საზოგადოება

ადამიანები საქართველოდან – ილია

28 იანვარი, 2014 • 1138
ადამიანები საქართველოდან  – ილია

 

ილია  ჯაბნიძე, 72 წლის


ილია ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ ზვარეში ცხოვრობს.  ორი წლის წინ, გაზაფხულზე, როცა ის გავიცანი, საკუთარ ვაშლის ბაღს თოხით ამუშავებდა. ციცაბო ფერდობზე გაშენებულ ბაღში მუშაობით დაღლილი, ღობეს მოადგა და თავის გასაჭირზე მესაუბრა.

 

 „თოხით ვმუშაობ, საღამომდე 200-300 მეტრს მოვთოხნი. ადრე წყვილი ხარი მყავდა, მაგრამ ახლა ვეღარ შევინახე. გაჭირდა ხარების მოვლა, ყანებს ვეღარ ვთესავთ, ნადირი გაჩნდა. ყანა მე არ მაქვს, ბალახი ვერ ვიყიდე, ყანა მოვთოხნო ნადირი შეჭამს, გატყევდა. ტყეს არ გვაკაფიებენ. ახლა კი თქვეს, მაგრამ ახლა მოსულია ეზოში უკვე ტყე, საქონელს ვეღარ ვუშვებთ. ეს გაჭირვება გვაქვს, საქონელი აღარ ეშვება, ჭამს ნადირი. მოკლა ნადირი  – დაგაჯარიმებენ,“ – თვლიდა  ერთმანეთთან გადაჯაჭვულ პრობლემებს ილია.

 

© Project „Humans of Georgia“

2014

 

„ადამიანები საქართველოდან“   არის პროექტი, რომლის ინსპირაციის წყარო Humans of New York  – ია.  Humans of New York 2010 წელს დაიწყო ფოტოგრაფმა Brandon Stanton – მა. მოგვიანებით კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა.    საქართველოში  მსგავსი პროექტით  სამი ფოტოგრაფია   დაინტერესებული.  ერთ -ერთი „ბათუმელების“ ჟურნალისტი  მანანა ქველიაშვილია.  „ბათუმელები“ თავის ვებ-გვერდზე სწორედ ამ  პროექტის ფარგლებში გადაღებულ ფოტო ამბებს შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი