საზოგადოება

ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობების გარემოში

14 ივნისი, 2014 •
ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობების გარემოში

2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციის (UN CRPD) რატიფიცირება მოახდინა, რომელიც ძალაში  2014 წლის 12 აპრილს შევიდა.

 

გაეროს 2006 წლის კონვენციის დებულებების თანახმად, სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

 

კონვენციის რატიფიცირების მიუხედავად, საქართველო არ მიერთებია ამავე კონვენციის ფაკულტატური ოქმს, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საშუალებას მისცემს ინდივიდუალურ უფლება-დარღვევებზე მიმართონ გაეროს შესაბამის კომიტეტს.

 

სახალხო დამცველმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში მთავრობას მიმართა, რომ  ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მნიშვნელოვნია, რადგან ამ გზით სახელმწიფო გადადგამს ქმედითი ნაბიჯებს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების განსახორციელებლად.

 

2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა შეისწავლა გასული ერთი წლის განმავლობაში სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა სამართლებრივი და სოციალური მდგომარეობა.

 

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე პირები არიან დისკრიმინირებულ მდგომარეობაში. „შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანების მე-6 მუხლი შეიცავს დაავადებათა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში პირს არა აქვს უფლება იყოს მშვილებელი.

 

დაავადებათა ჩამონათვალის მიხედვით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დიდ ნაწილს ფაქტიურად ერთმევა უფლება იყოს მშვილებელი, ანუ პოტენციური მშობელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2007 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად კანონმდებლობაში შემოვიდა ცნება „მშობლის უფლების შეზღუდვა“. მშობლის უფლების შეზღუდვის მარეგულირებელი ნორმა მწვავედ შეეხოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ასევე სოციალურად დაუცველ პირებს (მშობლებს), რომელთა გარკვეულ ნაწილს კანონის საფუძველზე ფაქტიურად წაერთვათ უფლება აღზარდონ თავიანთი შვილები.

 

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2013 წლის თებერვლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გადასვლით მეტნაკლებად გაუმჯობესდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო დაზღვევის პირობები.

 

მანამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხოლოდ ნაწილი იყო დაზღვეული, “რაც გარკვეულწილად დისკრიმინაციული სელექციის ნიშნებს ატარებდა. პროგრამამ მოიცვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ის კატეგორია, რომელიც მანამდე ვერ სარგებლობდა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით”, აღნიშნულია ანგარიშში.

 

სპეციალური საჭიროებების მქონე პირები
სპეციალური საჭიროებების მქონე პირები

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სამედიცინო დაზღვევის ფარგლებში უნდა გაითვალისწინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებები და ამასთან ერთად – გენდერული ასპექტები, უნდა შემუშავდეს ერთიანი სახელმწიფო რეფერალური სისტემა, რომელიც სამედიცინო პერსონალს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მომსახურების მიმწოდებელთა თანამშრომლობას გააუმჯობესებს.

 

სახალხო დამცველის ერთ-ერთი რეკომენდაცია მთავრობის მიმართ შეეხება ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის  ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას. 

 

ომბუდმენი ამბობს, რომ მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დამალვის, მიტოვების, უარყოფის ან სეგრეგაციის უნდა ებრძოლოს და შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

 

ანგარიშის მიხედვით ჯერ კიდევ პრობლემურია ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი ღონისძიებები რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, რათა რეალიზებულ იქნას ამ პირთა უფლება დაწყებით და საბაზისო განათლებაზე.

 

მწვავედ რჩება საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ჟესტების ენის, ბრაილის შრიფტის, გამაძლიერებელი და ალტერნატიული კომუნიკაციისა და სხვა საშუალებების ხელმისაწვდომი გამოყენება ოფიციალურ ურთიერთობებში, რაც სახალხო დამცველის აზრით ისევ მთავრობის ამოცანაა.

 

ძალიან ცოტაა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე შენობები, სადაც შშმ პირები შეუზღუდავად შეძლებენ გადაადგილებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით.

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საცხოვრებელი სახლები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულები, სახელმწიფო უწყებათა შენობები, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები, ქუჩები, სკვერები, შენობა-ნაგებობების გარე და შიგა ინფრასტრუქტურა არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების მიხედვით, ამბობს სახალხო დამცველი. 

 

სახალხო დამცველის ანგარიში მიხედვით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისათვის საარჩევნო პროცესების გამარტივებისა და ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე სიახლე დანერგა მხედველობის, სმენისა და მობილობის შეზღუდვის  მქონე პირებისათვის, თუმცა საარჩევნო გარემოს კიდევ სჭირდება მისადაგება სპეციალური საჭირობებეის მქონე ადამიანებისთვის, რათ მათ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა შეძლონ.

 

2013 წლის ანალიზის საფუძველზე კვლევაში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა”

 

“ქვეყანაში ერთიანი კომპლექსური სამთავრობო სოციალური პოლიტიკის შემუშავება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მომსახურების ერთიანი სისტემის შექმნა დაბადებიდან 18 წლამდე; იმ ოჯახებისათვის მომსახურების მიწოდება, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს უვლიან; სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვა; ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესება; იმ დამოკიდებულებისა და ქცევითი ნორმების ტრანსფორმაცია, რომლებიც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სტიგმატიზაციას – ეს ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი ამოცანებია.”

 

სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრის მიერ საჯარო უწყებების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხარისხის მოკვლევისას გაირკვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით სამინისტროთა უმეტესობისათვის წერილობით არ მიუმართავთ.  

ჩატარებული კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს შეზღუდული აქვთ სამაშველო სამსახურების, პოლიციის, სახანძრო და სოციალური სამსახურების მიერ ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი