საზოგადოება

რატომ დააჯარიმა მერიამ ორგანიზაცია, რომელიც დედაქალაქში პანდუსებს ამონტაჟებდა

12 სექტემბერი, 2014 • • 1874
რატომ დააჯარიმა მერიამ ორგანიზაცია, რომელიც დედაქალაქში პანდუსებს ამონტაჟებდა

4 სექტემბერს, ფალიაშვილისა და არაყიშვილის ქუჩების კვეთაზე, “სოცკოდექს ჯგუფის” მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გზის საფეხმავლო ნაწილზე პანდუსის დამონტაჟების დროს ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

“სოცკოდექსის” დამფუძნებელი, ტატო მიროტაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ თბილისის მერია მათი საქმიანობის შესახებ საქმის კურსში იყო ჩაყენებული. მისი თქმით, მერიასთან შეთანხმებულია ეს ყველაფერი და თითოეულ პანდუსზე არასამთავრობო ორგანიზაციას წინასწარ აქვს ნებართვა აღებული.

ფოტო: სოცკოდექსი
ფოტო: სოცკოდექსი

 

მიროტაძის თქმით, “სოცკოდექსი” პანდუსების დამონტაჟებისას სხვადასხვაგვარ პრობლემებს აწყდება, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციას თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურისგან ამ შემთხვევამდე გაფრთხილებაც კი არ მიუღია.

 

“ეს პროექტი დავიწყეთ დაახლოებით 6 თვის წინ და აქამდე ასეთი პრეცენდენტი არ გვქონია. ძალიან ხშირად არის ის ფაქტი, რომ მანქანებს აყენებენ და აზიანებენ პანდუსებს. სხვადასხვაგვარი პრობლემებია, მაგრამ ასეთი სახის ბარიერს არ წავწყდომივართ იმიტომ, რომ დაჯარიმება არ ყოფილა. 4 სექტემბერს დამირეკეს პირადად მე, მივედი ფალიაშვილისა და არაყიშვილის ქუჩის კუთხეში და პირდაპირ დაიწყო ჯარიმის გამოწერა. არც ის გვითხრეს, რომ ახლავე გაიტანეთ, თორემ დაგაჯარიმებთო. არა, პირდაპირ დაიწყეს ოქმის გამოწერა,” – ამბობს “სოცკოდექსის” დამფუძნებელი.

 

ტატო მიროტაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ იმ ადგილას, სადაც “სოცკოდექსის” ჯგუფი დააჯარიმეს, პანდუსის დამონტაჟება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული:

“რა თქმა უნდა, ჭირდა ზოგ ადგილებში [ნარჩენების] გატანა და ვერ ვახერხებდით იმ დღესვე, მაგრამ ზუსტად ამ ფაქტს რაც შეეხება, სადაც დაგვაჯარიმეს: პანდუსი იყო დაუსრულებელი, არ იყო გამშრალი (თავისი ვადა აქვს, ზუსტად რამდენი ხანი არ შეიძლება მისით სარგებლობა). ამიტომ სამშენებლო მასალა ტომრებში ეწყო ამ პანდუსებზე. ცოტა ადამიანობა რომ გამოეჩინათ და გაეთვალისწინებინათ ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდებს ჩვენი ძალით გაგვაქვს ნაგავი, მე მგონი, არ იქნებოდა ურიგო.”

 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” “საიას” იურისტს, შორენა ლოლაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტული გარემოებები და არც უშუალოდ სამართლებრივი საფუძველია ცნობილი:

 

„ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტული გარემოებები, არც უშუალოდ სამართლებრივი საფუძველია ცნობილი. თუმცა ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146-ე მეორე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებზე, ხევებში, პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გაზონებზე, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გადატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა წარმოადგენს სამართალდარღვევას, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობის სახით ჯარიმას იურიდიული პირისთვის და ორგანიზაციისთვის 1000 ლარის ოდენობით. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ნორმის საფუძველზე დაეკისრა პასუხისმგებლობა ორგანიზაციას.”

 

იურისტი მიიჩნევს, რომ ზოგადად ადმინისტრაციული ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას ვალდებული იყო, გამოეკვლია საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები.

 

“მოცემულ შემთხვევაში საინტერესოა, რაში გამოიხატება დარღვევა, ასევე, კონკრეტული მოქმედება, რომელიც განახორციელა ორგანიზაციამ, ემყარებოდა თუ არა ქ. თბილისის მერიის თანხმობას და რა ვადაში უნდა ეწარმოებინა პირს სამუშაოები. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად განიხილება ორგანიზაციის მიერ ადგილზე დატოვებული ნივთები „სამშენებლო ნარჩენად,” – განაცხადა შორენა ლოლაძემ.

 

“ნეტგაზეთი” ეცადა თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან დაკავშირებას, თუმცა კითხვების დასმის შესაძლებლობა პირადად ავთანდილ სუდაძესთან არ მოგვეცა.

 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გამოგზავნილ განცხადებას “ნეტგაზეთი”  უცვლელად გთავაზობთ:

 

„არ არის გამართლება, რომ ეს ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პანდუსებს ამონტაჟებდა. ყველა, ვინც არ უნდა იყოს – ფიზიკური პირი, არასამთავრობო ორგანიზაცია, სამშენებლო კომპანია თუ სხვა, ერთნაირად პასუხისმგებელია კანონის წინაშე. კანონი კი სამშენებლო ნარჩენის დაყრისა და გარემოს დაბინძურებისთვის შესაბამის ჯარიმას ითვალისწინებს. რაც შეეხება იმას, რომ პანდუსი სამშენებლო ნარჩენით დროებით იყო შემოსაზღვრული, ეს არ არის არგუმენტი იმისათვის, რომ არ მომხდარიყო ფაქტზე რეაგირება. ტერიტორიის შემოფარგვლას აქვს თავისი წესი და მას სამშენებლო ნარჩენით არ საზღვრავენ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები გარემოს დაბინძურების ფაქტებთან დაკავშირებით მკაცრ სანქციებს გაატარებენ ყველა იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორიას არ დაასუფთავებენ. რაც შეეხება გზების ადაპტირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, თბილისის მერია მკაცრად აკონტროლებს, რომ არც ერთი გზის რეაბილიტაცია ამ მოთხოვნის გათვალისწინების გარეშე არ მოხდეს,“ – განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.


“სოცკოდექსს” ფონდი “სიცოცხლის ხე” აფინანსებს, რომლის დახმარებითაც ხორციელდება პანდუსების დამონტაჟება თბილისის ქუჩებში. არასამთავრობო ორგანიზაციამ დღემდე 500–მდე პანდუსი დაამონტაჟა. მიროტაძის თქმით, პროექტის ღირებულება ძალიან დაბალი იმიტომ, რომ სამუშაოებში ათასამდე მოხალისეა ჩართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი