საზოგადოება

შრომის უფლება, რომელსაც შშმ პირები ვერ იყენებენ

11 ოქტომბერი, 2014 • • 3090
შრომის უფლება, რომელსაც შშმ პირები ვერ იყენებენ

დალი მოსულიშვილს ჟურნალისტის უმაღლესი განათლება აქვს, თუმცა სამსახურს ვერ შოულობს. არა მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოში მცირე სამუშაო ადგილებია, არამედ იმიტომ, რომ სამსახურის მოძიება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კიდევ უფრო რთულია, თუ შეუძლებელი არა.

დალი საუბრობს იმაზე, რომ მან არაერთგან გააგზავნა თავისი რეზიუმე, თუმცა, უშედეგოდ. იმის მიუხედავად, რომ მუშაობისთვის ადაპტირებული გარემო არ სჭირდება, დამსაქმებლები თავს არიდებენ მისი დასაქმებისაგან.

“პირდაპირ ამ მიზეზით არ გიშორებენ თავიდან. ყველაფერი მოწონთ, აკმაყოფილებთ, ვჭირდები, აუცილებლად დაგირეკავთ, მაგრამ, საერთო ჯამში, არ გირეკავენ”, – ამბობს ის.

 

მას შემდეგ, რაც ყველა რესურსი ამოწურა, დალიმ მხარდაჭერისთვის ასოციაცია “ანიკას” მიმართა. ის ჩაერთო პროექტში “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები – საზოგადოების განუყოფელი და პატივსაცემი ნაწილი”.

 

პროექტის დახმარებით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში 6-თვიანი სტაჟირება გაიარა. მუშაობდა დილის გადაცემაში, ამზადებდა სიუჟეტებს, იწერდა ინტერვიუებს, თუმცა სტაჟირების პერიოდის გასვლის შემდეგ იძულებული გახდა წამოსულიყო, რადგან შტატში ჩასმის პერსპექტივა ვერ დაინახა.

 

“არაჩვეულებრივი გარემო იყო, ასე მარტივი არ არის ტელევიზიის შტატში ჩასმა. არ ჩანდა შტაშტში ჩასმა რეალურად და მივხვდი, რომ დროს ვკარგავდი”, – ამბობს დალი მოსულიშვილი.

 

გიორგი ალავიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ შშმ პირებს სჭირდებათ კვალიფიკაციის ამაღლება, თუმცა უფრო მეტად დამსაქმებლებს სჭირდებათ ცნობიერების ამაღლება.

 

ალავიძი თქმით, დასაქმების ადგილებში არ არის ადაპტირებული გარემო, სადაც გადაადგილება ადვილი შესაძლებელი იქნება. მან ექსპერიმენტი ჩაატარა, სადაც რამდენიმე დამსაქმებელს ეკითხებოდა, თუ ჰქონდათ ადაპტირებული გარემო სამუშაო ადგილზე, აღმოჩნდა, რომ გარემო, სადაც ეტლით მოსარგებლე დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებდა, ვერ ნახა.

 

შშმ პირთა შრომითი უფლებები
შშმ პირთა შრომითი უფლებები

“პირველ რიგში უნდა იყოს ადაპტირებული გარემო. წარმოუდგენელია ყოველდღიურად ისეთ ადგილას სიარული, სადაც ვინმე უნდა დაგეხმაროს. შენს თვითშეფასებასაც დაადაბლებს და დისკრიმინაციულია, საერთოდ”, – ამბობს ალავიძე.

 

გიორგი ალავიძე ამბობს, რომ დამსაქმებლებს ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება დაასაქმონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. მან თვითდასაქმების გზას მიმართა და სოციალური საწარმოში მუშაობს, რომელიც აწარმოებს სვანურ მარილს “ზესო”,

 

კერძო დამსაქმებლები არ არიან მზად, რომ შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირები დაასაქმონ, შშმ პირებს შორის კი ყველაზე მეტად სმენის არმქონე და უსინათლო მოქალაქეებს უჭირთ სამსახურის მოძიება, ამბობს ირინა ინასარიძე, “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” პროექტის დირექტორი.

კოალიციის პროექტში “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები-საზოგადოებს განუყოფელი ნაწილი” მიზნად ისახავს შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობას.

 

ირინა ინასარიძე ამბობს, რომ 2014 წელს ძალიან გაუჭირდათ დამსაქმებლების მოძიება. წელს მხოლოდ 5 დამსაქმებელი იშოვნეს, რომელიც მზადაა შშმ პირი დაასაქმოს. მისი თქმით, კერძო სექტორი ფაქტობრივად არ მონაწილობს პროექტში და პოტენციურ დამსაქმებლებად ძირითადად არასამთავრობო ორგანზიაციები და სახელმწიფო დაწესებულებები არიან.

 

2013 წელს პროექტის ფარგლებში 15 სტაჟიორმა გაიარა სტაჟირების 6-თვიანი კურსი, ხოლო 8 მსურველი დასაქმდა.

 

“დამსაქმებლები არ არიან მზად. თუ მათ არ აქვთ პირადი კონტაქტი და შეხება შშმ პირებთან. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ ხორციელდება მასშტაბური კამპანიები, რომლებიც მოახდენს საზოგადეობაზე პოზიტიურ ცვლილებას”, – ამბობს ინასარიძე.  

 

ირინა ინასარიძე საუბრობს შშმ პრთა შორის დაბალ კვალიფიკაციაზე და უმუშევრობის პრობლემას ისევ საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარვეზებში ხედავს. მისი თქმით, შარშან 5 შშმ პირის ჩაირიცხა პროფესიულ სასწავლებელში.

 

პროექტის ფარგლებში შეიქმნა დასაქმების მსურველთა ბაზა, სადაც 110 შშმ პირია რეგისტრირებული. ირინა ინასარიძის თქმით, ასეთი ბაზების საშუალებით ადვილი იქნება დამსაქმებლებისა და დასაქმებულების დაკავშირება.

იურისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ საჭიროა კერძო სექტორში დასაქმებულ შშმ პირთა სამუშაო პირობების მონიტორინგი, რათა შესწავლილი იყოს, რამდენად ადეკვატურ გარემოში მუშაობენ ისინი. იურისტის თქმით, საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა პირობების მონიტორინგის ფუნქცია სახალხო დამცველს აქვს.

მენაბდის თქმით, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობისთვის შესაძლოა კანონში გაიწეროს კვოტირება შშმ პირებისთვის საჯარო სექტორში. ეს კონკრეტულ გაანგარიშებას უნდა ეყრდნობოდეს, თუ რამდენი უნდა იყოს კვოტის ოდენობა. ასევე შესაძლოა კერძო სექტორთან თანადაფინანსება, სახელწიფო და კერძო დამსაქმებელი შშმ პირს ანაზღაურებას ერთად მისცემს.

“კანონმდებლობა მკაფიოდ არ განსაზღვრავს შშმ პირთა უფლებას, მოითხოვონ საკუთარ საჭიროებეზე მორგებული კონტრაქტი. გარკეული ჩანაწერი არსებობს სოციალური დაცვის შესახებ კანონში, მაგრამ ის საჭიროებს კონკრეტიკას”, – ამბობს მენაბდე.

ვახუშტი მენაბდემ ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 8 ოქტომბერს რიგი საკანონმდებლო ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, რომლებიც აწესრიგებდა „ჭკუასუსტობისა“ და „სულით ავადმყოფობის“  გამო ქმედუუნაროდ აღიარებისა და ქმედუუნარო პირებთან დაკავშირებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს.

 

მენაბდის თქმით, ყველა ქმედუუნაროდ ცნობილი პირი არის შშმ პირი. შშმ პირებს 9 ოქტომბრამდე არ ჰქონდათ უფლება დასაქმებული ყოფილიყვნენ ან რაიმე ტიპის გარიგება დაედოთ.

მისი აზრით,  სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პირდაპირ აისახება შშმ პირთა დასაქმების უფლებაზე და უფრო მეტად მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ისინი დამსაქმებლებმა მიიჩნიონ პოტენციურ სამუშაო ძალად. თუმცა იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამდენად კარგ კანონს მიიღებს პარლამეტი:

 

“ერთია გაუქმება, ხოლო მეორეა ახალი კანონის მიღება, რომელიც პარლამენტმა 6 ვის ვადაში უნდა მიიღოს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი