საზოგადოება

ცოფის პროფილაქტიკაზე რეგიონში ყველაზე მეტს ხარჯავს

24 სექტემბერი, 2013 • 1930
ცოფის პროფილაქტიკაზე  რეგიონში ყველაზე მეტს ხარჯავს

შარშან 3, წელს 2 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში ცოფით. მიმდინარე თვეში, 44 წლის მამაკაცს, გარდაცვალებამდე 4 თვით ადრე ფეხის არეში ცხოველმა უკბინა. მას ანტირაბიული პროფილაქტიკული ვაქცინაციისთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, ცოფის კლინიკური სურათი განვითარდა. ასეთ შემთხვევებში მედიცინა უძლურია – “ცოფის ყველა შემთხვევა ლეტალურად მთავარდება,”- ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ხაზაშვილი. 

 

ქალბატონო ხათუნა რა არის ცოფი?


ცოფი არის მწვავე ვირუსული დაავადება. ინფექცია, რომელიც ჩვეულებრივ, ემართება ძუძუმწოვრებს და მისი ადამიანისთვის გადადება ისეთი ტიპის კონტაქტის დროს არის შესაძლებელი, როგორიცაა კბენა, დადორბლვა, დაკაწრვა. თუმცა, საბედნიეროდ, ცოფი არის ვაქცინით მართვადი, რაც ადამიანებისთვის გადარჩენის შანსს იძლევა. 


რა სიმპტომები ვითარდება მაშინ, როდესაც დაინფიცირება ხდება ამ ვირუსით? 


სიმტომები შესაძლებელია კარგა ხანს არ განვითარდეს, ვინაიდან დიდი ინკუბაციური პერიოდი აქვს. ზოგადად, სიმტომების გამოვლენა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერი იყო დაზარალება. ინკუბაციური პერიოდი 2-3 კვირიდან შეიძლება წელიწადზე მეტი დროს განმავლობაში მერყეობდეს. სწორედ ამ პერიოდში ჩატარებული ვაქცინაცია არის გარანტია იმისა, რომ ცოფი არ დაემართოს ადამიანს. რაც შეეხება უშუალოდ სიმპტომებს, ეს არის ჰიპერმგძნობელობა იმ ადგილზე, რომელიც კბენის დროს დაზიანდა, შესაძლებელია ქავილი, წამოწითლება. შემდეგ უკვე იწყება ენცეფალიტისთვის დამახასიათებელი ნიშნები. პაციენტს უჭირს წყლის დალევა, სუნთქვა, აგზნების ფაზას კი დამბლების ფაზა ცვლის და საბოლოოდ ლეტალურად მთავრდება. 

 

როდის უნდა ჩატარდეს ანტირაბიული პროფილაქტიკა?

მაშინვე, რაც შეიძლება ადრე. რაც უფრო მძიმეა დაზარალება, მძიმე და ღრმა ჭრილობაა მიყენებული ცხოველის მიერ, მით უფრო სასწრაფოა დროული პროფლაქტიკა. 


განსაკუთრებით რომელი ცხოველები მიიჩნევა რისკ-ფაქტორად?  


საერთაშორისო ინფორმაციით, ამ მხრივ, ყველაზე საშიში არის ძაღლი, იმიტომ, რომ ძაღლისგან ადამიანის დაზარალების ალბათობა არის ყველაზე მაღალი, და არა იმიტომ რომ ძაღლი ყველაზე მეტად არის ამ დაავადების მატარებელი. ანალოგიურად საშიშია კატაც. საქართველოშიც გვქონია შემთხვევები, როდესაც ადამიანის დაინფიცირება ცოფიან კატასთან კონტაქტით მოხდა. თუ განსაკუთრებით, შინაური ცხოველი ავლენს აგრესიულობას, საეჭვო ქცევები აქვს, ეს უკვე რისკია, რომ ცხოველი დაინფიცირებულია.  


ცხოველის მიერ დაკბენის ნებისმიერ შემთხვევაში არის საჭირო ვაქცინაცია? 


ნებისმიერ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. შემდეგ უკვე რაბიოლოგი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა ვაქცინაცია. 


ცოფის გავრცელების რისკების შესამცირებლად რა პრევენცია არსებობს? 


თუ გვინდა რომ ადამიანებს არ დაემართოთ ცოფი, თუ გვინდა რომ ადამიანები ჯანმრთელები იყვნენ, აუციელებელია ვიზრუნოთ ცხოველების ჯანმრთელობაზე. ცხოველები გეგმიურად უნდა იყვნენ აცრილები ცოფის წინააღმდეგ. სხვანაირად შედეგის ვერ მივაღწევთ.

 

ანუ ნებისმიერ ცხოველს უნდა უტარდებოდეს გეგმიური, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციები?

 

უპირველეს ყოვლისა ვაქცინაცია უნდა უტარდებოდეს საკუთრებაში მყოფ ცხოველებს, განსაკუთრებით ძაღლებსა და კატებს. აუცილებელია ქუჩაში მცხოვრები ცხოველების ვაქცინაციაც. განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის სკანდინავიის ქვეყნებში არსებობს გარეული ცხოველების ვაქცინაციაც, რომელიც ტურას, მგელს, მელას და სხვა ცხოველებს უტარდება. თუმცა, ჩვენი სტატისტიკით, შემთხვევათა ყველაზე დიდი რიცხვი, 80% შინაური ცხოველზე მოდის.  


რატომ ხდება ასე, ისინი, შინაურ ცხოველებს არ უკეთებენ ცოფის საწინააღმდეგო აცრებს?


შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ადამიანები ცხოველებს სათანადოდ არ უვლიან, და ამით საზოგადოებასაც საფრთხეს უქმნიან, როდესაც ასეირნებენ ცხოველს და ამ დროს ეს ცხოველი არ არის აცრილი. 

 

სამწუხაროდ, საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყანათა რიცხვს, რომელიც ანტირაბიულ პროფილაქტიკაზე ყველაზე მეტს ხარჯავს. ჩვენი გათვლებით, სულ ცოტა 3 მილიონი ლარი ჯდება ყოველწიურად ანტირაბიული მკურნალობა საქართველოში. ყოველწიურად 50 ათასი ადამიანი მიმართავს ექიმს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ეს მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან (ევროპის რეგიონში და მეზობელ ქვეყნებთან) შედარებით ძალიან მაღალია.


რა არის ამის მიზეზი, რაიმე ანალიზი გაკეთებულა?


იმიტომ რომ ცხოველთა სამყარო მნიშვნელოვანი არ არის ჩვენთან. თუ ცხოველებში არ გვექნება ცოფი, ადამიანთა ცოფით ინფიცირების რისკი არ იარსებებს. 

 

 

28 სექტემბერს მსოფლიო ცოფის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 



მასალების გადაბეჭდვის წესი