საზოგადოება

რას ასწავლით შვილებს

28 თებერვალი, 2015 •
რას ასწავლით შვილებს

ნიკოს დედა ფიქრობს, რომ მისი შვილი ზარმაცია და თავად დიდი ძალისხმევა უწევს იმისთვის, რომ შვილმა გაკვეთილი მოამზადოს.

“ცდილობს რამენაირად დრო გაიყვანოს, ან ითამაშოს. ოღონდ სამეცადინოდ არ დასვა და რასაც გინდა, იმას გააკეთებინებ. სანამ სერიოზულად არ ვიწყებ ჩხუბს, წიგნს არ მიეკარება”, – ამბობს მესამეკლასელი მოსწავლის დედა.”

კითხვაზე, თავად რამდენად არის ჩართული შვილის სწავლების პროცესში, ამბობს, რომ ცდილობს ხმამაღლა წააკითხოს ტექსტები, მათემატიკაში კი შვილს “დამოუკიდებლად ურჩევნია მეცადინეობა”

“სულ მიყვირის ხოლმე და მასთან მეცადინეობა არ მინდა, მირჩევნია ჩემით დავწერო დავალება”, – ამბობს ნიკო.

ნიკოს მშობლებისგან განსხვავებით, შვილების სწავლის პროცესისადმი სხვა დამოკიდებულება აქვს მარი ჯავახიშვილს.

“ბავშვების წიგნიერებაზე მაშინ დავიწყე ზრუნვა, როდესაც ჯერ ერთი წლისებიც არ იყვნენ. როგორც წესი, ძილის წინ ვუკითხავდი ხოლმე. თანდათან ვართულებდით წიგნებს. ამასთან, ვაცნობიერებდი, რომ არ უნდა შემეძულებინა კითხვა. ამიტომ არასდროს ვაძალებდი ამის კეთებას. სადღაც ორი წლის ასაკიდან უკვე თვითონ გამოხატავდნენ ინტერესს”,- ამბობს მარი.

საქართველოში ჩატარებულმა წიგნიერების ბოლო საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს სკოლების დიდი ნაწილი მსოფლიო ქვეყნებს შორის წიგნიერების დონით ერთ–ერთ დაბალ საფეხურზეა. ამის ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზად კი, შვილების სწავლის პროცესში მშობელთა დაბალი ჩართულობა გამოვლინდა.

„აჩვენეთ ბავშვებს, რომ ყოველდღიურად კითხულობთ გაზეთს, ჟურნალს ან წიგნს. ასე ისინი დარწმუნდებიან, რომ კითხვა მნიშვნელოვანია. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საბავშვო წიგნები. როცა ქუჩაში მიდიხართ, ხმამაღლა წაიკითხეთ მაღაზიების სახელწოდებები და წარწერები, მიეცით ბავშვს საწერი საშუალებები, დაბადების დღეებზე და სადღესასაწაულო დღეებში აჩუქეთ მათ წიგნები, მოუსმინეთ ბავშვებს, როცა ისინი გესაუბრებიან, უპასუხეთ მათ შეკითხვებს, ასწავლეთ მოთხრობები და სახალისო ლექსები, ეთამაშეთ ბავშვს ისეთი თამაშები, რომლებიც მათგან ყურადღებას, საუბარს და გაგებას მოითხოვს, კითხვის დროს წინასწარ ჰკითხეთ, მისი აზრით, როგორ დამთავრდება მოთხრობა, როგორ გადაიჭრება მასში დასმული პრობლემა”, –  ასეთ რეკომენდაციებს აძლევენ წიგნიერების კვლევის ექპერტები იმ მშობლებს, რომლებსაც შვილების განათლებაზე და, შესაბამისად, მათ მომავალზე ზრუნვა ჯერ არ დაუწყიათ.

აღნიშნული კვლევები ამბობს, რომ კავშირი კითხვის უნარსა და მოზარდის ანტისოციალურ ქცევებს შორის დადასტურებულია.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კითხვის უნარი უშუალო კავშირშია არა მხოლოდ ბავშვის სააზროვნო პროცესების, არამედ მის პიროვნულ განვითარებასთანაც.

PIRLS-ის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სოციალური, ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვები კითხვის სირთულეებით გამოირჩევიან.

მესამეკლასელი ნიკოს მშობლები არ მუშაობენ. როგორც დედა ამბობს, კლასგარეშე წიგნების ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ და ბავშვიც “არც ისე მონდომებულია, რომ წიგნი უყიდონ”.

“ერთხელ დაბადების დღეზე მოუტანა მეზობელმა, მაგრამ არც გადაუშლია”, – ამბობს მშობელი. მისივე თქმით, კითხვის დრო არც მშობლებს აქვთ, რადგან საშინაო და სამეურნეო საქმიანობას დიდი დრო მიაქვს.

საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები ადასტურებს, რომ მოსწავლის მიღწევასა და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ინდიკატორებს [მშობლების განათლება და საქმიანობა] კავშირი არსებობს. იმ მოსწავლეების მიღწევის მაჩვენებელი, რომელთა ერთ-ერთ მშობელს მაინც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, უფრო მაღალია იმ მოსწავლეების შედეგებზე, რომელთა მშობლებს საშუალო განათლება აქვთ.

ახალი საერთაშორისო კვლევა, რომელიც მშობლების ჩართულობის შესახებ ახალ მონაცემებს აჩვენებს, საქართველოში უკვე მიმდინარეობს, თუმცა შედეგები ამ ეტაპზე უცნობია.

UNICEF-ის კვლევა

გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის უახლესი კვლევის მიხედვით, რომლის ერთ-ერთი საკვლევი თემა შვილების აღზრდასა და სკოლამდელი განათლების პროცესში მშობლების ჩართვას ითვალისწინებს, აჩვენებს, რომ საქართველოში 3-5 წლის ასაკის ბავშვების მხოლოდ 33,4% -ის სწავლისა და აღზრდის პროცესში არიან მამები ჩართული. 

რა გააკეთა განათლების სამინისტრომ მშობელთა ჩასართავად სასწავლო პროცესში კვლევიდან კვლევამდე

შვილის სწავლის პროცესში მშობელთა ჩართულობის გასაზრდელად სამინისტროს ყველაზე თვალსაჩინო აქტივობა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G PriEd) ფარგლებში რამდენიმე კვირის წინ, პირველი – მეექვსე კლასის მოსწავლეების მშობლებისათვის დარიგებული აქტივობებისა და სავარჯიშოების კრებულებია.

ეს წიგნები კითხვისა და მათემატიკის განმავითარებელ აქტივობებს შეიცავს და, პროექტის წარმომადგენელთა განმარტებით, გათვლილია იმისთვის, რომ მშობელი უფრო დაუახლოვდეს ბავშვს და ხელი შეუწყოს მის განვითარებას.

მაგალითად, მესამე კლასის მოსწავლეთა მშობლების კრებულში ერთ-ერთი დავალება მშობლებისთვის ასეთია: “გაავსეთ ჩანთა მცირე ზომის ნივთებით: პატარა ბურთით, საშლელით, სათლელით, სამაგრითა და ა.შ. დაუჯექით ბავშვს ზურგით. ბავშვმა უნდა ამოიღოს თითო საგანი და აღწეროს ის ზომის, ფორმის, წონის, სიგრძის ან სხვა ნიშნის მიხედვით. თქვენ უნდა გამოიცნოთ, რა საგანი უჭირავს მას. თამაში დასრულდება, როცა ჩანთა დაცარიელდება. ეს აქტივობა ასწავლის თქვენს შვილს ნივთების აღწერისას ზუსტი სიტყვების შერჩევას”.

უფრო მაღალ კლასებში სავარჯიშოები შინაარსობრივად იცვლება,- “სთხოვეთ თქვენს შვილს ჩაინიშნოს, როგორ ატარებს დროს კვირის განმავლობაში [სძინავს, თამაშობს, ჭამს, სკოლაში დადის, მეცადინეობს, ტელევიზორს უყურებს]. შეადგინეთ დიაგრამა, რომელზედაც აღნიშნავს თითოეულ აქტივობაზე დახარჯულ დროს. დააკვირდით დიაგრამას და ისაუბრეთ მიღებულ შედეგებზე”, – ეს არის ერთ-ერთი დავალება, რომელიც  მეექვსე კლასის მშობლისთვისაა განკუთვნილი.

იმის გამო, რომ აღნიშნული პროექტი საპილოტეა და თბილისის მხოლოდ ერთი სკოლის დაწყებითი კლასების 122 მოსწავლის მშობლისთვის არის გათვლილი, მათზე ხელმისაწვდომობა დანარჩენებს ამ ეტაპზე არ აქვთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი მშობლის ჩართვა ბავშვის აღზრდისა და სწავლის პროცესში – რას ფიქრობს სპეციალისტი

ფსიქოთერაპევტ თამარ ხუბულავას განმარტებით, სწორედ სკოლამდელ და დაბალ კლასებში ყალიბდება ფასეულობათა სისტემა, რაშიც ყველაზე დიდი როლი ოჯახს და მშობლებს აქვს.

“მშობლის ჩართულობა ბავშვის სწავლის პროცესში მორალისტურ დეფინიციებს არ გულისხმობს. ეს პირველ რიგში მაგალითების მიცემაა ბავშვისთვის. წიგნის კითხვა იქნება ეს თუ სხვა რამ, ბავშვი უფროსების ქცევის კოპირებას ახდენს. მაგალითად, როდესაც ბავშვს ვეუბნებით, რომ არ უნდა მოიტყუოს და ტყუილი არის ცუდი, მას არ ესმის, რატომღა ვაკეთებთ ამას ჩვენ თვითონ, თუნდაც იშვიათად. თუკი ის დაინახავს, რომ მშობელი იტყუება, ის დიდ გაუგებრობაში ვარდება. საბოლოო ჯამში, ის პრიორიტეტს მშობლის ქცევას მიანიჭებს და არა რჩევას, რომ ტყუილი ცუდია.

რაც შეეხება ერთობლივ აქტივობებს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, მაგალითად, მშობელმა ბავშვთან ერთად დაალაგოს ოთახში დაყრილი სათამაშოები. ბავშვი მიეჩვევა თავისი შრომის ჩადებას საქმეში და მისთვის ნებისმიერი მიღწევა შრომასთან იქნება დაკავშირებული.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდანვე დისციპლინის ჩამოყალიბება. ჰოლანდიისა და გერმანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ დილის 7 საათზე ავტობუსის გაჩერებაზე ვხედავდი სკოლაში მიმავალ პირველკლასელებს ზურგზე მოკიდებული ჩანთებით. თავიდან თანავუგრძნობდი, მაგრამ კარგია, როდესაც ასეთ ასაკშივე იწყებენ ბავშვები ცხოვრებისთვის მზადებას. საქართველოში კი ვხედავთ მშობლებს, რომლებსაც ბავშვის სკოლაში წაყვანისა და მოყვანის დროს შვილების ზურგჩანთები უკავიათ. ჩემი აზრით, ეს შეცდომაა. პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით სასკოლო ნივთებზე პასუხისმგებლობის აღებით, ბავშვი ეჩვევა, რომ მომავალშიც მის სხვა პასუხისგემბლობებსაც მშობელი აიღებს.

მშობლებმა უნდა გაიაზრონ, რომ თუ სრულფასოვანი საზოგდოების წევრებს ზრდიან, და არა მართვად მოქალაქეებს, მნიშვნელოვანი მესიჯები თავიდანვე უნდა ჩადონ შვილებში. თუმცა ამის გაცნობიერებისთვის მშობელს თავად უნდა ჰქონდეს განათლება და ეს ფასეულობები. ერთგვარი მანკიერი წრეა. ხშირად მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში კლასის ექსკურსიების და ბანკეტების ორგანიზაციული საკითხებით ამოიწურება”, – ამბობს თამარ ხუბულავა.

როცა მშობელს მაღალი ნიშანი უნდა

“არა მხოლოდ სკოლის, უნივერსიტეტში სწავლის დროსაც ყველა მაღალ ნიშანზე თუ ჩათვლაზე მშობლები რაღაცას მჩუქნიდნენ. მზად ვიყავი ნებისმიერ ფასად მიმეღო მაღალი ნიშანი. თუ სწორად მახსოვს, მეოთხე კურსზე ვიყავი უკვე, როდესაც ერთ-ერთ საგანში ლექტორი ჩათვლას არ მიწერდა, რადგან ხშირად ვაცდენდი და ის პროგრამა არ ვიცოდი. იმდენად წარმოუდგენელი იყო, არ მიმეღო სასურველი შედეგი, ლექტორს ლამის დავუჩოქე, ვთხოვდი ავანსად დაეწერა ჩათვლა. რა თქმა უნდა, ერთადერთი მიზანი მამის გახარება და მორიგი საჩუქრის მიღება იყო”, – ამბობს გურანდა მანია.

მშობლების არასწორი პრიორიტეტების, კონკრეტულად კი ნიშნების მოთხოვნის სამომავლო შედეგებზე ფსიქოთერაპევტი თამარ ხუბულავა ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევებში მშობელს გააზრებული არ აქვს, რომ შვილის აღზრდა მხოლოდ მისი ეკონომიკური უზრუნველყოფა არ არის.

“მშობლები ვერ მალავენ უკმაყოფილებას, როდესაც შვილი დაბალ ნიშანს იღებს. ეს დიდი შეცდომაა. რასაკვირველია, ბავშვმა უნდა იცოდეს მშობლის აზრი, მაგრამ მთელი აქცენტი იმაზე უნდა იყოს მიმართული, თუ რამ გამოიწვია დაბალი ნიშანი, რა პრობლემა შეექმნა მას, მისი აზრით, რა უშლის ხელს მაღალი შეფასების მიღებაში და არა ის, რომ დაბალი ნიშანი მიიღო და ამის გამო დაისჯება, ან არ დასაჩუწრდება”, – ამბობს ხუბულავა.

სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მშობლების ამგვარი დამოკიდებულება, ნაწილობრივ, საქართველოში განათლების სისტემის ხარვეზსაც უკავშირდება.

“ეს სისტემა მხოლოდ ნიშნებზეა ორიენტირებული. მაშინ, როდესაც მთელი ფოკუსი გატანილი უნდა იყოს იმისკენ, თუ რამდენად აქვს ბავშვს მზაობა მაღალი ნიშანი მიიღოს. ნიშანი განსაზღვრავს სტანდარტს, სადაც არ არის გათვალისწინებული ინდივიდის უნარები, შრომა, ძალისხმევა. როდესაც ორი სხვადასხვა უნარის მოსწავლე ერთნაირად ფასდება, არ არის გათვალისწინებული ის, რომ ერთს მეტი შრომა დაუჯდა. ძალიან ფაქიზი თემაა. ზოგადად კი, ნიშანი არის დამღა, რომელიც ბავშვის გონებაშია დასმული, და ამ იარლიყს, შესაძლოა, მთელი თავისი ცხოვრება ატარებდეს. ეს თვითშეფასება ხდება წინაპირობა იმისა, რომ ნებისმიერი წარუმატებლობის დროს ეს გრძნობები განახლდება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი