დირექტორობის ზოგიერთ მსურველს 2011 წელს აქვს სერტიფიცირება გავლილი, ზოგიერთმა კი მიმდინარე წელს მიიღო სასერტიფიკატო გამოცდებში მონაწილეობა. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ტესტირებაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3300 კონკურსანტი მონაწილეობდა. აქედან რეგისტრირებული 100 კონკურსანტი ტესტირებაზე არ გამოცხადდა, 52 პროცენტი კი – ჩაიჭრა. შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს გასაუბრებას, თუმცა ამ დროისთვის ცნობილი არ არის მეორე ეტაპის ჩატარების ზუსტი თარიღი. საქართველოს განათლების სამინისტროში ვარაუდობენ, რომ გასაუბრება ერთი თვის განმავლობაში ჩატარდება.
დირექტორთა სასერტიფიკატო გამოცდებში მონაწილეობა ბათუმის თითქმის ყველა სკოლის მოქმედმა დირექტორმა მიიღო. მათი უმრავლესობა იმედოვნებს, რომ დირექტორად იმავე სკოლაში გააგრძელებს მუშაობას, სადაც ამჟამად მუშაობს. ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ კანდიდატებს შორის უნდა იყოს კონკურენცია, სამეურვეო საბჭოები კი გაცილებით პრინციპულები უნდა იყვნენ.
მარიზა აბაშიძე ბათუმის #2 საჯარო სკოლის დირექტორია. მან ტესტირება 2011 წელს გაიარა, წელს კი დირექტორების არჩევნებში აპირებს მონაწილეობას:
“იქნება თუ არა კონკურენცია, არ ვიცი, რადგან ჯერ გასაუბრების ეტაპია გასავლელი. როგორც ვიცი, ბათუმიდან 70-მდე მსურველი იყო ტესტირებაზე გასული, არიან ისეთებიც, რომლებმაც ჩემს მსგავსად წინა წლებში აიღეს სერტიფიკატი, ამიტომ რეალური სურათის დადება ჯერ ნაადრევია. თუმცა მე ვაპირებ, რომ ჩემი სკოლისთვის ვიბრძოლო”.
მარიზა აბაშიძეს იმედი აქვს, რომ ახალარჩეული სამეურვეო საბჭო მის მიერ წარდგენილ სკოლის განვითარების კონცეფციას მხარს დაუჭერს.
არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ბათუმის #4 საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი მანანა თავართქილაძეც.
“წინა კონკურსი გავლილი მაქვს და ვაპირებ, ჩემი კანდიდატურა შევთავაზო სამეურვეო საბჭოს”.
ბათუმის #8 საჯარო სკოლის დირექტორმა გივი ხალვაშმა ტესტირების პირველი ეტაპი წელს გაიარა და ელოდება გასაუბრების შედეგებს. მისი აზრით, არჩევნებში კანდიდატების სიჭარბეა მოსალოდნელი:
“გამოჩნდებიან ალბათ მსურველები, სამუშაოს ეძებენ ადამიანები.”
ოპტიმისტურადაა განწყობილი ბათუმის #9 საჯარო სკოლის დირექტორი. ნუგზარ სურმანიძე ამ დროისთვის გასაუბრებას ელოდება და ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობასაც აპირებს:
“ჩემი სკოლიდან არ მყავს კონკურენტები, ერთმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ქულები დააკლდა. თუმცა ახალი კადრებიც მოსალოდნელია”.
მე-9 სკოლის დირექტორს იმედი აქვს, რომ მას სამეურვეო საბჭო მხარს დაუჭერს: “თუმცა ყველაფერს მაინც არჩევნების დღე გადაწყვეტს”, – ამბობს დირექტორი.
“ბათუმელების” მიერ გამოკითხული მოქმედი დირექტორებიდან ბათუმის #13 საჯარო სკოლის დირექტორი გულიკო ჯიჯავაძე ერთადერთია, რომელსაც ტესტირება არ გაუვლია:
“ძველ სერტიფიკატს ვადა გაუვიდა, ახალ არჩევნებში კი არ ვაპირებ მონაწილეობას. ვერც იმას გეტყვით, რამდენ კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს ამ სკოლაში მუშაობის სურვილი”.
როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, ფაქტობრივად, დირექტორობის მსურველებს სკოლის შეცვლის სურვილი არ აქვთ. გამონაკლისია ბათუმის #16 სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია, რომელიც არჩეული დირექტორია და ექვსი წელია სკოლას მართავს. შარშან მან სერტიფიცირების პირველი ეტაპი – ტესტირება გაიარა, ახლა კი მეორე ეტაპს, ანუ გასაუბრებაზე გასვლას ელოდება.
“ამ სკოლამ ძალიან ბევრი მომცა. თუმცა, უარს არ ვიტყოდი სხვა სკო-ლაში მუშაობაზე,” – ამბობს სკოლის დირექტორი.
მისი აზრით, ერთსა და იმავე სკოლაში დიდი ხნით მუშაობას ორი მხარე აქვს.
“დადებითი მხარეა ის, რომ კარგად იცნობ კოლექტივს და იცი ყველას შესაძლებლობები. უარყოფითი კი ისაა, რომ ეჩვევი და შეიძლება რაღაცაზე თვალი დახუჭო”.
ის მომხრეა იმის, რომ ერთსა და იმავე სკოლაში დირექტორმა 12 წელზე დიდხანს აღარ იმუშაოს.
დირექტორების არჩევნებამდე სკოლებმა ორი თვის წინ, სამი წლის ვადით, ახალი სამეურვეო საბჭოებიც აირჩიეს. თამთა კვარაცხელია ახალარჩეული სამეურვეო საბჭოების პასუხისმგებლობის გარდა, განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას:
“ეს საბჭოებიც იმ დირექტორების მუშაობისას აირჩა, რომლებსაც იმავე სკოლებში აქვთ დირექტორობის გაგრძელების სურვილი. ამიტომ, ისინი ერთმანეთის წინაშე რაღაც ანგარიშვალდებულებას გრძნობენ და ეს ადამიანურია. ამასთან, მშობლების დიდი ნაწილიც ინდიფერენტულია მოვლენების მიმართ და ისეთივე სუსტია, როგორც ზოგადად, საზოგადოებაში სამოქალაქო პოზიცია”.
თამთა კვარაცხელიას აზრით, დღეს დირექტორების არჩევნები პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალია, თუმცა სამეურვეო საბჭო ისევ რჩება სუსტ რგოლად:
“სკოლის ბედი რეალურად დამოკიდებულია არა სამეურვეო საბჭოზე, არამედ განათლების სისტემაზე, რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია, რადგან განათლების პოლიტიკა დღემდე შეუმუშავებელია და იმდენჯერ იცვლება მიდგომა ძირითადი საკვანძო საკითხების მიმართ, რამდენი ახალი მინისტრიც მოვა”.
აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილის სულიკო თებიძის აზრით, კვალიფიციური დირექტორის არჩევა მთლიანად სამეურვეო საბჭოზეა დამოკიდებული:
“უნდა გაიზარდოს მათი პასუხისმგებლობა, რადგან მე ბევრ კანდიდატს ვიცნობ, ვისაც იდეების კარგი ბანკი აქვს და ამის გამოყენება უნდა შეძლონ”.
“ბათუმელები” სკოლებში ახალარჩეული სამეურვეო საბჭოს რამდენიმე წევრ მშობელსაც გაესაუბრა. ნატალია გეგეჭკორი #2 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრია. იგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე რაიმე პრინციპული მოთხოვნები არ აქვს:
“მოქმედი დირექტორის კმაყოფილი ვარ, თუმცა არჩევნების დროს სხვა კანდიდატების პროგრამებსაც გადავხედავ”.
მოქმედი დირექტორის კმაყოფილია #1 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი მაია ქოჩიაშვილიც:
“არჩევნებზე ჯერ არ მიფიქრია, თუმცა მე პირადად, ჩვენი დირექტორის მუშაობით კმაყოფილი ვარ. არ მაქვს არანაირი პრეტენზია. სხვა საკითხებს ახლა ვეცნობი”.







