დასკვნაში ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით განმარტებები ჩამოართვეს ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს გოჩა ქირიას და ქალაქ ფოთის 11 სკოლის დირექტორს. ქორიძის განმარტების თანახმად, მას ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი დაუკავშირდა და ფოთის მერიაში შეხვედრაზე დაიბარა. მერიაში მისულ ქორიძეს ფოთის მერმა თხოვა სახელმწიფო თეატრის შენობაში ყოფილ პოლიტპატიმრებთან შეხვედრაზე საჯარო სკოლის უფროსკლასელების მისვლა უზურნველეყო, თუმცა ქორიძისთვის არ უთქვამთ, რომ შეხვედრაზე ძლადობის ამსახველი კადრები იქნებოდა ნაჩვენები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე. გოჩა ქორიძემ აღნიშნული შესახებ ფოთის 11 სკოლის დირექტორს შეატყობინა და მათ უთხრა მოსავლეების დასწრებისთვის ორგანიზება გაეწიათ.
გოჩა ქორიძემ ყოფილ პოლიტპატიმრებთან შეხვედრის დღეს რესურსცენტრის უფროს სპეციალისტ თეა ქანთარიას დაავალა წასულიყო პოლიტპატიმრებთან შეხვედრაზე და მისი შინაარსი გადაეცა. ქანთარიას განმარტებით, როდესაც იგი თეატრში მივიდა, სცენაზე სიტყვით გამოდიოდა კაცი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მისი უკანონო დაპატიმრების შესახებ საუბრობდა.
“შემდეგმა გამომსვლელმაც ზოგადად ისაუბრა წინა მთავრობის რამდენიმე პოლიტპატიმარზე და მიმართა დამსწრე წევრებს, ეკრანზე ენახათ წინა მთავრობის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები, შემდეგ ეკრანზე უჩვენეს ციხის კადრები, მოკლული ადამიანების კადრები და ის პიროვნებები, რომლებიც იყვნენ ამ მკვლელობებში დამნაშავენი, სახელი, გვარის და თანამდებობების მითითებით. კადრების მსვლელობისას იარუსზე მსხდომი მოსწავლეების უმრავლესობამ დარბაზი დატოვა, ასევე დარბაზი დატოვა რამდენიმე მოსწავლემ ქვედა რიგებიდან. ქანთარიას განმარტებით, ფილმის ჩვენების შემდეგ დარბაზიდან გამოვიდა და ქორქიას ტელეფონით მომხდარის შესახებ ინფორმაცია გადასცა”,- ნათქვამია დასკვნაში.
საკითხის შესწავლის შემდეგ აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ 2015 წლის 13 მარტს ქალაქ ფოთის ვალერიან გუნავას სახელობის დრამატული თატრის შენობაში არასამთავობო ორგანიზაცია “ყველა თაობა საქართველოსთან” გაიმართულ შეხვედრაზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი, რომელიც შეიცავდა ძალადობისა და სისასტიკის ამსახველ კადრებს. შიდა აუდისტის სამსახურის განცხადებით, ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის – გოჩა ქორქიას მითითების საფუძველზე ფოთში არსებულმა თერთმეტმა სკოლამ უზრუნველყვეს და ორგანიზება გაუწიეს სკოლის მოსწავლეების დასწრებას აღნიშნულ შეხვედრაზე.

აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ დარღვეულია ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის “გ” ქვეპუნქტი, მეხრე მუხლის მერვე პუნქტი და მეათე პუნქტი, ასევე დარღვეულია განათლების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს ბრძანების “სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის მესამე მუხლის მეორე პუნქტი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისი მეხუთე მუხლის პირველი ნაწილი და ოთხმაცდამეთექვსმეტე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა.
“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლის დირექტორების მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას, რადგან კანონმდებლობის თანახმად, სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე. ასევე, ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას მხრიდან ადგილი აქვს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გადაცდომას, რაც გამოიხატა მის სამსახურეობრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებაში”,- ნათქვამია დასკვნაში.
შიდა აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტროს ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას მიმართ გამოყენებულ იქნას დისციპლინური პასუხისმგებლების ზომა. ხოლო ფოთში არსებულ 11 სკოლას კანონმდებლობის დარღვევისთვის მიეცეთ წერილობითი გაფრთხილება და დაევალოთ გატარებული ღონისძიებების შესახებ და დაევალათ ერთი თვის ვადაში შიდა აუდიტის დეპარტამენტში ანგარიშის წარმოდგენა.
განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნა დეპუტატმა სერგო რატიანმა გაავრცელა. მისი თქმით, დასკვნიდან ცხადად ჩანს, რომ სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ფილმზე მიყვანის პროცესს პირადად ხელმძღვანელობდნენ ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, ამიტომ ისინი დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ:
“სწორედ მათ დაავალეს ქალაქის რესურს-ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფილმზე მიყვანის ორგანიზება. პროცესში ასევე მონაწილეობდა განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი დავით შეროზია. თუ ჩვენ გვაქვს ოდნავი პრეტენზია მაინც, რომ წარმოვადგენთ თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფოს, ქალაქ ფოთის ამჟამინდელი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ”,- განაცხადა რატიანმა.
მის ამ განცხადებას ფოთის მერიც გამოეხმაურა. “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ფოთის მერმა მუარყო სკოლის მოსწავლეების ფილმის ჩვენებაზე დასასწრებად ორგანიზებაში მონაწილეობა.
“ფილმის “სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის 9 წელი” ჩვენებაზე მოსწავლეების ფოთის თეატრში მიყვანაზე მონაწილეობა არც მაჟორიტარ დეპუტატს, ეკა ბესელიას და არც ადგილობრივ მთავრობას არ მიუღია”, – აცხადებს “ინტერპრესნიუსთან” საუბარში ირაკლი კაკულია.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ფოთის მერიის პრესსამსახურს, შეკითხვაზე უარყოფს თუ არ ფოთის მერი განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნაში აღნიშნულ ინფორმაციას და არის თუ არა დასკვნა მცდარი, პრესამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ განათლების სამინისტროს დასკვნა არ უნახავთ და კომენტარს ვერ გააკეთებენ.
განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ინსპექტირებას 3 დღის მანძილზე, 17 მარტიფან 20 მარტის ჩათვლით აწარმოებდნენ.
