საზოგადოება

როდის არ შეიძლება ვიაგრას მიღება

23 აგვისტო, 2013 • 51317
როდის არ შეიძლება ვიაგრას მიღება

ვიაგრას ეგვიპტური კამპანია
ვიაგრას ეგვიპტური კამპანია

რამდენიმე დღის წინ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამაკაცი, რომელიც პრეპარატ ვიაგრას ხშირად მოიხმარდა, სექსის დროს მანქანაში გარდაიცვალა. ზოგადად, არსებობს თუ არა მის მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები?

არავინ იცის, რა ვითარებაში გარდაიცვალა ეს მამაკაცი. ზოგადად, სექსის დროს, სხვადასხვა მიზეზით, მამაკაცი ყოველგვარი წამლის გარეშეც შეიძლება გარდაიცვალოს. შესაძლოა, ფარულად მიმდინარე ისეთი დაავადებით, რომელც სექსუალური აქტის დროს გართულდა. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, რომ თავის ტვინში ანევრიზმა გამხდარა ამის მიზეზიც. მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები. რაც შეეხება ვიაგრას და მისი ტიპის პრეპარატებს, მისი მიღება არის საჭირო სიფრთხილით და ექიმის დანიშნულებით. მის მოხმარებამდე მამაკაცებს სჭირდებათ ექიმთან კონსულტაცია. დანიშვნამდე უნდა გამოირიცხოს გულსისხლძარღვთა დაავადებები, თირკმლის უკმარისობა და სხვა.

ვიაგრას პირდაპირი უკუჩვენება აქვს პრეპარატ ნიტროგლიცერინთან (ის სტენოკარდიის შეტევების, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს მიიღება). ამიტომ ყურადღებით უნდა წაიკითხონ ინსტრუქცია. ვინც ნიტროგლიცერინს იღებს, მან ვიაგრა არ უნდა დალიოს. მათი ურთიერთკომბინაცია იწვევს კოლაფსს. შეიძლება პაციენტი გადარჩეს, შეიძლება- ვერა.

ზოგადად კი, გულსისხლძარღვთა სისტემით დაავადებებულმა ადამიანებმა ვიაგრა უნდა მიიღონ სიფრთხილით. მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. მეც დამინიშნია ეს პრეპარატები პოსტ-ინფარქტულ პერიოდში, სტენტირების ან შუნტირების შემდეგ. როდესაც დარწმუნებული ვარ, რომ პაციენტი არ დაზარალდება (ზოგადად, სექსი დაშვებულია ინფარქტის შემდგომ პერიოდშიც, არანაირი სასიკვდილო რისკები არ არის, მაგრამ არ უნდა იყოს ის გადაჭარბებული).

სხვა რა დაავადებების დროს უნდა გამოირიცხოს მისი მოხმარება?

თირკმლის უკმარისობის დროს, იმიტომ, რომ ვიაგრის მიღების შემთხვევაში, ორგანიზმში გროვდება რაღაც კონცენტრაცია, რომელიც ორგანიზმიდან უნდა გამოიდევნოს შემდეგ. თირკმლის უკმარისობის დროს თირკმელი შეყოვნებით მუშაობს, სილდენაფილის სისხლში ცირკულირება კი უფრო ხანგრძლივდება. გარდა ამისა, ამ ტიპის პრეპარატების მოხმარება ამწვავებს ორგანიზმში ფარულად მიმდინარე ინფექციურ დაავადებებს.

პრეპარატებს გვერდითი მოვლენებიც ახასიათებს. მაგალითად, სისხლის მოწოლის გამო სახის კანის შეწითლებას, სურდოს, გულის ოდნავ აჩქარებას, თავის ტკივილს, ჰალუცინაციას, მაგალითად, შესაძლოა,  ოდნავ ცისფრად მოგეჩვენოს თეთრი კედელი. ეს სიმპტომები მისი მიღების გარკვეული დროის შემდეგ ქრება.

როგორია მისი მოხმარების სიხშირე? თუ ინდივიდუალურად ინიშნება?

მისი მიღება ყოველდღე შეიძლება, მთელი ცხოვრების განმავლობაშიც. ის მოქმედებას იწყებს მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური სტიმულის დროს ( მაგალითად, როდესაც მამაკაცს ჰყავს სექსუალური პარტნიორი გვერდში, ათვალიერებს პორნოგრაფიულ მასალას და ა.შ.) სხვა შემთხვევაში, მისი მიღების დროს ერექცია არ განვითარდება. პრეპარატის შემადგენელი აქტიური ნივთიერება სილდენაფილი იწვევს ისეთ ქიმიურ პროცესებს, როდესაც მამაკაცის სასქესო ორგანოში აზოტის ჟანგის გამოყოფა ხდება. ეს აზოტის ჟანგი არის ძლიერი ნეიროტრანსმიტერი, რაც იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, სასქესო ორგანოსკენ სისხლის ჭარბ მოწოლას და, შესაბამისად, ერექციას, რაც მამაკაცს სქესობრივი აქტის დროს ეხმარება. არ არის აუცილებელი გქონდეს სექსის დროს პრობლემა და მაშინ მიიღო ეს პრეპარატები, ნებისმიერს შეუძლია მისი მიღება, ვისაც უნდა, რომ სქესობრივი აქტის ხარისხი გაიუმჯობესოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი