საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

საუბარი აფხაზებთან მესამე ენის გარეშე

21 აპრილი, 2015 • • 2024
საუბარი აფხაზებთან მესამე ენის გარეშე

ნინო ბერძნიშვილი, ქართულაფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის პროგრამების მენეჯერი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე, როდესაც ელექტრონული ფოსტა ჯერ კიდევ ფართოდ არ იყო ხელმისაწვდომი, წიგნებზე ერთობლივი მუშაობა რთული აღმოჩნდა,– “მით უმეტეს, ენგურზე გადასვლა უზარმაზარ სირთულეებთან იყო კავშირში”.

“როდესაც ეს ინსტიტუტი დავაფუძნეთ, ჩვენი ერთ–ერთი მიზანი იყო, აფხაზებს მესამე ენის გარეშე დავლაპარაკებოდით. თუ ისინი არ ისწავლიდნენ ქართულს, მაშინ ჩვენ ვისწავლიდით აფხაზურს. ეს იყო ერთგვარი ჟესტი ჩვენი მხრიდან, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ნინო ბერძნიშვილი, ქართულაფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის პროგრამების მენეჯერი.

ნინო ბერძნიშვილის თქმით, ინსტიტუტის წარმატებული მუშაობის შედეგია ის, რომ აფხაზეთში დღეს უკვე არსებობს ადამიანთა წრე, რომელთანაც ისინი აქტიურად თანამრომლობენ. მათ სახელებს, ორგანიზაციის წარმომადგენლები არ ასახელებენ.

“მუდმივად მიწევს მათი ინტერესების გათვალისწინება, რომ პრობლემები არ შეექმნათ. სანამ ამ საქმიანობას დავიწყებდით, აფხაზეთთან, გარდა იმისა, რომ ხშირად ვისვენებდი იქ, შეხება არ მქონია. დღეს უკვე ნდობის მოპოვების პრობლებმა აღარ გვაქვს. აფხაზეთის საზოგადოების თითქმის ყველა წრესთან მაქვს ურთიერთობა. როცა სოხუმში ჩავდივარ, თითქმის ყველამ იცის ვინ ვარ. ჩემს თავს უფლება მივეცი, მტკივნეული საკითხების ირგვლივ მათი ლოგიკა ჩემთვის გასაგები ყოფილიყო. რამდენად მისაღებია, ეს სხვა საკითხია”.

ინსტიტუტის ერთ–ერთი პირველი პროექტი ქართულაფხაზური სასაუბრო იყო. საწყის ეტაპზე 1000 ეგზემპლარი ფონდ ღია საზოგადოებასაქართველოს ფინანსური დახმარებით გამოსცეს, თუმცა, როგორც ინსტიტუტის წარმომადგენელი ამბობს, აფხაზეთში, გალის საჯარო სკოლებში მასზე დიდი მოთხოვნისა და პირველად ვარიანტში კორექტივების შეტანის მიზნით, მეორე ვარიანტის გამოცემაც გახდა საჭირო.

“სასაუბროს მეორე, სრულყოფილი ვერსია უკვე აფხაზურ მხარესთან ერთობლივი მუშაობის შემდეგ გამოვეცით”, – ამბობს ბერძნიშვილი.

ქართულ–აფხაზურ ერთობლივად გამოცემულ წიგნებს შორისაა, ასევე, ლექსების კრებული და ფხაზური ზეპირმეტყველების გაკვეთილები, რომელსაც თან აუდიოვერსიაც ახლავს.

ლექსები აფხაზეთის ომის თემატიკაზეა, რომელიც აფხაზეთში აფხაზმა პოეტებმა და მოქალაქეებმა ომის შემდგომ პერიოდში დაწერეს. ისინი აფხაზურ ენაზეა და ქართული ბწკარედებით აფხაზეთიდან თბილისში გამოგზავნეს.  როგორც ნინო ბერძნიშვილის ამბობს, ამ ლექსების ქართულად თარგმნა შინაარსის გამო საქართველოში არ სურდათ. თუმცა საბოლოოდ ინსტიტუტმა იპოვა პოეტები და სპეციალისტები, რომლებიც პროექტში ჩართვაზე დაითანხმა.

“ამ კრებულში ახალგაზრდა პოეტის, ტაიფ აჯბას ლექსებიც შევიდა. აჯბა აფხაზების დიდი ტკივილი და ჩვენი დიდი შეცდომაა. ის ომის დროს მოკლეს. ერთ–ერთი ვერსიით, რომელიც აფხაზეთში არსებობს, ის ქართველმა, რომელსაც ომის დროს ოჯახის წევრები დაუხოცეს, წამებით მოკლა – ჭაში ჩააგდო”.

ყველაზე თვალსაჩინო და მნიშნვნელოვან გამოცემად ინსტიტუტის თანამშრომლებს სასაჩუქრე გამოცემა – ფოტოალბომი “აფხაზეთი მე–19 საუკუნე” მიაჩნიათ.

“ომის დროს ენგურს იქით ყველაფერი დაიწვა, რაც აფხაზების კულტურულ იდენტობას ეხებოდა. მუზეუმი, არქივი, ბიბლიოთეკა – პრაქტიკურად ყველაფერი განადგურდა. როდესაც ჩვენი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ზურაბ შენგელია აფხაზეთში ჩავიდა, იქ სთხოვეს, რომ აქ, თბილისში მოგვეძიებინა აფხაზეთთან დაკავშირებული სხვადასხვა საარქივო მასალა”, – ამბობს ბერძნიშვილი.

10-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2011 წელს ორენოვანი ფოტოალმობი გამოსცეს.

“დავდიოდით გაყინულ არქივებში, საცავებსა და ბიბლიოთეკებში. ასე ვაგროვებდით იმ უნიკალურ მასალებს, რომლებიც შემდეგ ამ ფოტოალმობში მოხვდა. ეს იყო კოლოსალური მრავალწლიანი შრომა”.

ფოტოალბომის გამოსაცემად საწყის ეტაპზე ასევე ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” დაეხმარა, თუმცა შემდგომი დაფინანსების პრობლემის გამო მასალები გარკვეული დროის განმავლობაში თაროზე იყო შემოდებული.

“საბოლოოდ, თემურ იაკობაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში მაშინდელი მინისტრი დაგვეხმარა. უმაღლესი ხარისხის ფოტოალბომი ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით ვილნიუსში დაიბეჭდა”, – ამბობს ცენტრის წარმომადგენელი.

დღეს ქართულ–აფხაზურენოვანი კატალოგი, ნინო ბერძნიშვილის თქმით, აფხაზეთის ფაქტობრივად ყველა ბიბლიოთეკაშია.

ამჟამად ინსტიტუტი ანალოგიური, მეოცე საუკუნის ეპოქის ფოტოალბომის გამოსაცემად მუშაობს, თუმცა მისი დაფინანსების პრობლემა კვლავ დადგა. იმისთვის, რომ ახალი გამოცემის დაბეჭდვა შეძლონ, ინსტიტუტის თანამშრომელთა დაანგარიშებით, წინა გამოცემის 100 ეგზემპლარი მაინც უნდა გაიყიდოს. “აფხაზეთი მე–19 საუკუნე” ერთადერთი წიგნია იმ 50–ს შორის, რომელიც იყიდება.

“ისინი [აფხაზები] ჩვენგან ელოდებიან ამ გამოცემის გაგრძელებას. დიდი დროც რომ დაგვჭირდეს ამისთვის, აუცილებლად გავაკეთებთ”.


საგამომცემლო საქმიანობის გარდა

საგამომცემლო საქმიანობის გარდა, ინსტიტუტმა თავისი მუშაობა აფხაზურენოვანი რადიოთი დაიწყო.

რადიო “ჰარა” [აფხაზურად ნიშნავს “ჩვენ”] კვირაში ოთხი დღე, ნახევარი საათის განმავლობაში, 1998–დან 2007 წლამდე აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე მოკლე სიხშირეზე მაუწყებლობდა.

“ძალიან დიდი ხანი ინფორმაციაც არ გვქონდა, ვინმე თუ უსმენდა ჩვენს რადიოს აფხაზეთში. მერე ხელში ჩაგვივარდა გაზეთი “რესპუბლიკა აბხაზია”, სადაც დიდი სტატია ვნახეთ სახელწოდებით “რადიო ლიცემერია”. გვლანძღვადნენ და საზოგადოებას მოუწოდებდნენ, არ მოესმინათ მისთვის. რა თქმა უნდა, ეს საპირისპიროდ მუშაობდა. აფხაზურ საზოგადოებაში რადიო დიდი პოპულარობით სარგებლობდა”.

რადიო “ჰარას” გადამცემი ძველი ანძა ბაზალეთის ტერიტორიაზე იდგა. როდესაც სახელმწიფომ ეს ტერიტორია კერძო ინვესტორზე გაასხვისა, ინსტიტუტის ინფორმაციით, მისმა ახალმა მეპატრონემ ანძა ჯართში ჩააბარა. რადიო “ჰარამ” მაუწყებლობა შეწყვიტა.

ნინო ბერძნიშვილი ამბობს, რომ რადიოს აღდგენის საკითხებზე მუშაობა წლების განმავლობაში არ შეუწყვეტიათ. თუმცა, მისი თქმით, ყველა მცდელობა [მათ შორის ლიცენზიის აღების საკითხი] უშედეგოდ სრულდება.

დახმარების პროგრამა

ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტში “დახმარების პროგრამაც” არსებობს – ძირითადი სფეროებია ჯანდაცვა და განათლება.

“ძალიან ბევრი პაციენტი ჩამოგვყავს. ძირითადად, სისხლის დაავადებების, ონკოლოგიის, შიდსისა და ჰეპატიტის შემთხვევების დროს. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებიდან გვიკავშირდებიან და, მაგალითად, გლუკომეტრებს ან სხვა საჭიროებებზე ინფორმაციას გვაწვდიან. რა თქმა უნდა, ვეხმარებით”, – ამბობს ბერძნიშვილი.

2008 წლის აგვისტომდე ნინო ბერძნიშვილს აფხაზეთში ქართველი ბავშვების ჯგუფები დასასვენებლადაც ჩაყავდა. ანალოგიურად, აფხაზეთიდან ბავშვები მშობლებთან ერთად თბილისში ჩამოდიოდნენ. ორგანიზატორები ცდილობდნენ, საქართველოში აფხაზი ბავშვების ვიზიტები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პრესისთვის დახურული ყოფილიყო.

“გარდა ამისა, 11 ბავშვი უმაღლეს სასწავლებელში თბილისში ჩამოვიყვანეთ. დღესდღეობით ორი მათგანი აქ ისევ სწავლობს. თუმცა ეს პროგრამაც სარისკო აღმოჩნდა მათთვის, ერთ–ერთი სტუდენტის მამა აფხაზეთში სამსახურიდან დაითხოვეს. 17 წელია, რაც აფხაზეთზე ვმუშაობთ. ეს მუდმივი ადრენალინია”.

ნინო ბერძნიშვილი
ნინო ბერძნიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი