საზოგადოება

არასამთავრობოები ქობულეთში ბავშვთა სახლის წინააღმდეგ

3 დეკემბერი, 2014 • 1811
არასამთავრობოები ქობულეთში ბავშვთა სახლის წინააღმდეგ

 

23 ნოემბერს კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ ქობულეთში პირველი საბავშვო პანსიონი გახსნა. ფონდის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პანსიონი რეგიონში მცხოვრებ 50 ბავშვზეა გათვლილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ბავშვები სააღმზრდელო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, ტანისამოსით, ტექნიკითა და  სამედიცინო მომსახურებით. საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი „სოციალურ პარტნიორობას“ რამდენიმე წელია თბილისში აქვს გახსნილი.

 

გაეროს ბავშვთა ფონდმა, საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა და საქართველოს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის, რომელიც ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე 51 ორგანიზაციას აერთიანებს, ქობულეთში პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

 

„ბოლო წლების მანძილზე სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული იყო ოჯახების გაძლიერებისკენ, რათა ბავშვები საკუთარ ოჯახებში ან ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში გაზრდილიყვნენ. ჩვენმა გამოცდილებამ გაგვიღრმავა რწმენა, რომ ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა გამართლებულია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და განვითარებას ემუქრება საფრთხე. სიღარიბე და ოჯახის გაჭირვება არ არის ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის გამართლება. არანაირი პანსიონის გარემო არ შეუცვლის ბავშვს ოჯახურ სითბოს და ვერც მოახდენს მის სრულფასოვან განვითარებას“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

ბავშვზე ზრუნვა საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება და ლიცენზიის გარეშე წარმოებული მსგავსი საქმიანობა კანონდარღვევად ითვლება. ქობულეთში გახსნილ პანსიონს შესაბამისი ლიცენზია არ აქვს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თუკი ახალგახსნილი პანსიონი ბავშვებს მიიღებს, დაჯარიმდება.

 

„აღნიშნული ორგანიზაცია არ დაკავშირებია ჯანდაცვის სამინისტროს. თუმცა კი მათ აქვთ მცირე საოჯახო ტიპის სახლი და ზუსტად იციან რა პირობებია და რა ლიცენზია უნდა ჰქონდეთ. სკოლა-პანსიონი რომ გაიხსნას, სკოლის შენობა იქვე უნდა იყოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს დაწესებულება სკოლის შენობაში არ არის. რა წუთას ბავშვები ჩაირიცხებიან, რასაკვირველია გავარკვევთ თუ არის ეს სააღმზრდელო დაწესებულება, მაშინ მათ ლიცენზირების არ ქონის გამო გარკვეული პასუხისმგებლობა ექნებათ“, – აცხადებს მარი წერეთელი.

 

მისივე თქმით, საქველმოქმედო ფონდის წამოწყება შორს დგას სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან. „ეს არ არის პატრიოტული აზროვნება. ყველა ბავშვის ბიოლოგიური ოჯახი უნდა გაძლიერდეს იმისათვის, რომ ბავშვები არ გამოვიყვანოთ იქიდან. ფოჩიანი კანფეტების ხათრით გამოვიყვანოთ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვები, ეს არ არის არც ბავშვის ინტერესებში და არც სახელმწიფოს პოლიტიკა“, – აცხადებს მარი წერეთელი.

 

კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს სოციალური დაცვის სააგენტო პანსიონის გახსნის შემთხვევაში, მარი წერეთელი პასუხობს, რომ ფონდი დაჯარიმდება.

 

გაეროს ბავშვთა ფონდის  სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან მელიქაძე აქცენტს ბავშვის უფლებებზე აკეთებს.

 

„ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება გაიზარდოს ოჯახში, ბედნიერი და  მხიარული იყოს, ან ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში. რამდენადაც ვიცი, არაკანონიერიც არის ის წამოწყება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რადგან არც ბავშვთა დაცვის სტანდარტები და სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირება არ უშვებს ათ ბავშვზე დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულების გახსნას. რაც შეეხება სკოლა-პანსიონს, რამდენადაც მე განათლების სამინისტროდან მაქვს ინფორმაცია, მათ არ გაუციათ სკოლა-პანსიონზე გახსნის უფლება. სხვა ფორმას არ იცნობს ქართული კანონმდებლობა“, – ამბობს ქეთევან მელიქაძე. 

 

მისივე თქმით, თუკი ფინანსური შესაძლებლობა არსებობს, უმჯობესია ფონდი უშუალოდ ოჯახებს დაეხმაროს.

 

„უფრო მეტ ოჯახს დაეხმარებიან იმავე ხარჯებით და უფრო ბედნიერები იქნებიან ბავშვები თავიანთ მშობლებთან ერთად. ბავშვის უფლებათა კონვენციას მოაწერა ხელი ქვეყანამ 1994 წელს, რომლითაც ყველამ ავიღეთ ვალდებულება, რომ ბავშვი სწორედ ასეთ არაძალადობრივ, ოჯახურ გარემოში უნდა იზრდებოდეს. მთელი ინფრასტრუქტურა  და ამდენი წლის განმავლობაში მთელი ძალისხმევა სწორედ ის არის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ აქეთ მივდივართ. ის რაც ახლა ხდება, არის სრულიად საწინააღმდეგო ერთიანი კურსისა და არ არის ბავშვის ინტერესებში“, – აცხადებს ქეთევან მელიქაძე.

 

საქართველოში სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლა-პანსიონები აღარ არსებობს. არის მხოლოდ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები. თუმცა ამის პარალელურად არსებობს რელიგიური პანსიონები, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოსა და სხვადასხვა რელიგიურ კონფესიების პატრონაჟის ქვეშაა.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მარი წერეთლის თქმით, „ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან ფაქიზად მუშაობს რელიგიურ დაწესებულებებთან. გვაქვს საშუალება, რომ შევიდეთ, შევაფასოთ, შევისწავლოთ იქ თითოეული ბავშვისა და მათი ოჯახების მდგომარეობა. რამდენად შეგვიძლია დავეხმაროთ ოჯახს საკუთარი შვილი გაზარდოს. დედამ შვილი დააძინოს თავის ლოგინში. საპატრიარქოს და ჩვენ გვაქვს მშვენიერი ურთიერთობა. ბავშვებსაც ვიცნობთ, ვმუშაობთ ოჯახებთან. საპატრიარქო მზადაა სააღმზრდელო დაწესებულების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა და ვიმუშაოთ“.

 

განსხვავებულად ფიქრობს გაეროს ბავშვთა ფონდის  სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან მელიქაძე:

 

„მე არ გამოვყოფდი ეს რელიგიურია, საერო თუ არასამთავრობო. ჩემთვის მიდგომა ერთი და იგივეა. ბავშვი მაქსიმალურად უნდა ცხოვრობდეს ოჯახში, სწავლობდეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ სკოლაზე მას ხელი არ მიუწვდება, ეს ამოცანა უნდა დადგეს განათლების სამინისტროს წინაშე. არსებობს არაფორმალური მექანიზმები, როგორიც არის თემის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა. მთელი ეს ხელშეწყობა ისევ და ისევ, არა აქვს ამას მნიშვნელობა რელიგიურია თუ არა, მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ბავშვი ცხოვრობდეს ოჯახში და დადიოდეს სკოლაში“.

 

მისივე თქმით, თუკი ფინანსური შესაძლებლობა არსებობს, სასურველია ის მიიმართოს ოჯახის გაძლიერებისკენ.

 

„ოჯახის გაძლიერების სხვადასხვა მომსახურება არსებობს საქართველოში, მათ შორის დღის ცენტრები. სადაც, ვთქვათ, ბავშვები, რომლებიც შეჭირვებული ოჯახიდან არიან, დღის მეორე ნახევარს შეიძლება ატარებდნენ დღის ცენტრში, სადაც ისინი ბაზისური საჭიროებებით დაკმაყოფილდებიან და თან დაცულ გარემოში იქნებიან; განათლების მიღებაშიც მიეხმარებიან არაფორმალურად.

 

გარდა ამისა, არსებობს ასეთი ფორმა, – ფინანსური ფონდი, ინდივიდუალურად რომ განისაზღვროს ოჯახის საჭიროებები და ფული მიიმართოს ოჯახისა და ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებაზე. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს სახელმწიფოს სოციალური სამსახურის მეშვეობით მოხდება, ანუ სოციალური მუშაკი განსაზღვრავს კონკრეტული ოჯახის საჭიროებას, ხოლო ფული გამოყოფილი იქნება ამ რაღაცა სოციალური ფონდიდან, გაცილებით უფრო ეფექტური და ბავშვისთვის უფრო კეთილსაიმედო გარემოს შესაქმნელად“.  

მასალების გადაბეჭდვის წესი