საზოგადოება

სტრესი – მშობელთა კრება

12 დეკემბერი, 2014 •
სტრესი – მშობელთა კრება

„როდესაც მშობელთა კრება ინიშნება, ყოველთვის ვღელავ. როცა მასწავლებელი სხვა ბავშვების მშობლების თანდასწრებით ლანძღავს შვილს, ეს დედის ღირსების შელახვაა. ამიტომ სულ ვღელავ, არ მინდა, რომ დედაჩემი ჩემ გამო ცუდ გუნებაზე წავიდეს კრებიდან”, – მე-9 კლასის მოსწავლე რუსკა სანიკიძე „ბათუმელებს“ იმაზე უყვება, რასაც ყოველი მშობელთა კრების წინ განიცდის.


ის ამბობს, რომ არ მოსწონს მასწავლებელთა მიდგომა მათი, მოსწავლეების პირადი ინფორმაციისადმი: „ზოგისთვის კარგია ის, რომ ყველას წინაშე თქვას სათქმელი. ისინი თვლიან, რომ ამით მე უფრო სტიმული მომეცემა. თვლიან, რომ მეორე კრებისთვის უფრო მოვემზადები, რომ არ გავილანძღო. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს ცუდი საქციელია, დაითრგუნება ბავშვი, მშობელი და აგრესიას გამოიწვევს დედა-შვილს შორის. მიმაჩნია, რომ დედაჩემმა უნდა მიიღოს ინფორმაცია ჩემ შესახებ და არა ყველა მოსწავლის დედამ. შეგნებული მასწავლებლები ცალკე ლაპარაკობენ მშობელთან.”


რუსკას დედა, თინათინ ჟღენტი ამბობს, რომ მშობელთა კრებებზე, როგორც წესი, მასწავლებლები მშობლებს მოსწავლეების ზოგად პრობლემებზე ელაპარაკებიან: „დამრიგებელი გადმომცემს ნებისმიერ პრობლემას, რაც ჩემი შვილის ირგვლივ ხდება. თუკი მე ინდივიდუალურად მივდივარ, ინდივიდუალურად ვიღებ ინფორმაციას. კრებების დროს ხდება ასე: ზოგად პრობლემაზე საუბრობს დამრიგებელი, – კლასის ბირთვზე, სისუსტესა თუ სიძლიერეზე. პედაგოგები მოდიან ამ კრებაზე, თავისას ლაპარაკობენ კლასის ზოგად მდგომარეობაზე. შემდეგ უკვე ინდივიდუალურად ვესაუბრები პედაგოგებს. ეს ნამდვილად კარგი მეთოდია”.


როგორც ირკვევა, მოსწავლეებისთვის უფრო კომფორტულია, თუკი მასწავლებლები და კლასის ხელმძღვანელები ინდივიდუალურად გაესაუბრებიან ცალკეულ მშობელს.


„ჩემი აზრით, მასწავლებელი უნდა იბარებდეს ყველა ბავშვის მშობელს ცალ-ცალკე და მათთვის დრო, მაგალითად, ათი წუთი უნდა გამოყოს. ეს დრო ეყოფა ერთ ბავშვს. ამ ათი წუთის შემდეგ უნდა გადიოდეს ერთი მშობელი, შემოდიოდეს – მეორე. ჩემთან დაკავშირებული ინფორმაცია არ უნდა იცოდეს სხვისმა მშობელმა. შეიძლება არც აინტერესებდეს, მაგრამ ჩემთვის დისკომფორტი იქნება, თუ სხვასაც ეცოდინება ჩემი პრობლემების შესახებ,“ – ამბობს მე-11 კლასის მოსწავლე დათა საგინაძე.


დღეისათვის საქართველოს რამდენიმე კერძო სკოლაში დანერგილია მასწავლებელსა და მშობელს შორის ინფორმაციის ელექტრონული გზით გაცვლა. რიგ სკოლებში მშობელთა კრებებია მოდიფიცირებული, თუმცა ეს საერთო სურათს არ ცვლის.


რას ფიქრობენ სპეციალისტები ამ თემაზე?


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სრული პროფესორი, მეთოდისტი ლელა თავდგირიძე ამბობს, რომ მშობელსა და მასწავლებელს შორის მჭიდრო კავშირი უნდა იყოს: “მაგრამ, ეს ისე უნდა მოხერხდეს, რომ არც ერთი ბავშვის ღირსება არ შეილახოს. მშობლისა და სკოლის კავშირი მხოლოდ სკოლით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მშობელთა კრება ტარდება თვეში ერთხელ და ეს არის ერთგვარი ანგარიში. კლასის დამრიგებელი ვალდებულია მშობლების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ სასწავლო წლის დასაწყისში მოიპოვოს. როდესაც მშობელი და კლასის დამრიგებელი თანამშრომლობს და მარტო პრობლემური ქცევების დროს არ ეძახიან მშობელს, უკეთესად მიდის სწავლების, განათლებისა და აღზრდის საკითხი სკოლაში.


დამრიგებელმა უნდა გაამჟღავნოს თუ არა მოსწავლის პრობლემების შესახებ ინფორმაცია მშობელთა კრებაზე? – ცხადია, ნებისმიერი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ კონფიდენციალური უნდა იყოს და მოსწავლისა და მისი მშობლის ნებართვის გარეშე არ უნდა გაიცეს ეს ინფორმაცია სხვებზე. მშობელთა კრებაზე კლასის დამრიგებელმა შეიძლება საერთო წარმატებებზე ისაუბროს, მაგრამ, სასურველია, პრობლემებზე ინდივიდუალურად დაიბაროს მშობელი, ან სკოლაში კი არ დაიბაროს, სადღაც არაფორმალურ გარემოში შეხვდეს. ვიდრე წარმოიქმნება რაღაც პრობლემა, მანამდე უნდა თანამშრომლობდეს კლასის დამრიგებელი მშობლებთან. უნდა ეკითხებოდეს მისი შვილის მისწრაფებების, ინტერესების შესახებ.


მნიშვნელოვანია კლასგარეშე ღონისძიებებში ერთობლივი მონაწილეობა. როდესაც ბავშვი ხედავს მასწავლებელი ერთს ეუბნება სკოლაში, მშობელი ამბობს, ერთი შენი მასწავლებელი მოცლილია, ანუ გათიშულობა როდესაც არის, მოსწავლე არც მასწავლებლის სურვილებს ასრულებს, არც მშობლისას.


ევროპის მოწინავე სკოლებში და საქართველოს რამდენიმე კერძო სკოლაში არის ე.წ. ელექტრონული ჟურნალი, რომელზეც წვდომა აქვს მშობელს, საგნის მასწავლებელს და საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს. ეს არის ერთიანი ელექტრონული სივრცე, სადაც ფიქსირდება მოსწავლის ყოველდღიური შეფასება. მშობელს შეუძლია ყველასგან დამოუკიდებლად გაიგოს შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია. ელექტრონული ფოსტითაც შეუძლიათ მისწერონ და გაუზიარონ ერთმანეთს შეხედულებები. მშობელთა კრება აუცილებელია არა პრობლემური ქცევის განსახილველად. თუკი ელექტრონული ჟურნალი დაინერგება, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ გარემოს.


რამდენად სტრესულია მოსწავლის თუნდაც აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება მშობელთა კრებაზე? – არანაირად არ არის გამართლებული საყვედურიც კი მშობელთან ერთად და განსაკუთრებით სხვა მოსწავლის მშობელთან ერთად რომ ითქვას. როდესაც ეს ხდება სხვების თანდასწრებით, არაპედაგოგიურია ეს ქცევა. ეს ბუმერანგივითაა, მასწავლებელი როგორც ექცევა მოსწავლეს, შესაბამისად, მისგანაც ასეთივე ქცევას იღებს. მასწავლებელი ყოველთვის არის მოდელი თავისი მოსწავლეებისთვის. თუკი მოსწავლე ხედავს, რომ სხვების თანდასწრებით ვიღაცამ შენიშვნა მისცა, შეუძლია მანაც იგივე გააკეთოს.


ჰუმანური პედაგოგიკა გვეუბნება, რომ მოსწავლეებისადმი უნდა გამოვხატოთ უპირობო დადებითი შეფასება. ის როდესაც ცუდად იქცევა, ჩვენ არ ვეუბნებით, რომ შენ ცუდი ხარ. ჩვენ ვეუბნებით, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ და ძალიან დიდ პატივს გცემ, მაგრამ მეწყინა, რომ ეს გააკეთე. ანუ ჩვენ მის პიროვნულ ღირსებებს კი არ ვეხებით, არამედ კომენტარს ვაკეთებთ მის ქცევაზე და მივუთითებთ, რომ სხვა დროისათვის ეს ასე არ გააკეთოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი