ორგანიზატორთა მიზანი იაპონიით დაინტერესებული პირებისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაა.
“გვინდა დაინტერესებულ საზოგადოებას გავუზიაროთ ამ ქვეყნის ისეთი დეტალები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ეკრანებს მიღმა რჩება,”- ამბობს “ჯაპანორამას” ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო ჭანტურია.
კურსის ფარგლებში მსურველები გაეცნობიან იაპონიას და მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ცუნამი, მიწისძვრა – იაპონიაში ცხოვრების გამოცდილება; ყველაფერი სუმოს შესახებ, შეჯიბრის წესები, ტრადიცია; ბონსაის ხელოვნება – გაზრდა/მოვლა/ისტორია და თანამედროვე იაპონური კინომატოგრაფია, ტრადიციული/თანამედროვე მუსიკა და ტელევიზია. ერთ-ერთ ლექციას ქართველი სუმოისტი – ლევან ცაგურია (კოკაი) გაუძღვება.
პროგრამის ღირებულება შეადგენს 20 ლარს და კურსის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის სერტიფიკატი.
“ჯაპანორამა 2”-ის ჩატარება წინამორბედის წარმატებული ღონისძიებებიდან გამომდინარე გადაწყდა.
“პირველ 4 ლექციაზე დასწრება თავისუფალი იყო. საშუალოდ ყოველდღე ლექციებს 110-120 ადამიანი ესწრებოდა. ყველაზე დიდი ინტერესი იაპონური ანიმე/პოპ-კულტურას ლექციამ გამოიწვია. სერტიფიკატი 50 მონაწილეს გადაეცა, თუმცა გაირკვა, რომ მსურველთა დიდმა ნაწილმა ვერ მოახერხა დასწრება სამუშაო საათების გამო. სწორედ ამიტომ, „ჯაპანორამა 2 – იაპონიის პანორამული ხედვა“ ხელმეორედ ჩატარდება,”- ამბობს ნინო ჭანტურია.
“ჯაპანორამის” პირველ ლექციებზე განიხილეს იაპონური ოჯახის სტრუქტურა, ქალის როლი საზოგადოებაში, ბავშვის აღზრდის უნიკალური მეთოდიკა, იაპონური სილამაზის სტანდარტები, პოპ-კულტურა ანიმე და მანგის ისტორია, სტერეოტიპები და სხვა თემები.
“1 წელია, რაც იაპონიის კულტურით დავინტერესდი და “ჯაპანორამას” შესახებ შემთხვევით ფეისბუქით შევიტყვე. ლექციების კურსმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. იაპონიის შესახებ რეალური ინფორმაციის გაცნობის საშუალება მომეცა – თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. ვთვლი, რომ არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისათვის სასიამოვნო იქნებოდა ლექტორების მოსმენა, რომლებიც ძალიან მეგობრულები და საინტერესო მოსაუბრეები აღმოჩნდნენ. “ჯაპანორამა 2”-საც ვაპირებ, რომ დავესწრო,”- აცხადებს “ჯაპანორამას” ერთ-ერთი მონაწილე ელისო დავლიანიძე.
11 ივლისს, ასევე, გაიმართება იაპონურ ფესტივალი „ნაცუ-მაცური”. ფესტივალზე იაპონური მუსიკა, კერძები/ტკბილეული, კოსტფლეი, სიმღერის კონკურსი, ბონსაის გალერიის გამოფენა და სხვა აქტივობები იგეგმება.