აღნიშნული ანგარიში „ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერების“ მიერ და გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) მხარდაჭერით მომზადდა. მასში ასახულია 2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით საქართველოს არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში.
მონიტორინგის ფარგლებში გამოკითხული აღმზრდელების 30% მიზანშეწონილად მიიჩნევს ბენეფიციარებისთვის საკვების შემცირებას დაუმორჩილებლობის ან რთული ქცევის გამოხატვის შემთხვევაში, ხოლო პედაგოგთა 75% დადებითად აფასებს თამაშის უფლების შეზღუდვას ბავშვის მიერ არასათანადო ქცევის გამოვლენის შემთხვევაში. ეს ფაქტები, როგორც ანგარიშში წერია, ქუთაისის #13, 17 და 18 ბაღებსა და წყალტუბოს #1 ბაღში დაფიქსირდა.
ამბუდსმენის ანგარიშის შესაბამისად, ასევე ცნობილი ხდება, რომ სკოლამდელ დაწესებულებეში ხშირია არატოლერანტული დამოკიდებულების შემთხვევები.
მაგალითად, როგორც დოკუმენტში წერია, თბილისის #6 საბავშვო ბაღში აღმზრდელი სისტემატურად ძალადობდა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მიმართ, – ის [აღმზრდელი] თავის ქცევას ამართლებდა იმით, რომ ბავშვი მხოლოდ ცემის შემთხვევაში აღიქვამდა უარყოფითად ფიზიკურ ძალადობას.
აღნიშნულ საქმეზე სახალხო დამცველმა თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მიმართა, რომელმაც, ოფიციალური ინფორმაციით, პედაგოგთა ტრენინგების სახით პრევენციული სამუშაოები ჩაატარა.
ომბუდსმენის რეკომენდაციების მიხედვით, დროულად უნდა მიიღოს სახელმწიფომ ეფექტური ზომები ბაგა-ბაღებში ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის, ასევე, აუცილებელია დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ბავშვებზე ძალადობენ.
“სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შედეგებმა გვიჩვენა, რომ საბავშვო ბაგა–ბაღების აღსაზრდელთა მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართ ადგილი აქვს ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებს, შედარებით დაბალია ფიზიკური ძალადობის ფაქტები. ამასთან, საბავშვო ბაგა–ბაღების დიდი ნაწილი ფუნქციონირებს არასათანადო ინფრასტრუქტურული და სანიტარულ–ჰიგიენური გარემოს პირობებში. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ასევე გამოიკვეთა ადრეული და სკოლამდელი განათლების უფლების პრაქტიკაში დანერგვის პრობლემები, აღმზრდელ–პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ნაწილში არასათანადოდ ხორციელდება კვების ორგანიზაციული წესების დაცვის სტანდარტი. ასევე, მონიტორინგის პროცესში არატოლერანტული და დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამოიკვეთა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელთა მიმართ. მონიტორინგი განხორციელდა მესტიაში, ბათუმში, ხულოში, შუახევში, ქედაში, ახმეტაში, ონში, ამბროლაურში, ყაზბეგში, ქუთაისში, წყალტუბოში, თერჯოლაში, სამტრედიაში, თელავში, სიღნაღში, მცხეთაში რუსთავსა და მარნეულში”, – წერია სახალხო დამცველის ანგარიშის მიმოხილვაში.