საზოგადოება

სად და რა ფასად შეიძლება თბილისში საახალწლოდ ნაძვის ხის შეძენა [ფოტო]

20 დეკემბერი, 2014 • 12982
სად და რა ფასად შეიძლება თბილისში საახალწლოდ ნაძვის ხის შეძენა [ფოტო]

სადგურის მოედნისა და დინამოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნური ნაძვის ხის ფასი 5–10 ლარიდან იწყება და ზომის მიხედვით იმატებს.

 

როგორც მოვაჭრეებმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნეს, ხელოვნური ნაძვის ხეების უმეტესობა ჩინეთიდან ან ტაილანდიდან არის იმპორტირებული, ასევე, იყიდება დუბაიდან შემოტანილი ნაძვის ხეებიც.

ნაძვის ხის ბაზრობა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე  20.12.2014
ნაძვის ხის ბაზრობა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 20.12.2014

ერთ–ერთმა მოვაჭრემ გვითხრა, რომ დოლარის მიმართ ლარის კურსის დაცემის გამო იმპორტირებული ნაძვის ხეები გაძვირებულია.  მისი თქმით, შარშანდელთან შედარებით პატარა ნაძვის ხეების შემთხვევაში სხვაობა 5 ლარს არ აღემატება, დიდების შემთხვევაში კი ეს სხვაობა იზრდება.

გარდა ამისა, მოვაჭრეები მყიდველის ნაკლებობასაც უჩივიან და აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით წელს ნაძვის ხეს უფრო ცოტა ადამიანი ყიდულობს.

“ვისაც ფული აქვს, სავაჭრო ცენტრებში ყიდულობენ და აქ აღარ გამოდიან. ვისაც ფული არ აქვს, ისინი მოდიან აქ, იმათ ეძვირებათ უკვე და ვეღარ ყიდულობენ. შარშანდელთან შედარებით ბევრად მოიკლო მუშაობამ,”– თქვა ერთ–ერთმა მათგანმა.

მყიდველი არჩევს ნაძვის ხეს დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 20.12.2014
მყიდველი არჩევს ნაძვის ხეს დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 20.12.2014

რაც შეეხება ჩიჩილაკს,  სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი ფასი 1 ლარიდან იწყება და ზომების მიხედვით იზრდება. საშუალო ზომის ჩიჩილაკის შეძენა 6–10 ლარად არის შესაძლებელი. მოვაჭრეების განცხადებით, ჩიჩილაკები გასაყიდად ძირითადად მარტვილიდან ჩამოაქვთ.

ჩიჩილაკი ბაზრობაზე სპორტის სასახლის წინ 20.12.2014
ჩიჩილაკი ბაზრობაზე სპორტის სასახლის წინ 20.12.2014

სპორტის სასახლის წინ ნაძვის ხეების ბაზრობა, მოვაჭრეების თქმით, 16 დეკემბერს გაიხსნა და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქ ნაძვის ხეებს ძირითადად ბუნებრივი ნაძვის ტოტებისგან აწყობენ.

 

მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასულ წელთან შედარებით ფასები დაკლებულია. ნაძვის ხის ფასი აქ 20 ლარიდან იწყება და ზომის მიხედვით იმატებს. კლიენტების მატებას ისინი რამდენიმე დღეში, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ელიან.

ნაძვის ხის ბაზრობა სპორტის სასახლის წინ 20.12.2014
ნაძვის ხის ბაზრობა სპორტის სასახლის წინ 20.12.2014

ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკის ბაზრობა სპორტის სასახლის წინ 20.12.2014
ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკის ბაზრობა სპორტის სასახლის წინ 20.12.2014

ნაძვის ხის ბაზრობა სპორტის სასახლის წინ 20.12.2014
ნაძვის ხის ბაზრობა სპორტის სასახლის წინ 20.12.2014

ჩიჩილაკის გამყიდველი კლიენტის მოლოდინში სპორტის სასახლის წინ 20.12.2014
ჩიჩილაკის გამყიდველი კლიენტის მოლოდინში სპორტის სასახლის წინ 20.12.2014

ნაძვის ხის შეძენა თბილისის მარკეტებშიც შეიძლება.  “დანიურ სახლში” 120 სმ სიმაღლის ხელოვნური ნაძვის ხის შეძენა 39 ლარად არის შესაძლებელი, ამავე ზომის ხელოვნური, გირჩებიანი ნაძვის ხე კი 59 ლარად იყიდება.

 

გუდვილში” ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ნაძვის ხის ღირებულებას აქ მისი ზომა და ის მასალა განაპირობებს, რისგანაც არის დამზადებული. “გუდვილში” ნაძვის ხის მინიმალური ფასი 19 ლარი (სიმაღლე –  30–40 სმ), ხოლო მაქსიმალური ფასი 2 000 ლარამდეა (სიმაღლე – დაახლოებით 4 მ). ქოთანში ჩარგული ნაძვის ხის ფასი კი აქ, “გუდვილის” თანამშრომლის განცხადებით, 27–დან 79 ლარამდე მერყეობს.

 

ასევე, ქოთანში ჩარგულ ნაძვის ხეებს კომპანია EuroPlant Georgia ყიდის, რომელიც ექსპო–ჯორჯიას პირველ პავილიონში მდებარეობს.

 

EuroPlant Georgia-ს თანამშრომლის თქმით, სართიჭალის სანერგე მეურნეობის ნაძვი 1 ცალი 25 ლარი ღირს, 10 ცალის შეძენის შემთხვევაში კი – 20 ლარად იყიდება. მისივე განმარტებით,  მათთან ნაძვის ხეების ფასი 25–დან 1900 ლარამდე მერყეობს.

სართიჭალის სანერგე მეურნეობის ნაძვები ექსპო–ჯორჯიას პირველ პავილიონში 20.12.2014
სართიჭალის სანერგე მეურნეობის ნაძვები ექსპო–ჯორჯიას პირველ პავილიონში 20.12.2014

EuroPlant Georgia-ს ქოთანში ჩარგული ნაძვის ხეები 20.12.2014
EuroPlant Georgia-ს ქოთანში ჩარგული ნაძვის ხეები 20.12.2014

ქოთანში ჩარგულ ნაძვის ხეებს ყიდის კომპანია  “საქართველოს ნერგებიც”, სადაც, როგორც მისმა დირექტორმა, ლევან ხუბულავამ ნეტგაზეთს განუცხადა, ნაძვის ხის ფასები 30 ლარიდან იწყება. მისი თქმით, 30 ლარად იყიდება აღმოსავლური ნაძვი, რომელიც სიმაღლეში 60–70 სანტიმეტრია.

 

კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ გაყიდვებს არ უჩივიან.

 

“ყველას ურჩევნია ცოცხალი ნაძვის ხე იყიდოს, იმიტომ, რომ ახალი წლის შემდეგ ჩარგონ გარეთ,”– განაცხადა ლევან ხუბულურმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი