პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სტრატეგიული დოკუმენტი, სახელწოდებით „შექმენი მომავალი“ მთავრობის მეთაურის დავალებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა და ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
სტრატეგიის თანახმად, თავდაპირველად პროექტი საპილოტე იქნება და საქართველოს მასშტაბით 2014-2015 სასწავლო წლიდან 100 სკოლაში განხორციელდება.
პროექტის განხორციელებას ერთობლივად უზრუნველყოფენ განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ასევე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
მეწარმეობა, რომელიც სკოლებში დღემდე არჩევითი საგანი იყო, სავალდებულო გახდება და მოსწავლეები XI კლასში კვირაში ორი საათის განმავლობაში ისწავლიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სამეწარმეო განათლების შედეგად მოსწავლეებს მიიღებენ მეტ ცოდნას და გამოუმუშავდებათ უნარები, რათა მომავალში თავად გახდნენ მეწარმეები და დაასაქმონ ადამიანები.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამის დეტალურ კონცეფციას პრემიერ-მინისტრს უახლოეს მომავალში წარუდგენს.








