საზოგადოება

გამონაბოლქვთან ბრძოლა აქციებით – ევროკავშირამდე გასავლელი გზა

29 აგვისტო, 2014 • • 2011
გამონაბოლქვთან ბრძოლა აქციებით – ევროკავშირამდე გასავლელი გზა

“ამ უბანში ადრე მერცხლებიც დაფრინავდნენ. არც მცენარეები ხმებოდა,”- ამბობს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ახვლედიანის ქუჩაზე მცხოვრები თორნიკე დარბაისელი, რომელიც პერიოდულად საცხოვრებელი კორპუსებიდან ასიოდე მეტრში მდებარე ფეროშენადრობ საწარმოსთან, სხვებთან ერთად, ღამის საათებში მორიგეობს და საწარმოს მუშებს საქმიანობის საშუალებას არ აძლევს.


 

დასახლებულ ადგილებში გახსნილი საწარმოების გამონაბოლქვთან ბრძოლის მექანიზმად მოსახლეობას მორიგება და საპროტესტო აქციები რჩება.

 

შპს ჯორჯიან მეტალმა [GEORGIAN METAL] ფეროშენადრობთა საწარმო 2013 წელს გახსნა. ეს ერთადერთი საწარმოა ორხევში, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაიხსნა და უკვე ორჯერ დაჯარიმდა.

 

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, შპს ჯორჯიან მეტალმა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის შესაბამისი ტექნიკური ანგარიში არ წარმოადგინა, რაც საწარმოს დაჯარიმების მიზეზი გახდა.

 

“ამ საწარმოში ასევე გამოვლინდა სხვა დარღვევები – დამაბინძურებელი წყარო, საიდანაც წარმოიქმნებოდა ატმოსფეროში არასასიამოვნო სუნი და შესაბამისი გაფრქვევები. შემოწმების პროცესში მიეცა ჩვენგან რეკომენდაცია და აღმოიფხვრა ეს დაბინძურების წყარო,”- ამბობს ვერიკო აღლემაშვილი, გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსცადვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

 

მოსახლეობა ამბობს, რომ დასახლებაში არასასიამოვნო სუნსა და გამონაბოლქვს მაინც ყოველდღიური ხასიათი აქვს.

 

“სამი-ოთხი თვეა, პერიოდულად ისეთი ბოლი არის მიმოფანტული მთელ უბანში და სუნი დგება, მეტის მოთმენას არ ვაპირებთ. რადიკალურ ზომებს მივმართავთ, სანამ არ დააკმაყოფილებს ეს საწარმო ნორმებს, მუშაობის საშუალებას არ მივცემთ. გუშინ ღამითაც მივედით და გამოვართვევინეთ,”- ამბობს თორნიკე დარბაისელი.

 

აღნიშნული საწარმოს გამონაბოლქვის ერთადერთი ლაბორატორიული კვლევა სწორედ ივლისში ჩატარდა.

“როგორც საწარმოს ტერიტორიაზე, ასევე მოსახლეობაში ჩავატარეთ გაზომვები. მავნე ნივთიერებების გადამეტება და მოსახლეობისთვის სახიფათო გარემოს შექმნის საფუძველი არ ყოფილა იმ კონკრეტულ პერიოდში. ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას არ აჭარბებდა. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ საწარმო პერიოდულად არ ახდენს აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოყენებას, ამასთან, იმ შემთხვევაში, როცა ხდება მისი გამოყენება, ვგეგმავთ მისი ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით ჩავატაროთ შესაბამისი გაზომვები. ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის თანახმად, საწარმოში აირმტვერდამჭერი სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ სხვა წყაროებიდან გაფრქვეული მავნე ნივთიერებებიც შემდგომი წმენდის მიზნით უნდა ხვდებოდეს აირმტვერდამჭერ სისტემაში, რაც საწარმოს არ აქვს მოწყობილი შესაბამისად. ამ საკითხების შესწავლის მიზნით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები,”- ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი.

 

საწარმოს დირექტორი ლევან ლებანიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ საწარმოში არანაირ დარღვევას ადგილი არ აქვს, ყველაფერი გამართულად მუშაობს და დეტალებზე საუბარი არ სურს.

 

გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ვერიკო აღლემაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში აღნიშნული დასახლებიდან საწარმოების გამონაბოლქვით შეწუხებული მოსახლეობისგან 53 შეტყობინება იყო შესული.

 

“ 53 – ჯერ წავედით ზედამხედველობის დეპარტამენტი, არც ერთი ზარი არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ.”

 

აღნიშნულ საწარმოს – შპს ჯორჯიან მეტალს გახსნამდე გარემოს დაცვის სამინისტროსთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ წარუდგენია. საქართველოს კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუკი საწარმოს წარმადობა მცირეა [არ გამოიმუშავებს ერთ საათში 1 ტონაზე მეტ პროდუქტს], საწარმოს არ აქვს ვალდებულება მსგავსი დოკუმენტაცია წარადგინოს. ერთადერთი რაც ევალება, ფუნქციონირების დროს ტექნიკური რეგლამენტების დაცვაა [მაგალითად, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა].

 

“2005-2007 წლებამდე [“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონის და თანმდევი აქტების მიღებამდე] მცირე წარმადობის ფეროშენადნობების მწარმოებელი საწარმოების მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვისაც კი საჭირო იყო გარემოსდაცვითი ნებრთვის მოპოვება. ნებისმიერი ტიპისა და სიმძლავრის მეტალურგიული წარმოება საჭიროებდა წინასწარი კვლევის [გარემოზე ზემოქმედების შეფასება, გზშ-ს] ჩატარებას. ეს, რაც ამ შემთხვევაში საყურადღებოა – იძლეოდა დაგეგმილი საწარმოების ადგილმდებარეობებზე მსჯელობის შესაძლებლობას. ის, რომ დასახლებების სიახლოვეს აშენებული საწარმო მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის, ეს დიდწილად გზშ მარეგულირებელი კანონმდებლობის ხარვეზია. ამჟამად ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის, რომ ასოცირების შეთანხმებით, საქართველოს ვალდებულია მომდევნო წლების განმავლობაში, დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. მათ შორის გზშ-ს სფეროშიც. ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები ავალდებულებენ სახელმწიფოებს, რომ გზშ-ს [ანუ უფრო შეზღუდული კვლევის ჩატარების გარდა] მსგავსი საწარმოების განთავსებაზე ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველყონ საზოგადოების, საწარმოს ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის მონაწილეობა,”-  ამბობს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი ქეთი გუჯარაიძე.

 

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას თბილისში გარემოს დაცვის სააგენტოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი სრულყოფილად ვერც აკვირდება. თბილისში ჰაერზე დაკვირვება მხოლოდ ოთხ ადგილას – წერეთლის გამზირზე, მოსკოვის გამზირზე, თამარ მეფის ხიდთან და ვაშლიჯვარში წარმოებს.

 

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თამარ მაღლაკელიძე ამბობს, ამჟამინდელი დაკვირვებით ყველაზე უფრო მეტად ქალაქი მტვრით ბინძუდება და ეს მტვერი ზოგჯერ დასაშვებ ზღვარს აჭარბებს.

“ჩვენი მინუსია, მეტი დაკვირვების ობიექტი რომ არ გვაქვს. რეალური სურათისთვის არ არის ეს ნამდვილად საკმარისი. ევროკავშირთან ვალდებულება გვაქვს, რომ მონიტორნგი გავაძლიეროთ, ანუ დაკვირვების უფრო მეტი წერტილი მოვიცვათ და გავზარდოთ იმ ინგრედიენტების როდენობა, რაზეც ხდება დაკვირვება.”


მასალების გადაბეჭდვის წესი