დებულების თანახმად, სააგენტო უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება. მის უმთავრეს ფუნქციად 23 თებერვალს წარმოდგენილ ანგარიშში რელიგიის თავისუფლების საყოველთაო პრინციპებზე დაყრდნობით ადამიანის რელიგიური უფლებების დაცვა და რელიგური გაერთიანებების ხელშეწყობა არის მითითებული.
თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რელიგიის თავისუფლების საკითხებზეც მუშაობენ, (TDI და EMC) სააგენტოს საქმიანობას უარყოფითად აფასებენ:
“რელიგიის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში რადიკალურად არის გაუარესებული და ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ვერ უმკლავდება ამ კუთხით არსებულ პრობლემებს,” – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის წარმომადგენლელი თამთა მიქელაძე.
რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების კრიტერიუმები
ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 4 რელიგიური გაერთიანების დასაფინანსებლად 1 750 000 ლარი გამოიყო, აქედან, საქართველოს ისლამურმა თემმა 1,1 მილიონი ლარი მიიღო, სომეხთა სამოციქულო ქრისტიანთა თემმა- 0,3 მლნ ლარი, რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულმა თემმა- 0,2 მლნ ლარი, ხოლო საქართველოს იუდეურმა თემმა – 0,15 მლნ ლარი.
სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ანგარიშში კონფესიებისთვის თანხის გადაცემა დასაბუთებულია იმით, რომ საბჭოთა ეპოქაში ბევრმა რელიგურმა კონფესიამ მორალური და მატერიალური ზარალი განიცადა. ამიტომაც მთავრობამ “გამოხატა პოლიტიკური ნება”, რომ რელიგიური გაერთიანებებისთვის ამ მატერიალური და მორალური ზიანისთვის გარკვეული “ნაწილობრივი და სიმბოლური ანაზღაურება” გაეცა.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არც იურიდიულად და არც მორალურად არ გახლავთ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, საქართველოს დამოუკიდებელმა სახელმწიფომ იგრძნო მორალური პასუხისმგებლობა იმ კონფესიათა წინაშე, რომლებიც საქართველოში ეწეოდნენ საქმიანობას,” – განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ანგარიშის პრეზენტაციისას.
თუმცა მოგვიანებით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების კრიტერიუმებზე საუბრისას ვაშაყმაძემ სულ სხვა მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება:
“ეს არის მრევლის ოდენობა, ეს გახლავთ საკულტო ნაგებობების ოდენობა და ეს გახლავთ სასულიერო პირების სავარაუდო არსებობა,”- განაცხადა მან.
EMC-ის წარმომადგენელი, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ეს კრიტერიუმები არანაირად არ არის რაიმენაირად დაკავშირებული მიყენებული ზიანის ოდენობასთან. ასევე, მისი თქმით, არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს ზიანის ოდენობის დაანგარიშება.
EMC–ის სტატიაში, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების სამართლებრივ შეფასებას ეხება, წერია, რომ კონფესიებზე “გაცემულ თანხებს შორის აშკარა დისპროპორციაა”.
ვაშაყმაძე ამბობს, რომ ვინაიდან სტატისტიკური მონაცემები, კერძოდ, საკულტო აღწერის შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, სახელმწიფომ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება უკვე არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო. ასევე, ინფორმაცია მიიღეს რელიგიურ კონფესიებთან პირადი შეხვედრებიდანაც.
თუ მომავალ წელს ზუსტი მონაცემები ექნებათ ხელთ, შესაძლოა კონფესიების დაფინანსების მხრივ სააგენტომ განსხვავებული მიდგომა გამოიყენოს. ვაშაყმაძე არც დაფინანსებული კონფესიების რაოდენობის ზრდას გამორიცხავს.
“ხვალ და ზეგ შეიძლება ამას დაემატოს, ბუნებრივია, მაგრამ რაღაცისგან ხომ უნდა დაგვეწყო ათვლის წერტილი. დავიწყეთ ოთხიდან. შეიძლება 2016–ში, 2015–ში დაემატოს, 2017–ში კიდევ ერთი დაემატოს. ვმსჯელობთ. მთავარია დავიწყეთ,”– განაცხადა ვაშაყმაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

სახელმწიფოს მორალური პასუხისმგებლობა თუ კონტროლის მცდელობა?
ანგარიშის თანახმად, 2015 წელს რელიგიური კონფესიების დაფინანსება 3 500 000 ლარამდე იზრდება.
“მე მინდა ხმამაღლა განვაცხადო ხელისუფლების, ასე ვთქვათ, სასარგებლოდ და ჩვენს სასარგებლოდაც, რა თქმა უნდა, რომ წლევანდელ წელს ეს თანხები გაორმაგებულია,” – თქვა ზაზა ვაშაყმაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რელიგიის სააგენტოსგან განსხვავებით, რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას ნეგატიურ ცვლილებად აფასებს EMC. ორგანიზაციის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ დაფინანსება რელიგური ორგანიზაციების ავტონომიაში ჩარევის და მათი კონტროლის მექანიზმს წარმოადგენს.
იმ 4 კონფესიას შორის, რომელიც სახელმწიფომ გასულ წელს დააფინასა, ყველაზე დიდი ნაწილი (1 100 000 ლარი) საქართველოს ისლამურმა თემმა მიიღო. თამთა მიქელაძის თქმით, ამ თანხის 75% სამუფთო სამმართველოს სასულიერო პირების ხელფასებზე მოდის.
“მუსლიმ თემს და სამუფთო სამმართველოს შორის გაუცხოება და გარკვეულწილად კონფლიქტი ცალკეულ კრიტიკულ შემთხვევებში- ეს იქნებოდა ჭელას მინარეთის ეპიზოდი, მოხეს ინციდენტი, ბათუმში ახალი მეჩეთის საკითხები- გამოჩნდა. ამ პირობებში სამუფთო სამმართველოსთვს ამ ოდენობის თანხების გადაცემა, რა თქმა უნდა, არის ამ ორგანიზაციის კონტროლის მექანიზმი,”- ამბობს მიქელაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
გარდა ამისა, მიქელაძე თვლის, რომ სახელმწიფოს მხრიდან რელიგიურ ორგანიზაციათა კონტროლის მექანიზმად შესაძლოა მათთვის გადაცემული თანხების ხარჯვის აუდიტორული შემოწმების უფლებაც გამოიყენონ.
“სააგენტო იტოვებს აუდიტორული შემოწმების შესაძლებლობასაც და თუ აღმოჩნდა შეუსაბამობა ამ მიზნობრიობასა და გახარჯულ თანხებს შორის, სააგენტო იტოვებს უფლებამოსილებას, შეუჩეროს იმ წლის დაფინანსება”
EMC-ის წარმომადგენელის განცხადებით, გადაცემული თანხების ხარჯვის კონტროლი წინააღმდეგობაში მოდის კომპენსაციასთან, რადგანაც კომპენსაცია საკუთრების უფლების ნაწილია და ამ ნაწილში რელიგიურ ორგანიზაციებს შეუძლიათ ეს თანხა ისე განკარგონ, როგორც მათ სურთ. თამთა მიქელაძე ყოველდღიურ საფინანსო–საბუღალტრო საქმიანობაში სააგენტოს ჩარევას პირდაპირი კონტროლის ფორმად აფასებს.
“მოხეს კომისია”
სოფელ მოხეში სადავო შენობის გარემოებების შემსწავლელი კომისიის პირველი სხდომა 2014 წლის დეკემბერში გაიმართა. ანგარიშის თანახმად, კომისიის მიზანი ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში გასული წლის ოქტომბერში შექმნილი დაპირისპირების განმუხტვა და გამომწვევი პრობლემების მოგვარებაა.
EMC-ში კი მიიჩნევენ, რომ მოხესთან დაკავშირებული კომისიის მანდატი და საქმიანობის წესი სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.
კომისიაში მუსლიმი თემი 4 წევრით, საქართველოს საპატრიარქო 3 წევრით, სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაცია 2 წევრით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 2 წევრით, ხოლო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო – 1 წევრით არის წარმოდგენილი.
სახალხო დამცველი კომისიის საქმიანობაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართვას ითხოვს, თუმცა, ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ეს დღემდე ვერ მოხერხდა. ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, ნინო სულამანიძემ 23 თებერვლის შეხვედრაზეც განაცხადა.
ზაზა ვაშაყმაძემ სახალხო დამცველის წარმომადგენლის პასუხად სხდომაზე განაცხადა, რომ რელიგიის სააგენტომ სახალხო დამცველი სამუშაო სხდომაზე მოიწვია, თუმცა მას თავად ომბუდსმენი არ დაესწრო.
“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მოიწვია სახალხო დამცველი მისი განცხადების საფუძველზე, რაც გულისხმობდა დამკვირვებლის სტატუსით ჩართულიყვნენ კომისიაში, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, მაგრამ, ეს ჩემი ბრალი არ არის, ბოლო სხდომაზე, სამწუხაროდ, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო არ მიხერხდა მისი დასწრება,”– თქვა ვაშაყმაძემ.
მისი განმარტებით, კომისიამ “კეთილი ნება” გამოხატა და ომბუდსმენს კომისიაში წევრის სტატუსით ჩართვა შესთავაზა.
“მან ბრაძანა, რომ ის დაესწრება დამკვირვებლის სტატუსით. ველოდებოდით, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ბოლო სხდომაზე არ გამოცხადდა,“– განაცხადა ვაშაყმაძემ.
თუმცა სახალხო დამცველის მიერ 16 თებერვალს გაკეთებული განცხადებიდან არ ჩანს, რომ კომისიამ სახალხო დამცველს კომისიაში წევრის სტატუსით ჩართვა შესთავაზა.
იმაზე, რომ კომისიის სხდომებზე დასწრების საშუალება არ მიეცათ, EMC–ის წარმომადგენელიც საუბრობს. თამთა მიქელაძის თქმით, კომისიას წერილობით არაერთხელ მიმართა, მაგრამ კომისიამ მას განუმარტა, რომ არ არის ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, მას არ აქვს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება.
“იმის გამო, რომ მოხეში სადავო შენობასთან დაკავშირებული საკითხი რეალურად რესტიტუციის პრობლემას უკავშირდება და რელიგიურ უმცირესობებს ქონების რესტიტუციის საკითხი სერიოზულ გამოწვევად უდგათ წლების განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში ასეთი დახურული პროცედურებით და მექანიზმით ამ საკითხის გადაწყვეტა, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია და ამ პროცესს, პრინციპში, მთლიანად წარუძღვა და უხელმძღვანელა სააგენტომ,”– ამბობს მიქელაძე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში 2014 წლის 22 ოქტომბერს ადგილობრივმა თვითმმართველობამ შენობის დემონტაჟი დაიწყო, სადაც ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, ადრე იყო მეჩეთი, რომელიც საბჭოთა პერიოდში კლუბად გადააკეთეს. გამგეობამ ბიბლიოთეკის მოწყობა გადაწყვიტა, რასაც ადგილობრივი მუსლიმები ეწინააღმდეგებიან. 22 ოქტომბერს პოლიციამ მოხეს 14 მცხოვრები დააკავა. თვითმხილველების თქმით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, პოლიციის მხრიდან რამდენიმე მოქალაქის ცემის ფაქტს.

ბრალდებები არასამთავრობო ორგანიზაციებს
“დღეს ადამიანის რელიგიური თავისუფლების თემა ლამის “პრივატიზებული” აქვს არასამთავრობო სექტორს, იგი სახელმწიფოს და თვით რელიგიის სააგენტოს რატომღაც თავის ოპონენტად მოიაზრებს, რაც ძირშივე აზარალებს ახალი ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ იმიჯს,” – წერია სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ანგარიშში.
იქვე ნათქვამია, რომ ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, რელიგიის სააგენტომ იცის, რაოდენ საჭიროა არასამთავრობო სექტორთან “ღია და თანამშრომლობის სურვილზე აწყობილი ურთიერთობა”.
“პრივატიზებული რას ნიშნავს? ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებული ვართ ამ საკითხებით და ვმუშაობთ რელიგიური ორგანიზაციების უფლებების დაცვის თემაზე,”– ასე უპასუხა სააგენტოს კრიტიკას TDI–ის დირექტორმა ეკა ჭითანვამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
ჭითანავას თქმით, სააგენტოს პოზიციაა, რომ არ უნდა არსებობდეს ასეთი ტიპის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ექსკლუზიურად რელიგიის საკითხებზე მუშაობს და ასეთი მისი არსებობა რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში ჩარევის საფრთხეს ქმნის.
თამთა მიქელაძე კი ამბობს, რომ თუ გარკვეულ ნაწილში არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს აკრიტიკებენ და ცდილობენ სამართლებრივ დახმარებას რელიგიური ორგანიზაციებისთვის, ეს ოპონირებად არ უნდა იყოს აღქმული.
“მთლიანი ტექსტი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ეთმობა, პრინციპში, არის დისკრედიტაციის მცდელობა იმ როლის და საქმიანობის, რასაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციური ნაწილი ეწევა,”– ამბობს მიქელაძე.
ზაზა ვაშაყმაძემ კი “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ რელიგიების სააგანტო ახალი ინსტიტუტია და მისი გაჩენის საფუძველზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცა ვიღაცის კონკურენტია. მისი განმარტებით, ეს სფერო არც მათ აქვთ “პრივატიზებული” და არც ვინმე სხვას:
“როგორც გითხარით, ინსტიტუცია არის ახალი, ასეთი რამ საქართველოში აქამდე არ ყოფილა. თუ დავაკვირდებით ბოლო 20–25 წლის განმავლობაში არსებულ სიტუაციას, ეს სფერო ერთგვარად ჰქონდა ამ ინსტიტუციის არარსებობის გამო გარკვეულ სეგმენტს ამ მიმართულებით აქცენტი გაკეთებული და ეს იყო ძირითადად, ამ შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორი. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, ხდებოდა ამ თემებზე აპელირება თუ საკითხის დარეგულირება, თუ თემების წამოწევა. ეს არის მხოლოდ, და მხოლოდ ეს იგულისხმება. ანუ ზოგადად, ამ ინსტიტუციის გაჩენის საფუძველზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ვიღაცა ვიღაცის კონკურენტია. არავინ არავის კონკურენტი არ არის, რაზეა საუბარი. იმათ თავიანთი მიმართულება აქვთ, ჩვენ ჩვენი მიმართულება გვაქვს. შესაბამისად, არც ჩვენი კომპეტენციაა მარტო და ჩვენი მიმართულებაა, არ გვაქვს ეს სფერო პრივატიზებული და არც, ბუნებრივია, ვინმე სხვას,“– ამბობს ვაშაყმაძე.
გაგზავნეს თუ არა რეკომენდაციები არასამთავრობოებმა?
ანგარიშში ისიც არის ნათქვამი, რომ TDI–სა და EMC–ის კვლევის გაცნობის შედეგ, რაც ხელისუფლების მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკას შეეხებოდა, მათ ამ ორგანიზაციებს რეკომენდაციების გაგზავნა თხოვეს, რაც სააგენტოს კვლევაში ასახული პრობლემების მოგვარებას გაუიოლებდა.
“რეკომენდაციები დღემდე არ მიგვიღია,” – წერს სააგენტო ანგარიშში.
აქ მოხსენიებულმა არსამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა “ნეტგაზეთს” არ დაუდასტურეს ინფორმაცია სააგენტოს მიერ რეკომენდაცების თხოვნის შესახებ.
TDI–ს დირექტორის თქმით, კვლევის გაცნობის შემდეგ მათ სააგენტოში უთხრეს, რომ მომავალში გაითვალისწინებდნენ ამ ხარვეზებს, რომელიც არსებობდა დაფინანსების მოდელში, თუმცა არაფერი არ უთქვამთ, რომ მათთვის რეკომენდაციებით მიემართათ.
“არანაირი რეკომენდაციები მათთვის არ შეგვითავაზებია, არც მათი მხრიდან იყო რაიმე თხოვნა, რომ წერილობით, ან თუნდაც ვერბალურად, ასეთი რეკომენდაციები შეგვეთავაზებინა,”– თქვა ეკა ჭითანავამ.
EMC–ის წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემაც დაადასტურა, რომ კვლევის პრეზენტაციაზე კონკრეტულად რეკომენდაციებზე საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, სააგენტოსთან რეკომენდაციის წარდგენასთან დაკავშირებით ზეპირი კომუნიკაციაც არ ყოფილა.