მთავრობის ინიცირებული ამ კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. კანონპროექტის მიხედვით, რამდენიმე ცვლილება შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, მათ შორის ერთ-ერთი შუღლის გაღვივებას შეეხება.
კერძოდ, კოდექსს ემატება 239-ე პრიმა მუხლი “მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით”.
ეს მუხლი ასეთი შინაარსისაა:
“მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ესე იგი ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოცილაური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ამ განხეთქილების ჩამოგდების მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე”.
ამ მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის, ან განხეთქილების ჩამოგდება, რაც გამოიხატა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, სიცოცხლის მოსპობაში ან სხვა მძიმე შედეგში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8–დან 15 წლამდე.
განმარტებით ბარათის მიხედვით, “სხვა მძიმე შედეგი” უნდა დასაბუთდეს პროკურორის მიერ დანაშაულის ბრალდების დროს, ხოლო დადგინდეს სასამართლოს მიერ ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე.
კანონპროექტის მიხედვით, 239-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის შემოღებას განმარტებით ბარათში ასე ასაბუთებს:
“დღეს მოქმედი კოდექსის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად არ ითვლება საზოგადბისთვის ისეთი საშიში მოვლენა, როგორიც არის – შუღლის გაღვივება. დღეს მოქმედი კოდექსით ისჯება მხოლოდ შუღლის გაღვივების ნიადაგზე ჩადენილი ქმედება (მაგალითად, განზრახ მკვლელობა ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი შეუწყნარებლობის გამო), თუმცა რეგულაციის მიღმაა დარჩენილი თავად შუღლის გაღვივების ფაქტი, რომელსაც შეუძლია უფრო მასშტაბური და მძიმე შედეგების გამოწვევა.”
ინიციატორების განმარტებით, ეს მუხლი სრულიად შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას და მოყვანილია გერმანიის მაგალითი იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული ქვეყნების სისხლის სამართლის კოდექსებიც შეიცავს მსგავს ჩანაწერებს. მაგალითად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და ესტონეთის მაგალითები:
“გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლი სჯის შუღლის გაღვივებას სხვადასხვა ნიშნით გაერთიანებულ ჯგუფებს შორის. გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის შემადგენლობით, შუღლის გაღვივების დასჯადობა განსაზღვრულია, როგორც საზოგადოების განსხვავებული სეგმენტების მიმართ ძალადობრივი ან სხვა თვითნებური მოქმედებებისკენ მოწოდება, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მშვიდობის დარღვევას.”
კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც შეეხება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო ფორმირებაში გაწევრიანებას ან/და მონაწილეობას, ასევე უცხო სახელმწიფოში გამგაზვრება ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების და ასე შემდეგ მიზნით. ამ ცვლილებებზე მოკლედ იუსტიციის მინისტრმაც ისაუბრა 13 იანვარს.
აღნიშნული კანონპროექტი შემუშავებულ იქნა აშშ-ის იუსტიციის დეპრატამენტის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
ჯერ ცნობილი არ არის, როდის დაიწყება კანონპროექტის განხილვა პარლამენტში.








