საზოგადოება

კონფლიქტის ზონაში შიშობენ, რომ ჟურნალისტების ქმედებამ შესაძლოა მათ პრობლემები შეუქმნას

15 ივლისი, 2015 • 1534
კონფლიქტის ზონაში შიშობენ, რომ ჟურნალისტების ქმედებამ შესაძლოა მათ პრობლემები შეუქმნას

ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან ახლოს მწყემსებს პირუტყვი საბალახოდ ჰყავდათ გამოყვანილი. ადგილობრივები შიშობენ, რომ ჟურნალისტების ქმედებამ შესაძლოა ისინი საფრთხეში ჩააგდოს. სოფელ წითელუბნის მკვიდრი, ვალოდია მახარაძე ამბობს, რომ მედიის წარმომადგენლებს თბილისში ძებნას არავინ დაუწყებს, თუმცა შეიძლება ადგილობრივი მწყემსები ხვალ და ზეგ რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიტაცონ.

 

მახარაძის თქმით, ჟურნალისტების საპროტესტო აქციამდე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მან და ანდრო ბარნოვმა მოარყიეს, თუმცა არ ამოუღიათ. მისი თქმით, ამის შემდეგ შესაძლოა რუსმა სამხედროებმა ბანერი კიდევ უფრო შორს დაამაგრონ.

როგორც ვალოდია მახარაძე აცხადებს, ბოლოს ადგილობრივების გატაცების შემთხვევა შემოდგომაზე დაფიქსირდა, როდესაც ორი მისი თანასოფლელი გაიტაცეს და გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მახარაძის თქმით, რუსი სამხედროები დაახლოებით 2000 რუბლს ითხოვენ გათავისუფლებაში და ამ თანხის გადახდაში ადგილობრივებს საქართველოს ხელისუფლება ეხმარება.

სოფელ წითელუბნის კიდევ ერთი მკვიდრი, მალხაზ ცეცხლაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტებს ვერ აუკრძალავდა ბანერის მოხსნას, თუმცა მათი ქმედების შედეგად რუსი სამხედროებიგან ახალი საფრთხეებია მოსალოდნელი.

“სიმართლე რომ გითხრათ, მე ვეტყოდი ჟურნალისტებს, რომ ახლა უფრო მობილიზდებიან რუსი სამხედროები და პროვოკაციებს ჩვენ მოგვიწყობენ,” – ამბობს მალხაზ ცეცხლაძე.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ინტერესები შესაძლოა ნავთობსადენის მათ კონტროლირებად ტერიტორიაში მოქცევაც შედიოდეს. სოფელ წითელუბნის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მოსავლისა და თივის გამოტანა ამ სეზონზე მოასწრეს, თუმცა მათთვის ახლა უკვე გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა ამის შემდეგ სახნავ-სათესი მიწების გამოყენებას. ისინი რუსი სამხედროების მხრიდან ადგილობრივების გატაცების ფაქტებზე საუბრობენ.

“ახლა ვერიდებით და იქით აღარ გადავდივართ. კი გადავდივართ ხანდახან – ძროხა რომ გაიქცევა, ღობე არ არის და ხომ უნდა გადმორეკო? ნახირზე მეტად რუს სამხედროებს ვყარაულობთ, რომ არსაიდან მოგვეპარონ. იციან ბუჩქებში ჩაჯდომა. შეიძლება ახლა თქვენ წახვიდეთ აქედან და ხვალ რომ აქ ნახირი გამოვიყვანო, შეიძლება მე წამიყვანონ. რითი ვარ დაზღვეული? თუ გაგიტაცებენ, სასამართლო ტარდება იქ. მოგისჯიან 2000 რუბლს, გადაიხდი და გამოგიშვებენ. საზღვარამდე მოგიყვანენ და იქიდან ჩვენი მთავრობა წამოგიყვანს,” – ამბობს ვალოდია მახარაძე.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები სამი მიკროავტობუსით უკან, თბილისისკენ დაიძრნენ, ახალ საოკუპაციო  საზღვართან თავისუფალმა დემოკრატებმაც გამართეს საპროტესტო აქცია. პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ და მათმა ლიდერებმა “მცოცავი ოკუპაცია” გააპროტესტეს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის, მაია ფანჯიკიძის თქმით, საზღვრის გადმოწევა არის თავხედური და ცინიზმით აღსავსე ნაბიჯი. მისი თქმით, ამის გამო საჭიროა ძალიან მკაცრი და მძაფრი საერთაშორისო რეაქცია.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს პროტესტის გამოხატვის თავისი ფორმა და თუკი ჟურნალისტებისთვის ბანერის ამოღება არის მისაღები, ეს მათი უფლებაა. მისთვის ძალიან რთული სათქმელია, თუ ვინ უნდა ამოიღოს პირველ რიგში  ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი.

“ამ ბანერზე მანამდე იყო გაკრული ასევე პლაკატები და იყო წარწერები გაკეთებული. ვიღაცამ ამოგლეჯვა გადაწყვიტა და ეს ჟურნალისტებმა გააკეთეს. ყველას აქვს პროტესტის  თავისი გამოხატულების ფორმა. ეს იყო მათი უფლება და გააკეთეს – გამოხატეს პროტესტი, როგორც უნდოდათ. ჩვენც პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმა გვაქვს: მოვიტანეთ ტრანსპარატები, ჩვენ გვინდა, რომ ხალხს შევხვდეთ, ვესაუბროთ და მათ დავუდასტუროთ ჩვენი თანადგომა,” – აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.

მედიის წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის ამოღებამდე. 14.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
მედიის წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის ამოღებამდე. 14.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ჟურნალისტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ჩამოხსნეს და ხევში გადააგდეს.14.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
ჟურნალისტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ჩამოხსნეს და ხევში გადააგდეს.14.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მედიის წარმომადგენლების ფოტოსესია ბანერის ამოგლეჯვის შემდეგ. 14.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
მედიის წარმომადგენლების ფოტოსესია ბანერის ამოგლეჯვის შემდეგ. 14.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სოფელ წითელუბნისა და ხურვალეთს მაცხოვრებლები. 14.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
სოფელ წითელუბნისა და ხურვალეთს მაცხოვრებლები. 14.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სოფელ წითელუბნის მკვიდრი, ვალოდია მახარაძე. 14.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
სოფელ წითელუბნის მკვიდრი, ვალოდია მახარაძე. 14.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი