არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ გაბისონიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ქალი დასაქმებულები მუდმივად განიცდიან დისკრიმინაციას სამუშაო ადგილებზე: მათი ანაზღაურება კაცების ანაზღაურებასთან შედარებით- მაშინ, როცა ისინი თანაბარ სამუშაოს ასრულებენ- გაცილებით დაბალია.

გაბისონიას თქმით, დამსაქმებლები თავს არიდებენ დაასაქმონ დაოჯახებული ან ფეხმძიმე ქალები, რაც დისკრიმინაციის ფორმაა. ქალებს ასევე წინაღობა ექმნებათ დაწინაურების დროს.

პროექტს “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე” USAID აფინანსებს. “კონსტიტუციის 42-ე მუხლთან” ერთად მასში ჩართულია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები, New Media Advocacy  და Jumpstart საქართველო.

პროექტი ოთხი მიმართულებით იმუშავებს: იურიდიული დახმარება დაზარალებულთათვის, ცნობიერების ამაღლება, როგორც ქალი დასაქმებულების, ისე დამსაქმებლებისთვის; ადვოკატირება და ლობირება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სასამართლოებში და არსებული მდგომარეობის მონიტორინგი და ანგარიშგება.

გაბისონია ამბობს, რომ საჭიროა გარკვეული ცვლილებების შეტანა შრომის კოდექსსა და გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში

 

პროექტის
პროექტის 'გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე' პრეზენტაცია

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ანა ლობჟანიძემ სასტუმრო რედისონში დღეს გამართულ პროექტის პრეზენტაციაზე თქვა, რომ ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალების აქტიურობა დაბალია, რაც მათ დაუსაქმებლობასთანაა დაკავშირებული. სიღარიბის ფემინიზაცია, ქალთა დაწინაურების საკითხი მნიშვნელოვან მოსაგვარებელ საკითხებად გამოყო.

ანა ლობჟანიძის თქმით, აუცილებელია შრომის კოდექსში ჩაიწეროს სექსუალური იძულება, როგორც დისკრიმინაციის ფორმა, რაც ქართული საკანონმდებლო სივრცისთვის უცნობი დეფინიციაა, ხოლო სამუშაო ადგილებზე ქალების მიმართ სექსუალური იძულება კი – ხშირი.

სახალხო დამცველის 2013 წლის სტატისტიკის მიხედვით, სამსახურიდან გათავისუფელბული ქალის 11 საჩივარი დაფიქსირდა, ხოლო 2014 წლის პირველ ნახევარში – 4. წლევანდელი საჩვრებიდან, ლობჟანიძის თქმით, 3 შეეხება დისკრიმინაციას ორსულობის დროს და 1 – სექსუალურ იძულებას დამსაქმებლის მხრიდან.

USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკენმა შეხვედრისას თქვა, რომ სტაბილური განვითარება თანასწორობის გარეშე შეუძლებელია. ჰეიკენის თქმით, USAID ფინანსურ მხარდაჭერას უწევს საქართველოს იმისთვის, რომ ქალებმა და კაცებმა, ბიჭებმა და გოგონებმა იცხოვრონ ისეთ სოციუმში, სადაც თანაბარი განვითარების საშუალება და რესურსებზე ხელმისაწვდომობა ყველას ექნება.

მაკა გიოშვილის, პროექტის მენეჯერის თქმით, პროექტის დაწყების წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 1200-მდე ინტერვიუს ჩაწერს მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულ ქალებთან, რათა უკეთესად გამოიკვეთოს სამუშაო ადგილებზე არსებული პრობლემები.

ინტერვიუები ჩატარდება ივნის-ივლისში, ხოლო 2014 წლის ნოემბერში მომზადდება ანგარიში სამუშაო ადგილებზე ქალთა მდგომარეობის შესახებ.

 

გენდერული თანასწორობა
გენდერული თანასწორობა

პროექტი ასევე ითვალისწინებს ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს სასამართლოებში სამუშაო დავის საქმეების ანალიზს. იურისტები შეისწავლიან, რა შედეგით დასრულდა ის საქმეები, რომლებშიც მომჩივან მხარეს ქალები წარმოადგენდნენ. 

პროექტის ფარგლებში ჩატარდება 29 ტრეინინგი, რომელიც 700-მდე ადამიანს მოიცავს საქართველოს მასშტაბით. “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აპირებს, რომ კონსულტაცია გაუწიოს 100 ადამიანს და 10 საქმე დაიცვას სასამართლოში.

პროექტის ადვოკატირების ჯგუფის ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ ქალების დისკრიმინაცია დამსაქმებელთან გასაუბრებაზე მისვლიდანვე იწყება. იგი ამბობს, რომ ვაკანსიის განცხადებები შეიცავს დისკრიმინაციულ და სექსისტურ განცხადებებს, როცა დამსაქმებელი ეძებს სიმპათიურ გოგონებს, ხოლო გასაუბრებაზე ეკითხება მისი ოჯახის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ, რაც სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს არ ეხება.

“მოიაზრება, რომ ქალი, რომელსაც შვილი ჰყავს, კარგად არ იმუშავებს. რა თქმა უნდა, პირდაპირ არავინ არ უწერს, რომ გააგდო ან მიიღო ფეხმძიმობის გამო, ყველამ იცის, რომ პირდაპირ არ უნდა თქვან, შეფარულად სხვა მიზეზს დაასახელებენ.”

პატარაიას თქმით, იუსტიციის სამინისტრომ 1 წლის წინ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელშიც იყო გათვალისწინებული ქალთა უფლებები სამუშაო ადგილებზე, თუმცა განხილვები პარლამენტში არ დაწყებულა და არ იციან, რა ბედი ეწია ამ ცვლილებებს.

პატარაია ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ კანონი შეუზღუდავს დამსაქმებლებს იმის უფლებას, რომ ჰკითხოს ქალ დასაქმებულს მისი პირადი ცხოვრების შესახებ, რომელიც არ ეხება საქმიან ურთიერთობებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა მანანა კობახიძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, განაცხადა, რომ გენდერული თანასწორობა საქართველოს მწვავე პრობლემაა. მან ურჩია პროექტის მონაწილეებს, რომ მათი რეკომენდაციები გამოიხატოს იმაში, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით მიმართონ საქართველოს პარლამენტს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *