საზოგადოება

“გამოკითხულ ყოფილ და ახლანდელ პატიმართა 75.4% ამბობს, რომ ფიზიკურად აწამებდნენ”

4 ნოემბერი, 2014 • 1047
“გამოკითხულ ყოფილ და ახლანდელ პატიმართა 75.4% ამბობს, რომ ფიზიკურად აწამებდნენ”

კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლევის მიზანი 2003 წლიდან დღემდე სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა ცხოვრების პირობებისა და მათ მიმართ მოპყრობის პრაქტიკების გამოვლენა, ასევე პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიზნისა და კონტექსტის შესწავლა იყო. კვლევა 2014 წლის პირველ კვარტალში ჩატარდა და მასში მონაწილეობა როგორც ახლანდელმა, ისე ყოფილმა პატიმრებმა მიიღეს.

 

კვლევის მიხედვით, ამჟამინდელ და ყოფილ პატიმართა მონათხრობები ფიზიკურ წამებასა და არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობასთან მიმართებაში ერთმანეთისგან განსხვავდება:

 

ანგარიშის თანახმად, ამჟამინდელი პატიმრების 84.4% და ყოფილი პატიმრების 66.4% აცხადებს, რომ წარსულში მათ ფიზიკურად აწამებდნენ; ხოლო, ამჟამინდელი პატიმრების 74.6% და ყოფილი პატიმრების 63%-მდე ამბობს, რომ წარსულში ადგილი ჰქონდა არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას.


რაც შეეხება მდგომარეობას ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გამოკითხულთა 61%-მდე აცხადებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები აღმოიფხვრა. ხოლო ამჟამინდელ პატიმართა 31%–მდე კი ამბობს, რომ ასეთი ფაქტები შემცირდა, თუმცა ბოლომდე არ აღმოფხვრილა.


 

ანგარიშის მიხედვით, რესპონდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათ წამების მიზანი საპატიმროებში საყოველთაო შიშის დანერგვა და პიროვნების დამორჩილება იყო.

 

“რესპონდენტებს 5 ბალიან სკალაზე, 1–იდან 5 ქულამდე (სადაც 1 აღნიშნავს „სრულიად უმნიშვნელოს“ ხოლო 5 – „ძალზე მნიშვნელოვანს“), უნდა შეეფასებინათ, თუ რამდენად იყო ესა თუ ის ფაქტორი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიზანი.

 

გამოიკვეთა ის ფაქტორები, რომლებსაც რესპონდენტთა უმრავლესობამ მაქსიმალური, 5 ქულა მიანიჭა მნიშვნელოვნების სკალაზე; მათ შორის, გამოირჩევა ორი ფაქტორი: 1) საპატიმროებში საყოველთაო შიშის დანერგვა (ამ ფაქტორს რესპონდენტთა 86%-მა მიანიჭა მაქსიმალური ქულა); 2) პიროვნების დამორჩილება/დათრგუნვა (80% ანიჭებს მაქსიმალურ ქულას)”.

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით თითქმის ყოველი მეორე გამოკითხული (51.5%), ვისაც ასეთი ფაქტები შეემთხვა აცხადებს, რომ პირადად მათი წამების ფოტო და ვიდეო დოკუმენტირება არ ხდებოდა

 

“რაც შეეხება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ფოტო/ვიდეო დოკუმენტირების მიზნებს, გამოკითხულთა უმრავლესობა (მერყეობს 55-82%-ის ფარგლებში) მიიჩნევს, რომ ასეთი მიზნები იყო: პატიმრის ან მისი ოჯახის წევრისთვის რაიმე ქმედების იძულება (აგენტად გადმობირება, პოლიტიკური შეხედულების შეცვლა, ფულის/ქომების გამოძალვა და სხვ.); პატიმრის დამცირება, ღირსების შელახვა; სხვა პატიმრებისთვის ფოტო/ვიდეო მასალის ჩვენება, მათი დამორჩილება/დათრგუნვა; პატიმრის მიერ წამების ფაქტის არგამხელა; მწამებელთა და წამების ორგანიზატორთა მიერ სიამოვნების მიღება,”– ნათქვამია ანგარიშში.

 

კვლევის მიხედვით, რესპონდენტების მონათხრობიდან იკვეთება, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების ფაქტები არ წარმოადგენდა ერთი რომელიმე კონკრეტული სასჯელაღსრულებითი ან სხვა დაწესებულების პრაქტიკის ნაწილს, არამედ გავრცელებული იყო საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებსა თუ სტრუქტურებსა. თუმცა, აღნიშნულია, რომ ფიზიკური წამების შემთხვევათა 55% და ფსიქოლოგიური წამების შემთხვევათა 54% გლდანის სასჯელაღრულებით დაწესებულებას უკავშირდება.

 

კვლევვა 2014 წლის პირველ კვარტალში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში გამოკითხნენ როგორც ყოფილი, ისე ამჟამინდელი პატიმრები. სულ შერჩევის მოცულობამ შეადგინა 1199 რესპონდენტი (მათ შორის ამჟამინდელი პატიმარია 598, ხოლო ყოფილი პატიმარი – 601).

 

გამოკითხვა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტთა ანონიმურობის დაცვით. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპის მიხედვით შეიერჩნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი