშა საქართველოში დაბადებულა. ჩანაწერების მიხედვით, „ხოსრო ფაშა ჯერ მონა იყო ხონთქარ აბდულ-ჰამიდისა, შემდეგ კი მისი პაჟი. აღიზარდა სერალში (სულთნის რეზიდენციაში) სახელგანთქმულ ჰუსეინ-ფაშასთან, რომელიც ასევე ქართველი იყო. ისინი ერთად იზრდებოდნენ, შემდეგ ხუსრევი ჰუსეინის ხაზინადარი გახდა“.
მწერალმა რამაზ სურმანიძემ ხუსრევ მეჰმედ ფაშას ფესვები გამოიკვლია. მისი თქმით, ხუსრევ მეჰმედ ფაშა იგივე ხოსრო ერისთავ-ჩხეიძეა, რაჭის ერისთავების შთამომავალი. ხუსრევ მეჰმედ ფაშა სულთან მაჰმუდ მეორეს დროს ადმირალი იყო, დიდი ვეზირის წოდება კი აბდულ-მეჯიდის დროს მიიღო.
როცა 1801 წელს პატარა ჰუსეინ ფაშასთან ერთად ეგვიპტის ლაშქრობაში ჩაება, მისი გავლენა სულთნის კარზე არ იყო ძლიერი. ომის დამთავრების შემდეგ ეგვიპტეში დარჩა და ალექსანდრიის გვარდიის ნაწილის უფროსად დანიშნეს, საიდანაც გუბერნატორის თანამდებობაზე გადაიყვანეს იზმითში. იმავე წელს ვეზირის წოდება მიიღო და ეგვიპტისა და სალონიკის მმართველი გახდა. ხუსრევ ფაშას აღმასვლა 1811 წელს ადმირალობით გაგრძელდა. თავისი კარიერის მანძილზე ამ თანამდებობას რამდენჯერმე გამოემშვიდობა და თავიდან დაუბრუნდა. ის იყო სულთან მაჰმუდ მეორის უერთგულესი კადრი.
დიდი წვლილი შეიტანა იანიჩართა (მე-16-19 საუკუნეში თურქეთის ელიტური ქვეითთა არმია) კორპუსის გაუქმებაში. გადმოცემის თანახმად 1826 წელს, მას შემდეგ, რაც მაჰმუდ მეორისგან ბრძანება მიიღო, ადმირალმა ხუსრევ მეჰმედ ფაშამ გემზე მყოფი იანიჩრები პირდაპირ შუა ზღვაში გადაყარა. რიგით სამხედრო მეზღვაურებს კი ტუნისიდან წამოღებული ფესები (ერთგვარი ქუდი) დაახურა. სულთანს ძალიან მოეწონა სამხედროების ახალი ფორმა და ძველი იანიჩრების ფორმა აკრძალა.
ხუსრევ მეჰმედ ფაშა ქველმოქმედებით გამოირჩეოდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ოსმალეთის იმპერიაში. მან პირველი სამხედრო სკოლა გახსნა ტაქსიმზე. მის მთავარ დამსახურებად კი სტამბულში, ეიუპ-სულთნის უბანში გახსნილ ბიბლიოთეკას ასახელებენ. ფაშამ ბიბლიოთეკას 1015 წიგნი შესწირა.
ხუსრევ მეჰმედ ფაშას სულთნის შემდეგ იმ დროის ყველაზე ძლევამოსილ პოლიტიკოსად მიიჩნევენ.
„მიუხედავად მოხუცებულობისა, ახალგაზრდული ენერგიითა და მოქნილობით გამოირჩეოდა. იყო დაბალი. ჰქონდა რძესავით თეთრი წვერი, წითელი სახე, მსხვილი ნისკარტივით ცხვირი, პატარა თვალები და დიდი თავი. 35 წელი მაღალ პოსტებზე სამსახური ადასტურებს მის პოლიტიკურ მოხერხებულობას. მან პირველად მისცა რეკომენდაცია სულთანს, შეექმნა ევროპულად გაწვრთნილი სამხედრო შენაერთი,“ – წერს ისტორიკოსი მურატ კასაბი დიდი ვეზირის შესახებ.
ხუსრევ მეჰმედ ფაშას არასდროს დაუვიწყებია თავისი წარმომავლობა. თავისი ცხოვრების მანძილზე მას არაერთი ტყვედ გაყიდული ქართველი ახალგაზრდა გამოუხსნია და მათთვის განათლება მიუცია.
მწერალი რამაზ სურმანიძე იხსენებს ვასპი (ვასიფ) მეჰმედ ფაშა გუჯაბიძის ისტორიას.
„მეჰმედ ფაშა წარმოშობით გურიის სოფელ ჩოჩხათიდანაა. დაბადებული 1800-1805 წლების ახლო ხანებში. 1819-1820 წლებში გურიაში ანტირუსული გამოსვლების დროს, 15-20 წლის ასაკში მყოფი ჭაბუკი ოსმალებს მიჰყიდეს. ეს გააკეთა გურულმა თავადმა მაჭუტაძემ. ბიჭში აღებული ფულით კი იარაღი იყიდა, რომ რუსებს შებრძოლებოდა. ოსმალეთში ტყვედ ჩაყვანილი გუჯაბიძე დიდვეზირმა ხოსრო-მეჰმედ ფაშამ გამოისყიდა, აღზარდა და ხელი შეუწყო, რომ მაღალი თანამდებობები დაეკავებინა. ვასიფმა შეძლო სამხედრო სასწავლებლის დასრულება, მონაწილეობდა ბოსფორის რაიონში და ყარსის ბრძოლებში, მალე გახდა გენერალი, ხოლო შემდეგ ოსმალეთის მუშირი (მარშალი). ვასიფ-მეჰმედ-ფაშა გუჯაბიძე 1856 წელს გარდაიცვალა”.
რამაზ სურმანიძის ინფორმაციით, კიდევ ერთი გამოჩენილი ქართველი, რომელმაც ტყვედ გაყიდვის შემდეგ ოსმალეთის იმპერიაში წარმატებას მიაღწია, ჰალილ-რიფათ ფაშაა. ჰალილ-რიფათ ფაშა ტყვედ გაყიდეს და სტამბულში ჩაიყვანეს. ის მოხუც სერასკირს ხოსრო ფაშას მიჰყიდეს. სწორედ ხოსროს დახმარებითა და მფარველობით მიაღწია წარმატებას ჰალილმა.
„მისი ქართული გვარ-სახელი სამწუხაროდ უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ მან ოსმალეთში ცოლად შეირთო დედით ქართველი სულთნის, მაჰმუდ II-ის და მისი ქართველი მეუღლის ფატიმა ქუთათელაძის (ბეზმიალემ-ვალიდე სულთანი) ქალიშვილი. ჰალილ-ფაშა, სანამ სულთნის სიძე გახდებოდა, სულთნის კარზე დიდი პატივით სარგებლობდა. მას ევროპის ჯართა სერასკირის უმაღლესი სამხედრო წოდება ჰქონდა“.
როგორ ხდებოდნენ ტყვედ გაყიდული ქართველები ოსმალეთის სულთნების კარზე წარჩინებული დიდებულები? – ამ კითხვაზე მწერალი რამაზ სურმანიძე შემდეგნაირად პასუხობს:
„ოსმალეთში ადრე სხვა კანონები მოქმედებდა. მონა ომში ან მშვიდობიანობის დროს თავს თუ გამოიჩენდა, მას სამხედრო ჩინს ნახტომისებურად აძლევდნენ. თუ კვლავ განაგრძობდა წარმატებას, შესაძლოა სარდლის ან ვეზირის დონემდე ამაღლებულიყო. რაც მთავარია, ძველ ოსმალეთში დაწინაურების დროს ეროვნების მოტივით არავითარი შეზღუდვა არ არსებობდა. მთავარი იყო, მუსულმანური რწმენა, თანდაყოლილი ნიჭი და განსწავლულობა. სწორედ ამ თვისებებით დაწინაურდნენ ხოსრო ფაშა, მისი ქართველი მეგობრები და აღზრდილები“.