საზოგადოება

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე: 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანა ბოროტებაა

21 მარტი, 2015 •
ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე: 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანა ბოროტებაა

ნეიროფსიქოლოგი, რომელსაც ბავშვებთან ფსიქოლოგიური მუშაობის ყოველდღიური გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ მზარდია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც “სასკოლო შფოთვებით” მშობლებს კონსულტაციებზე მოჰყავთ. 

 

“ჩემთან იზრდება იმ პაციენტი ბავშვების რიცხვი, ვინც 5 წლის შეიყვანეს სკოლაში. მათ აქვთ ნევროზი, ძილის დარღვევა, შფოთვა. ძალიან ხშირად მასწავლებლის ან მშობლების ხათრით სწავლობენ, რომ შეაქონ. ძალიან დიდი ენერგიის ხარჯზე. ეს არის ბავშვის მიმართ უსიყვარულო და გამომყენებლობითი დამოკიდებულება. გრძელვადიან პერპსპექტივაში კიდევ უფრო მოიმატებს იმ ბავშვების რაოდენობა, ვისაც ექნება “სასკოლო შფოთვა”, რომელიც არის ნოზოლოგია. ვინ აგებს ამაზე პასუხს?! ამ შემთხვევაში, მე ვარ ბავშვის ადვოკატი, მთლიანად ბავშვის მხარეს ვარ. მისი ჯანმრთელობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ყველაზე მთავარი და ის, რასაც ვაკეთებთ, არის ბოროტება. საქართველოს განათლების სივრცეში არსებობს აზრი, რომ ჩვენ წინ არის მანქანა, რომელსაც რამდენ ინფორმაციასაც გვინდა, იმდენს ჩავტენით და რაც შეიძლება მალე. როგორც 200-გრამიან ჭიქაში უფრო მეტ წყლს ვერ ჩაასხამ, ასევეა ბავშვიც, რომელსაც თავისი განვითარების კანონზომიერება აქვს”, – ამბობს თამარ გაგოშიძე.

 

სპეციალისტი ამბობს, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვის წამყვანი მოქმედება არის თამაში და ყველაფერი თამაშით უნდა ისწავლოს. ამავე ასაკამდე ყალიბდება ნებელობაც, რომელიც მას სასკოლო ცხოვრებაში სჭირდება.

 

“აქ ძალიან მნიშვნელოვანია სკოლამდელი განათლება. სწორედ ამ დროს უნდა მოხდეს ბავშვის მომზადება. ეს პროცესი ერთხელ და საბოლოოდ უნდა დაიწყოს ამ ქვეყანაში. ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტმა იმაზე იმსჯელოს, როგორ განავითაროს სკოლამდელი განათლების დასაწესებულებების ინფრასტრუქტურა და სკოლამდელი მოსამზადებელი პროგრამები, წინა პრაქტიკას უბრუნდება. ვილაპარაკოთ სკოლების მოწყობაზე, ვისაუბროთ სკოლამდელ განათლებაზე, სასკოლო კლასების შესაბამის აღჭურვაზე, ბიუჯეტის გაზრდაზე.  ამაზე დავსვათ კითხვები, გამიხარდება. ანდა, მასწავლებლებს ეკითხებიან, როგორია, როცა 5 და 6 წლის ბავშვები ერთ კლასში ჰყავთ, ზოგს ეძინება, ზოგი დარბის. მთელი საქრთველო რომ შესციცინებს ფინეთის განათლების სისტემას, იქ 7 წლის ასაკში მიჰყავთ სკოლაში ბავშვები. მანამდე კი სპეციალური მომზადებაა. რა თქმა უნდა, ვერ შევადარებთ საბავშვო ბაღებითა და სასწავლო პროგრამებით საქართველოს ფინეთს, მაგრამ ხომ უნდა დავიწყოთ ოდესმე მუშაობა და ასე არ შევყაროთ 5 წლის ბავშვები სკოლაში ყველანაირი მომზადების გარეშე”.

 

გაგოშიძე ამბობს, რომ ძალიან ხშირად მშობელს არ აქვს ინფორმირებული გადაწყვეტილების შესაძლებლობა, როდის მიიყვანოს შვილი სკოლაში, ვინაიდან მას ინფორმაციას არავინ აწვდის.

 

“ხშირად გამიგია მშობლებისგან, უსამართლობაა არ შევიყვანო სკოლაში, როდესაც 6 წლამდე 1 თვე, 2 და 3 თვე რჩება ბავშვს. ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა დროა ეს ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის, განსხვავებით ზრდასრულებისგან. სამ თვეში დრამატულად იცვლება ხოლმე ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. აუცილებლად უნდა იცოდეს მშობელმა, რა ზიანი მოყვება მისი შვილის 5 წლის ასაკში სკოლაში შეყვანას. ყველამ, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ფსიქოლოგებმა და მედიამ უნდა იმუშაოს აქტიურად, რომ მშობელს გააგებინოს, რა არის მისი შვილის მომავლისთვის და ჯანმრთელობისთვის კარგი. წერა-კითხვა არ არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ სკოლაში ისწავლოს. სასკოლო მზაობა აკადემიური ცოდნის ათვისებით არ განისაზღვრება.

 

სპეციალისტი ამბობს, რომ წერა, კითხვა და ანგარიშის ცოდნა 5 წლის ასაკში არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვი სკოლისთვის იყოს მზად.

 

“სასკოლო მზაობა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციური კომპონენტი და ნებელობაა. თითქმის ძალიან ბევრი შემთხვევაში 5 წლის ბავშვს ნებელობა არ აქვს ჩამოყალიბებეული. შემდეგ იქმნება იმის პრობლემა, რომ ვერ აჩერებენ კლასში იმიტომ, რომ მისი მთავარი მოთხოვნა ამ დროს თამაშია. თამაშით თუ ვასწავლით, პრობლემა არ არის. 4 წლის ასაკიც შეიძლება იყოს სასკოლო ასაკი იმ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რომ სკოლა იყოს მოწყობილი 4 წლის ასაკის ბავშვის მოთხოვნილებებზე. მაგრამ ეს იქნება ადრეული განათლება და ეს სულ სხვა რამეა. მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, ბავშვი ასრულებს თუ არა მითითებებს, შეუძლია თუ არა ქცევის შეკავება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შეუძლია თუ არა მინიმუმ ნახევარი საათი ყურადღებით ჯდომა და მოსმენა”. 

 

გუშინ, 19 მარტს 62-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომელიც 5 წლის ბავშვის სკოლაში მიღებას ითვალისწინებს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი