საზოგადოება

ჯეოსელმა დისკრიმინაციული პოსტი ფეისბუკიდან წაშალა

9 ივლისი, 2015 •
ჯეოსელმა დისკრიმინაციული პოსტი ფეისბუკიდან წაშალა

კომპანიის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელ Facebook-ში გაავრცელა ფოტო, რომელიც დღის რჩევას ერთვოდა თან. პოსტით ჯეოსელი მომხმარებლებს ურჩევდა, რომ ყურადღებით შეერჩიათ თანამგზავრი თვითმფრინავში.

 

”ყოველთვის მოერიდეთ ბავშვებს, მეგობრების ჯგუფს, რომლებიც მთელ გზას საუბარში გაატარებენ და ქალებს (სტატისტიკურად, კაცები ბევრად იშვიათად სარგებლობენ ტუალეტით ფრენის დროს, ვიდრე ქალები),”- ეს იყო მინაწერი ფოტოზე, რომელიც ჯეოსელმა გამოაქვეყნა.

 

პოსტმა ფეისბუქის მომხმარებლის ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. კომპანიას სექსისტური განცხადების გაკეთებასა და ბავშების დისკრიმინაციაში სდებდნენ ბრალს. ნეტგაზეთი დაუკავშირდა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, თაკო როდონაიას და მოგვიანებით პოსტი ჯეოსელის ფეისბუკის გვერდიდან გაქრა. 

 

”საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით ჯეოსელმა გადაწყვიტა სახალისო  სამოგზაურო რჩევების შეგროვება. ეს არის სპეციალური საიტი, სადაც არის თავმოყრილი მსგავსი ”რჩევები” მოგზაურებისათვის.  რადგან აღნიშნული პოსტი საზოგადოების ნაწილმა მიიღო როგორც დისკრიმინაციული გზავნილი, გადავწყვიტეთ ამოგვეღო ჩვენი ფეისბუქის გვერდიდან. ჯეოსელი არის კომპანია,  რომელიც გმობს ყველა სახის, მათ შორის, გენდერულ დისკრიმინაციას,”- აცხადებს თაკო როდონაია.

 

დისკრიმინაციული პოსტი გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ორშაბათს, ჯეოსელმა გენდერული თანასწორობის დაჯილდოებაზე აღიარება მოიპოვა ქალთა გაძლიერების პროგრამისთვის. კომპანიის ახალი პროგრამის “ყველა ჩართულია” (All In) ერთ-ერთი მიზანი არის ქალთა გაძლიერება, რაც გამოიხატება იმაში, რომ “ჯეოსელი” მზადაა დაასაქმოს მეტი ქალი თავის ტექნიკურ განყოფილებაში.

 

ფოტო ჯეოსელის ოფიციალური ფეისბუკ გვერდიდან
ფოტო ჯეოსელის ოფიციალური ფეისბუკ გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი