საზოგადოება

საქართველოს უნივერსიტეტის სპეციალური შეთავაზება სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის

11 სექტემბერი, 2014 • • 1274
საქართველოს უნივერსიტეტის სპეციალური შეთავაზება სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის

საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, 2014 წელს, ისევე, როგორც გასულ წლებში, ადმინისტრაციული რეგისტრაციის არგავლის გამო სტუდენტების გარკვეულ რაოდენობას შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი.

 

როგორც საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა, ნათია კალაძემ განაცხადა, უნივერსიტეტმა არაერთგზის მოახდინა სტატუსშეჩერებული სტუდენტების ინფორმირება ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადასთან დაკავშირებით, თუმცა სტუდენტების მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყოლია. კალაძის ინფორმაციით, სტუდენტების მხრიდან უნივერსიტეტის წინააღმდეგ მზადდება გარკვეული პროვოკაციული ღონისძებების გატარება, რომელიც სასწავლო პროცესის შეფერხებისკენ არის მიმართული.

 

“უნივერსიტეტისთვის თითოეული სტუდენტი მნიშვნელოვანია და თავს ვალდებულად მიჩნევს იზრუნოს მათზე. სწორედ ამ მიზნით მომზადდა შეთავაზების სპეციალური პაკეტი, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ:


– აინაზღაურონ კრედიტები – სპეციალურად მათთვის გამოიყოფა აკადემიური მრჩეველი, რომელიც დაეხმარება მათ სასურველი აკადემიური გრაფიკის შემუშავებაში, რითაც ისინი აინაზღაურებენ გაცდენილ კრედიტებს;


– ჩაერთონ სტაჟირებაში, მათ შორის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში;


– ისარგებლონ უნივერსიტეტის მატერიალურ–ტექნიკური რესურსებით (ლინგაფონური ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული ინვენტარი) სტატუსის შეჩერების მიუხედავად;


– დაესწრონ კარიერული წინსვლის ტრენინგებს (როგორ დავწეროთ CV, მოვამზადოთ შრომითი ბაზრისათვის და ა.შ.);


– ჩაერთოს სტუდენტი ლექტორების პროგრამაში.

 

საქართველოს უნივერსიტეტი ოფიციალურად მიმართავს განათლების სამინისტროს თხოვნით, დაუშვას აღნიშნულ სტუდენტებზე გამონაკლისი და კანონის ფარგლებში მოგვცეს შესაძლებლობა საზაფხულო სემესტრის დამატების,” – აცხადებენ საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.

 

15 სექტემბერს, 14:00 საათზე,  საქართველოს უნივერსიტეტის 519–ე ოთახში სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ადმინისტრაცია შეხვედრას გამართავს, რომელიც კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა.

8 სექტემბერს, სტატუსშეჩერებული სტუდენტების თხოვნით, “სტუდენტთა უფლებების ლიგამ” საქართველოს უნივერსიტეტს სამდღიანი ვადა მისცა, რათა 170 სტუდენტს სტატუსი აღუდგინოს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სტუდენტები მასშტაბური აქციებით დაიმუქრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი