ტემპერატურის მატების გამო პრობლემები ზღვის წყლის იმ ბინადრებსაც შეექმნათ, რომლებიც სწრაფად
გადაადგილებას ვერ ახერხებენ, 2010 წელს შავ ზღვაში ერთდროულად დიდი რაოდენობით მიდიები დაიღუპა.
2007-2009 წლების საქართველოს ეროვნულ მოხსენებაში გარემოს მდგომარეობის შესახებ ნათქვამია, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლი ექვსივე ქვეყანაში, რომლებსაც ის ესაზღვრება, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მიმართ განსაკუთრებულ მგრძნობელობას ამჟღავნებს. კვლევა აჩვენებს, რომ ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველოს შავიზღვისპირეთი წარმოადგენს:
“შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს მთელ სიგრძეზე ნაპირთან შედარებით წყლის დონის აწევა შეინიშნება,” – ნათქვამია გარემოს ეროვნულ მოხსენებაში.
“კლიმატის ცვალებადობა უწყვეტი პროცესია და ის უშუალო გავლენას ახდენს ზღვის ტემპერატურულ რეჟიმზე. ატმოსფერო ადვილად მოძრავი, მაღალინერციული, ზღვა კი შედარებით დაბალინერციული სისტემაა, ამიტომ ამ ორ სისტემაში განსხვავება დიდია. ატმოსფეროს ცირკულაცია განსაზღვრავს ზღვის მდგომარეობას,” – განმარტავს კლიმატოლოგი გიორგი მეტრეველი.
გარემოს ეროვნული სააგენტო აჭარის სამსახურზე დაყრდნობით ჰაერის ტემპერატურაზე დაკვირვებას ბათუმში 1982 წლიდან აწარმოებს. ზღვაზე დაკვირვება კი, კლიმატოლოგ გიორგი მეტრეველის ინფორმაციით, გაცილებით ადრე, 1924 წლიდან დაიწყო. ამ წლებში შეგროვებული ინფორმაციის მიხედვით ატმოსფეროში ტემპერატურის მატება ბათუმში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო და 1940-იან წლებში პიკს მიაღწია.
ტემპერატურამ 13,1 გრადუსიდან დაახლოებით 14,5-მდე მიაღწია, შემდეგ კი კლება დაიწყო. 1980-ან წლებში კვლავ 14,1-გრადუსამდე შემცირდა, შემდგომ წლებში კი კვლავ ტემპერატურის მატება დაიწყო.
“ამ მონაცემებს თუ გავაანალიზებთ, აღმოჩნდება, რომ ტემპერატურის მატების მეორე ციკლი იწყება. პირველი ციკლი 1900-ანი წლებიდან 1980-ან წლებამდე დაფიქსირდა, მეორე კი – 1980-ანიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. 100-წლიანი დაკვირვებით ბათუმში ყველაზე მაღალი ატმოსფერული ტემპერატურა – 17, 1 გრადუსი
2010 წელს დაფიქსირდა. ზღვის ტემპერატურა კი ამ დროს (2010 წელი) 17,9 გრადუსი იყო,” – ამბობს კლიმატოლოგი გიორგი მეტრეველი.
გარემოს ეროვნული მოხსენების შესახებ 2007-2009 წლების დოკუმენტის მიხედვით კლიმატის ცვლილების შედეგია ზღვაზე შტორმის გახშირება და მისი მასშტაბების გაძლიერება, ზღვაში მდინარეების ჩამონატანის გაზრდა და ასევე, ზღვის ზედაპირული წყლების ტემპერატურის ცვლილება. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეს შედეგები კი განსაკუთრებით მწვავე ვითარებას მდინარე რიონის დელტაში, ქალაქ ფოთთან ქმნის, სადაც ის ორმაგ პრობლემას, ერთი მხრივ, ზღვის შეჭრას და ხმელეთის მიტაცებას და, მეორე მხრივ, მდინარის შეჭრას ზღვაში და იქ ნაშალის ჩატანას იწვევს.
ეროვნულ მოხსენებაში მითითებული ინფორმაციით, “კვლევები აჩვენებს, რომ შავი ზღვის სანაპირო ზონა კლიმატის ცვლილებისადმი საქართველოში ამჟამად ყველაზე მოწყვლად ეკოსისტემას წარმოადგენს.”
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის სამსახურის ხელმძღვანელის რუსუდან დიასამიძის ინფორმაციით, ზღვაზე ინტენსიური დაკვირვება 1891 წლიდან მიმდინარეობს, ამ წელს გაიხსნა ბათუმში ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურიც.
“ამ წლების დაკვირვების შეჯამებისა და მრავალწლიური მონაცემების ფონზე ზღვის წყალი 33 გრადუსამდე განსაკუთრებით ბათუმის აკვატორიაში არასოდეს დაფიქსირებულა. ასეთი შემთხვევა მანამდე არ ყოფილა, მაქსიმალური იყო 29-30 ან 30,5 გრადუსი,” – ამბობს რუსუდან დიასამიძე.
მისი თქმით, ზღვის წყალში ტემპერატურის მკვეთრი მატება მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა, ამიტომ საგანგაშოს ის ამ ფაქტში ვერაფერს ხედავს:
“მსგავსი ტენდენციები ადრეც დაფიქსირებულა, იდენტური ბუნებრივი პროცესები წლების შემდეგ ისევ ფიქსირდება, ეს ჩვეულებრივი პროცესია.”
კლიმატოლოგი გიორგი მეტრეველი კი კიდევ ერთ ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას:
“აქ ყურადღება მისაქცევია იმაზე, რომ ატმოსფეროს ტემპერატურა ყოველთვის 10 ან 15 გრადუსით უსწრებდა ზღვის მაქსიმალურ ტემპერატურას, ანუ ჯერ თბებოდა ჰაერი, 10-15 წლის შემდეგ ზღვის ტემპერატურაც იმატებდა. 1980-ანი წლებიდან კი ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად მატულობს ასევე ზღვის ტემპერატურაც. ანუ ერთდროულად მატულობს ორივე, ეს არის მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს იმას, რომ ზღვის ზედა ფენა გათბა. ვგულისხმობ დაახლოებით ორმოცდაათ მეტრამდე ზედა ფენას. როდესაც ძლიერი შტორმია, ის წყლის ზედაფენებს გადააადგილებს სამხრეთიდან ჩრდილოეთით ან დასავლეთიდან – აღმოსავლეთით. ამ გადაადგილებული თბილი ფენების ნაცვლად ზღვის სიღრმიდან ამოდის ცივი წყალი, რის შემდეგაც ზღვა თითქოს აგრილებდა ატმოსფეროს, თუმცა ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს პროცესი აღარ ჩანს. ჩემი ვარაუდით ეს ხდება იმიტომ, რომ ზღვის წყლის ზედა, დაახლოებით ორმოცდაათ მეტრამდე ფენა გათბა და მისი ზედაპირზე
ამოსვლა ტემპერატურის ატმოსფეროს ტემპერატურაზე ვეღარ ახდენს გამაგრილებელ გავლენას. რას გვაძლევს ეს? – პირველი ისაა, რომ დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით აჭარაში, ზღვისპირა ზოლის კლიმატი უახლოვდება ტენიანი ტროპიკების ჰავას, სუბტროპიკები ისედაც გვქონდა,” – ამბობს გიორგი მეტრეველი.
2010 წლის ზაფხულში შავ ზღვაში მკვეთრად შემცირდა მიდიების რაოდენობა, ამის მიზეზი კი საქართველოს სანაპიროებზე, შავი ზღვის ზედაპირზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირება გახდა. ეს ინფორმაცია მაშინ ასოციაცია “ფლორა და ფაუნას” ხელმძღვანელმა არჩილ გუჩმანიძემ გაავრცელა. მიდია თევზის ის სახეობაა, რომელიც წყლის ფილტრაციის ხარჯზე იკვებება და ე.წ. “ბიოფილტრს” წარმოადგენს. ის ზღვის წყლის თვითწმენდის პროცესში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.