საზოგადოება

რა იწვევს ანორგაზმიას ქალებში

7 თებერვალი, 2014 •
რა იწვევს ანორგაზმიას ქალებში

უმრავლეს შემთხვევაში ანორგაზმია არის შეძენილი, ანუ ის რაღაც მიზეზებით არის გამოწვეული, თუ, რასაკვირველია, ამას არა აქვს ანატომიური ხასიათი, ანუ ორგანული დაზიანება, რაც შეუძლებელს ხდის ორგაზმის მიღწევას.

ანორგაზმია ინდივიდუალურია და მისი გამომწვევი მიზეზებიც სხვადასხვაა. ყველაზე ხშირად ანორგაზმიის მიზეზია შეუთავსებლობა პარტნიორებს შორის.

ხშირად პარტნიორი არის სექსუალურ ურთიერთობაში რიტმის, სიხშირის განმსაზღვრელი. სამწუხაროდ, ჩვენთან არსებული მენტალიტეტის, ფსიქოსომატური და ფსიქოსექსუალური აღზრდის გამო ქალები ხშირად ვერ ბედავენ კორექტირება შეიტანონ პარტნიორის ქცევებში. თუ ამას ახერხებენ, რიგ შემთხვევებში ისინი აღწევენ კიდევაც შედეგს.

თუ ქალი არ არის მომზადებული სქესობრივი აქტისათვის, ბუნებრივია, ანორგაზმასთან გვექნება საქმე, ამიტომ პარტნიორთან საუბარიცაა საჭირო. მან ქალი უნდა მოამზადოს აქტისათვის, ანუ პრელუდიის პერიოდი უნდა გახანგრძლივდეს. ზოგიერთ ქალს სჭირდება 5 წუთი, ზოგს, 20 წუთამდე – ეს არის ინდივიდუალური და გასათვალისწინებელი.

ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქალის ეროგენული ზონების სტიმულაციას, რასაც ხშირ შემთხვევაში გამოუცდელი მამაკაცები ვერ ახერხებენ, ესეც განაპირობებს ანორგაზმიას.

გარდა ამისა, ანორგაზმიას შეიძლება იწვევდეს გინეკოლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებები, ჭარბი წონა, ფსიქიური მოშლილობა, დეპრესია და ნევროზული მდგომარეობა. ხშირად ჯადოსნური წრე იკვრება, ანუ სექსუალურ დაუკმაყოფილებლობას ქალი მიჰყავს ნევროზულ მდგომარეობამდე, ნევროზული მდგომარეობა კი, თავის მხრივ, იწვევს დაუკმაყოფილებლობის გრძნობას. როცა ნევროპათოლოგთან, ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან მიდის ქალი, მას აუცილებლად უნდა ჰკითხოს ექიმმა, როგორი ურთიერთობა აქვს პარტნიორთან, რადგან გარკვეულ შემთხვევებში ნევროზული აშლილობის მსუბუქი ფორმები მიუთითებს შეუთავსებლობას პარტნიორთან.

რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს გინეკოლოგიურ დაავადებებს, თუ ქალს აქვს გადატანილი მძიმე ტრავმა მშობიარობის შემდეგ, შეიძლება მშობიარობის შემდეგ ანორგაზმია განვითარდეს. ნაწიბურები, ტრავმები – ამის კორექტირება უნდა მოხდეს ქირურგიული გზით, კოსმეტოლოგიური ოპერაცია უნდა გაკეთდეს, რომ ეს არ იყოს ხელშემშლელი. დიდი მნიშვნელობა აქვს პოზის შერჩევას, რადგან გარკვეული პოზების დროს ხდება ეროგენული ზონების სტიმულირება, ამიტომ ექიმთან ქალთან ერთად პარტნიორიც უნდა მოვიდეს.

სანამ ანორგაზმიის მკურნალობას დავიწყებთ, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს მიზეზი. თუ ანორგაზმიის გამომწვევი მიზეზი ფსიქოსომატურია, უნდა აღმოიფხვრას პრობლემა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ინდივიდუალური მკურნალობა, ეს შეიძლება იყოს ფსიქოთერაპია, მედიკამენტოზური მკურნალობა ან ფიზიოთერაპია. რა თქმა უნდა, არსებობს სექსსტიმულატორებიც, რომელიც რაღაც შემთხვევაში შედეგებს გვაძლევს, მაგრამ ძირითადი მიზეზის მკურნალობა უნდა მოხდეს, რომ შედეგი გრძელვადიანი იყოს.

ქალს, რომელიც ორგაზმს ვერ აღწევს, ეწყება სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, თანდათანობით უფერმკრთალდება ის შეგრძნებები, რომელიც მას პარტნიორთან ურთიერთობისას გააჩნდა. ანორგაზმია არცთუ იშვიათად ხდება ქალის დაავადების, დეპრესიების, ნევრასთენიული მდგომარეობის, ჰიპერტონული დაავადებების მიზეზი. უნდა გვახსოვდეს, რომ სექსი არის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება ადამიანის და მისი სრულყოფილი არქონა თავისთავად იწვევს ადამიანის ორგანიზმში ჰორმონალურ ცვლილებებს, რომლის შედეგადაც ბევრი დაავადება ვითარდება.

არაერთი ახალგაზრდა ქალი მიდის ნევროპათოლოგთან, ფსიქოლოგთან, თავის ტკივილის, უძილობის მიზეზით. მე, როგორც სექსოლოგი, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქალთა 50-60 პროცენტის პრობლემა აქედან მოდის. სექსი არის ადამიანის ჩვეულებრივი, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, აქ არაფერი გასაოცარი და სამარცხვინო არ არის. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც სისტემატურად არ ჭამს, ან არ სძინავს… როგორ შეიძლება ის ჯანმრთელი იყოს? ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, რომელიც სისტემატურად არ კმაყოფილდება, იწვევს ჯანმრთელობის გარკვეულ და ხშირად სერიოზულ პრობლემებს.

თუ ანორგაზმია დიდხანს გრძელდება, ქალს შეიძლება სექსის მიმართ ზიზღის გრძნობაც გაუჩნდეს, რაც თავის მხრივ იწვევს კონფლიქტს პარტნიორებს შორის. პრობლემების მოსაგვარებლად კი ექიმთან კონსულტაცია არის აუცილებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი