საზოგადოება

TI საქართველო: გამოკითხულთა 63% აზარტული თამაშების აკრძალვის მომხრეა

30 ივლისი, 2015 • • 3843
TI საქართველო: გამოკითხულთა 63% აზარტული თამაშების აკრძალვის მომხრეა

მოსახლეობის 92% უარყოფითადაა განწყობილი აზარტული თამაშების მიმართ, 63%-ს მიაჩნია, რომ უნდა აიკრძალოს, 29%-ის აზრით კი ნაწილობრივ უნდა შეიზღუდოს.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულები კვლევა
”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულები კვლევა

 

კვლევაში ყურადღება ეთმობა არასრულწლოვანთა ჩართულობის პრობლემასა და მასთან ბრძოლის არასრულფასოვან მეთოდებს. ქართული კანონმდებლობით არასრულწლოვნებს ეკრძალებათ ფულზე აზარტული თამაში და ონლაინ გვერდები რეგისტრაციისათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებას მოითხოვს, მაგრამ საიტებზე რეგისტაციისათვის მითითებული მონაცემები არ მოწმდება და ნემისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა გახდეს მომხმარებელი.

 

”თუ თქვენ აზარტული თამაშების რომელიმე ქართულ ვებგვერდზე მიუთითებთ ნემისმიერ 11 ციფრს პირადი ნომრის გრაფაში, მონაცმები არ გადამოწმდება და დარეგისტრირებას შეძლებთ,”- ამბობს ლევან ნატროშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელი.

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლიდან, აზარტული თამაშების ობიექტები წელიწადში ერთხელ მოწმდება. ყველაზე მეტი დარღვევა ტოტალიზატორებსა და სათამაშო სალონებში ფიქსირდება. 2015 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტში აზარტული თამაშების სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო ჯარიმა, ჯამში, 243 000 ლარია გადახდილი.

 

არ ხდება ფინანსური ტრანზაქციების მონიტორინგი და კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ აზარტული თამაშების ბიზნესის ზრდასთან ერთად მოსალოდნელია ფულის გათეთრების მცდელობაც. 2010 წლიდან დღემდე, არ დაწყებულა ფულის გათეთრების მცდელობის შემთხვევებზე გამოძიება.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულები კვლევა
”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულები კვლევა

კვლევის მიხედვით, აზარტული თამაშების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სფეროა და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან კონტრიბუტორს წარმოადგენს.

 

სათამაშო ბიზნესი ბევრი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის შემოსავლის წყაროა. 2014 წელს საქართველოს  6 დიდი ქალაქის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, რუსთავი) და ყაზბეგის მუნიციპალიტეტისათვის სათამაშო ბიზნესიდან მიღებული თანხა, საერთო ბიუჯეტის, საშუალოდ 24%-ს უდრის.

 

2014 წლის მონაცემებით, აზარტული თამაშების ბრუნვამ 658 მილიონი ლარი შეადგინა. ამ ბიზნესში ჩართული კომპანიების მიერ სახელმწიფოს ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა და მოსაკრებელმა 177.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც საერთო შემოსავლების 2,3%-ია.

 

”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აზარტული თამაშების მიმართ კვლავ ლიბერალური პოლიტიკის გატარების მომხრეა, რადგან ამ სახის ბიზნესის განვითარება ტურიზმის განვითარებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

 

”საჭიროა, რომ გამკაცრდეს კონტროლი ონლაინ სივრცეში და სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს მკაფიო პოლიტიკა. საინტერესოა, რომ საზოგადოებაში არსებული აზრის მიუხედავად, რომ აზარტული თამაშების გამო ბევრ ადამიანს პრობლემა ექმნება, ჩვენი გამოკითხულებიდან მხოლოდ 2% ადასტურებს ამ ფაქტს. არაგონივრულია ამ ბიზნესზე რაიმე სერიოზული შეზღუდვის დაწესება, რასაც ბევრი ადამიანი ითხოვს,”- ამბობს ლევან ნატროშვილი.

 

ორგანიზაციის განცხადებით, ონლაინ თამაშების ვებვერდებზე რეგისტრაციის დახვეწა და არასრულსწლოვანთა ჩართულობის კონტროლი ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. პრობლემის მოსაგვარებლად უნდა არსებობდეს პირის იდენტიფიკაციის სრულფასოვანი მეთოდები.

კვლევა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა, გარდა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა. შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა 1867 სრულწლოვანი მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი