საზოგადოება

პედაგოგთა საგნობრივი გამოცდები ახალი სქემისთვის

18 ივლისი, 2015 •
პედაგოგთა საგნობრივი გამოცდები ახალი სქემისთვის

15 ივლისიდან მასწავლებლები, რომელთაც აქამდე სერტიფიკატი თავიან საგანში არ ჰქონდათ, გამოცდებს აბარებენ.

 

ახალი სქემის მიხედვით, რომელიც სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს, პედაგოგები, ვისაც საგნობრივი გამოცდის სერიტიფიკატი არ გააჩნიათ, პირველ საფეხურზე – პრაქტიკოსი მასწავლებლის საფეხურზე არიან. შესაბამისად, უფრო მაღალ – უფროსი მასწავლებლის კატეგორიაში მოსახვედრად ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სწორედ საგნობრივი გამოცდის წარმატებით ჩაბარებაა –  ამისთვის მათ დამატებით კრედიტები მიენიჭებათ და კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარებათ, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის კატეგორიიდან კატეგორიაში გადასასვლელად.

 

მასწავლებელს, რომელსაც 2014 წლამდე მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი, ახალ სქემაში უკვე უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება, თუმცა, ამასთან, მან უნდა დაძლიოს გარე დაკვირვებაც და შეიმუშაოს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმა.

 

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, მანანა რატიანი ნეტგაზეთთან აცხადებს, თავად სქემაში ჩართვაზე არსებული საგნობრივი გამოცდის ჩაბარების საკითხი არ იმოქმედებს.

 

“თუკი მასწავლებელი მოქმედია, უკვე მუშაობს, განაწილდება შესაბამის საფეხურზე იმის მიხედვით, არის თუ არა სერტიფიცირებული”, – აცხადებს მანანა რატიანი.

 

მისი განმარტებით, საგნობრივი გამოცდა სქემაში უკეთესი სტატუსის მოპოვებაში შეიძლება დახმარებოდა იმ მასწავლებლებს, რომლებსაც უკვე ჩაბარებული აქვთ პროფესიული უნარების გამოცდა წარმატებით და დარჩენილი ჰქონდათ მხოლოდ საგნობრივი გამოცდა.

 

“რაც შეეხება დარნარჩენ პედაგოგებს, რომელთაც სქემის მიხედვით, პრაქტიკოს მასწავლებლებად გადანაწილდებიან, მათ სამი წელი აქვთ იმისთვის, რომ საგნობრივი კომპეტენცია გამოცდით დაადასტურონ ”.

 

საგნობრივ გამოცდებზე, რომელიც 15 ივლისს დაიწყო, დარეგისტრირებულ მასწავლებელთა საშუალოდ 30-35% არ მივიდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი, გამოცდებში ჩართულ სპეციალისტების განმარტებით, შესაძლოა, ზაფხულის შვებულება იყოს.

 

“თუმცა, თუ აქამდე ერთხელ ტარდებოდა გამოცდა, ახლა წელიწადში ორჯერ, ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების პერიოდში ჩატარდება. ამგვარად, მასწავლებლებს ექვსჯერადი შესაძლებლობა აქვთ გამოცდებზე გასვლის”, – ამბობს რატიანი.

 

სექტემბერში, სასწავლო წლის დაწყებისთვის პედაგოგები უკვე გადანაწილებული იქნებიან მასწავლებლების სქემაში იმ საბუთების მიხედვით, რომლებიც მათ ელექტრონულ სისტემაში ატვირთეს.

 

რაც შეეხება პროფესიულ უნარების გამოცდა, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე ამბობს, ახალი სქემით გათვალისწინებული არ არის.

 

“თუმცა, ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა იყო”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ივა მინდაძე.

 

წელს საგნობრივ გამოცდებზე 17 ათასზე მეტი პედაგოგი იყო რეგისტრირებული.

 

იმისთვის, რომ საგნობრივი გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვალოს, პედაგოგმა 60%-ზე მეტი უნდა გადალახოს.

 

“ეს საკამოდ მაღალი თამასაა”, – ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.

მასალების გადაბეჭდვის წესი