საზოგადოება

EMC: ყოველი მესამე ლგბტ ადამიანი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარა

19 მაისი, 2014 •
EMC: ყოველი მესამე ლგბტ ადამიანი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარა

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) აცხადებს, რომ საქართველოში ლგბტ პირების უფლებრივი მდგომარეობა მძიმეა, რასაც საზოგადოებაში მათდამი არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულება, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები, შეურაცხყოფა და სხვა სახის დისკრიმინაციული დამოკიდებულება განაპირობებს.

 

EMC-მ ორგანიზაცია „იდენტობასა“ და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული სოციოლოგიურ გამოკითხვების ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ თავდასხმის სუბიექტები უფრო ხშირად უცხო პირები არიან. თავდასხმები, როგორც წესი, ხდება სპონტანურად და ჯგუფურად. ხოლო ფსიქიკური ძალადობა ლგბტ თემის უფრო მეტ წარმომადგენელს განუცდია. მათი 89% ერთხელ მაინც ყოფილა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი განვლილი ორი წლის განმავლობაში.

 

უხილავების პროტესტი თბილისში
უხილავების პროტესტი თბილისში

საქართველოში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობას ყველაზე მეტად განიცდიან ლგბტ ახალგაზრდები 18-დან 26 წლამდე. ამასთან, ლგბტ პირები უთანასწორო მოპყრობას განიცდიან ცხოვრების სხვადასხვა სფეროში: ოჯახი, კაფე-ბარები, სამედიცინო მომსახურება, სკოლა, უმაღლესი სასწავლებლები, შრომითი ურთიერთობები, ამბობს EMC.

 

ფიზიკური ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმები 2012 წელს 150 გამოკითხული ადამიანიდან აღმოჩნდა ცემა (58.33%) და სექსუალური იძულება (11.67%). EMC ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევები ინტენსივობის მიხედვით მეორე ადგილზეა. 2012 წელს გამოკითხულთა 56% (84) ერთხელ მაინც გამხდარა ოჯახის წევრთა მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი. ოჯახში ძალადობის ყველაზე ხშირი ფორმებია ქორწინების იძულება, შეურაცხყოფა, დამცირება, ეკონომიკური ძალადობა, ტანსაცმლის და თმის ვარცხნილობის შეცვლის იძულება.

EMC აცხადებს, რომ 2013-2014 წლებში ლგბტ პირების უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ორგანიზაციამ შეისწავლა 19 პირის საქმე, სადაც დაფიქსირდა ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა 10 პირის მიმართ (მათგან ორი პირის მიმართ თავდასხმა ორჯერ და უფრო მეტჯერ განხორციელდა), 2 – ოჯახში ძალადობის შემთხვევა, 1 – პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა, 2 – ფსიქიკური ძალადობა და 4 ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დისკრიმინაციის შემთხვევა.

EMC
EMC

EMC ამბობს, რომ მიმდინარე წელს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, 109 გამოკითხულიდან 42 ადამიანი საუბრობს, რომ მან ფიზიკური ძალადობა განიცადა, 10 პირი საუბრობს იარაღით დაშინებაზე, 9 – ბლაგვი საგნით სხეულის დაზიანებაზე, 8 – გაუპატიურების მცდელობასა და სექსუალური  ხასიათის იძულებაზე, ხოლო 2  – ცივი იარაღით დაჭრაზე.

 

პოლიცია ზედაპირულად ეკიდება ლგბტ ადამიანების მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, დაფიქსირდა პოლიციელების ძალისხმევა გამოძიების არდაწყების მიზნით: მოტყუების გზით დაზარალებულთა დარწმუნებით, რომ უარი ეთქვათ განცხადების შეტანაზე. ასევე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ უშალო აღქმით აშკარა იყო პირზე ძალადობის კვალი, პოლიციამ არ დაიწყო გამოძიება.  

 

EMC სახელმწიფოს ურჩევს, რომ უზრუნველყოს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი სამართალდარღვევების დროული და ეფექტური გამოძიება და სამართალდამრღვევი პირების დასჯა, რასაც პრევენციული ეფექტი ექნება და საზოგადოებაში დაუსჯელობის განცდას შეამცირებს. 

 

EMC-ის თანამშრომლებმა ანალიზი 2012-2014 წლებში ლგბტ პირების მიმართ განხორციელებული სამართალდარღვევები შეიწავლეს, რომელიც სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშს, არასამთავრობო ორგანიზაციების – ‘’იდენტობასა’’ და ‘’ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ორგანიზაციის“ (WISG) კვლევებსა და აღნიშნული ორგანიზაციების იურისტებთან „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) თანამშრომლების მიერ ჩაწერილ ინტერვიუებს ეფუძნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი