ოფიციალური ინფორმაციით, უკვე 2015 წლის ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით სკოლებისა და საბავშვო ბაღების ნაწილში 5-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის სასკოლო მზაობის 7-თვიანი უფასო ჯგუფები გაიხსნება.
სამსაათიანი საგაკვეთილო პროცესი, რომელიც ძირითადად თამაშით სწავლებას ითვალისწინებს, განათლების საკითხთა სპეციალისტების განმარტებით, სკოლისთვის გარკვეული უნარების ჩამოსაყალიბებლად არის საჭირო. სკოლაში შესვლამდე ასეთი უნარების უქონლობის გამო კი, როგორც ისინი განმარტავენ, სკოლაში სწავლის პერიოდში ბავშვებს პრობლემები ექმნებათ.
“სასკოლო მზაობა საჭიროა იმისთვის, რომ სწორად მოხდეს ბავშვის შემდგომი სოციალიზაცია, არ მოხდეს სწავლისადმი დემოტივირება, გამოიმუშაოს ის სოციალური, კოგნიტური და ფიზიკური უნარები, რომელიც მას დაეხმარება სრულად ინტეგრირდეს სასკოლო პროცესში”, – ამბობს ლია გიგაური, განათლების მინისტრის მოადგილე.
როგორც გიგაური ამბობს, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სასკოლო მზაობის პროგრამის საგანმანათლებლო რესურსებზე მუშაობა, არსებობს ტრენინგ-მოდული და იმ ინფრასტრუქტურის სტანდარტი, რომელიც ასეთ ჯგუფებს სჭირდებათ.
გიგაურის თქმით, 2015-2016 სასწავლო წელი საპილოტე იქნება. შესაბამისად, ამ წელს ბავშვის სასკოლო მზაობის ჯგუფში მიყვანა მშობლისთვის სავალდებულო არ იქნება.
2015-2016 წლებისთვის საბავშვო ბაღებში დარეგისტრირების დროს პარალელურად ჩატარდება რეგისტრაცია სასკოლო მზაობის ჯგუფებშიც.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამ ეტაპზე არ იციან, თუ რამდენიმე სასკოლო მზაობის ჯგუფი იქნება პირველ ეტაპზე, ანუ 1 ოქტომბრიდან.
საქმე ის არის, რომ პროექტის ინფრასტრუქტურულ ნაწილი და პედაგოგებისთვის ხელფასების გაცემა საკუთარ თავზე ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა აიღონ. შესაბამისად, სასკოლო მზაობის ჯგუფების მოწყობა, რომელიც წინასწარი გათვლებით იაფი არ ეღირება, პირველ ეტაპზე მთლიანად მუნიციპალიტეტების ნებასა და ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული.
პედაგოგების გადამზადებასა [ტრენინგებს, რომელიც 15 ივნისიდან უნდა დაიწყოს] და სპეციალური სასწავლო პროგრამის მიწოდებას კი სამინისტრო თავის თავზე იღებს.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ პროექტის ხარისხიანი იმპლემენტაციაა.
“დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. თუმცა წლების მერე აუცილებლად ვნახავთ შედეგს. მთავარია, ეს იმპლემენტაცია იყოს ხარისხიანი, ეგ არის ყველაზე დიდი გამოწვევა”, – ამბობს ნათია ჯოხაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი.
“რაც უფრო ადრეა ჩართული სკოლამდელ განათლებაში ბავშვი, მით უკეთესია მისი უნარები მომავალში, აკადემიური მოსწრება, კომპეტენციები და, როგორც პროფესიონალი და მოქალაქე, უკეთესად რეალიზდება”.
სასკოლო მზაობის ჯგუფები საქართველოში ამჟამადაც არსებობს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “კივიტას გეორგიკამ” [Civitas Georgica] პოლონურ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს მასშტაბით 16 სოფელში გახსნა.
“შევედით ისეთ სოფლებში, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაც არ იყო. ბავშვებისთვის ალტერნატიული საბავშვო ბაღები გავაკეთეთ, სადაც არც ჭამდნენ, არც სვამდნენ და არც იძინებდნენ. ოთხსაათიანი სასწავლო პროცესი მთლიანად სკოლისთვის მომზადებაზე იყო ორიენტირებული”, – ამბობს ორგანიზაცია “კივიტას გეორგიკას” ხელმძღვანელი, გიორგი მესხიძე.
განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი სასწავლო პროგრამა სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კურიკულუმის მსგავსი იქნება.
სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, ოლგა მუსხელიშვილი, რომელიც ასევე ჩართულია “კივიტას საქართველოს” სასკოლო მზაობის ჯგუფების მუშაობაში, ამბობს, რომ სასკოლო მზაობის ოთახებში არ არის მერხები. ბავშვები ძირს, ხალიჩებზე სხედან.
“გვაქვს რამდენიმე ცენტრი- ხელოვნების, კვლევების, სამაგიდო თამაშების, კუბურების, თავისუფალი თამაშების ცენტრი და ა.შ. ყოველდღე გვაქვს სხვადასხვა აქტივობები. ბავშვები ლუპით აკვირდებიან რაღაცებს, ითვლიან, ადარებენ, თამაშობენ. მაგალითად, ერთ დღეს შეიძლება გვქონდეს ცხოველების თემა. ამ დღეს მათ აქვთ დავალება ააშენონ ბოსელი. წერა-კითხვას არ ვასწავლით. მაგრამ სწავლობენ სიტყვების ცნობას. სწავლობენ წიგნებთან ურთიერთობას. ვავალებთ, მონახონ ტექსტში ერთი და იგივე ასო”, – ამბობს მუსხელიშვილი.
გეგმის მიხედვით, სასწავლო წლის, ანუ შვიდი თვის განმავლობაში სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უნდა განუვითარდეს უხეში მოტორული უნარები [მაგალითად, კოორდინირებული მოძრაობები და სირბილის, ხტუნაობის და ცოცვის დროს წონასწორობის დაცვა], ნატიფი მოტორული უნარები [მაკრატლით გამოჭრა, წყლის დასხმა, მცირე ზომის მძივების თასმაზე აცმა], სენსორული მოტორული უნარები, კვებასთან, ჰიგიენასთან დაკავშირებული უნარები, მოტივაცია, ყურადღება.
“სასკოლო მზაობა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციური კომპონენტი და ნებელობაა. თითქმის ძალიან ბევრი შემთხვევაში 5 წლის ბავშვს ნებელობა არ აქვს ჩამოყალიბებეული. შემდეგ იქმნება იმის პრობლემა, რომ ვერ აჩერებენ კლასში იმიტომ, რომ მისი მთავარი მოთხოვნა ამ დროს თამაშია. თამაშით თუ ვასწავლით, პრობლემა არ არის. 4 წლის ასაკიც შეიძლება იყოს სასკოლო ასაკი იმ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რომ სკოლა იყოს მოწყობილი 4 წლის ასაკის ბავშვის მოთხოვნილებებზე. მაგრამ ეს იქნება ადრეული განათლება და ეს სულ სხვა რამეა. მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, ბავშვი ასრულებს თუ არა მითითებებს, შეუძლია თუ არა ქცევის შეკავება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შეუძლია თუ არა მინიმუმ ნახევარი საათი ყურადღებით ჯდომა და მოსმენა”, – ასე გამოეხმაურა ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ნეტგაზეთთან საუბარში 6 წლამდე ასაკის ბავშვთა სკოლაში შესვლის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც მხარს იმ მშობლების ნაწილიც უჭერს, ვისი შვილიც სასწავლო წლის დაწყების შემდეგ ხდება 6 წლის.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სასკოლო მზაობის ჯგუფების შექმნის ინიციატივა არ უკავშირდება პარლამენტში შესულ კანონპროექტს, რომელიც 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში შესვლას ითვალისწინებს და რასაც თავად სამინისტრო ეწინააღმდეგება.
ლია გიგაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სკოლამდელი განათლების სტარატეგიაზე და წინასასკოლო განათლების კომპლექსურ პროგრამაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო.
მუშაობის პროცესში [მათ შორის მოწვეული ექსპერტებით უზრუნველყოფა] ფონდი ღია საზოგადოება საქართველო და გაეროს ბავშვთა ფონდი [UNICEF] იყვნენ ჩართული.

