საზოგადოება

ზრდის თუ არა უმაღლესი განათლების მიღება დასაქმების შანსს

28 ივნისი, 2013 • 3557
ზრდის თუ არა უმაღლესი განათლების მიღება დასაქმების შანსს

კვლევა სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მიერ გამოკითხული 47 000 რესპონდენტის პასუხსა და EPPM–ის მიერ გამოკითხული 2000 პირის მონაცემებს ეყრდნობა.

 

ავტორების განცხადებით, კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევაც, ასრულებს თუ არა განათლება საზოგადოებაში არსებული სოციალური უთანასწორობის გათანაბრების ფუნქციას:

 

“ჩვენი გვინდოდა შეძლებისდაგვარად დაგვედგინა, თუ რა შედეგებზე გავდივართ უმაღლესი განათლების მიღებით, ასევე, რამდენად მომგებიანია უმაღლეს განათლებაში ინვესტირება და რა ტემპითაა შესაძლებელი ამ თანხის უკან ამოღება კონკრეტული პირისა თუ სახელმწიფოს მიერ”, – აცხადებს კვლევის ერთ–ერთი ავტორი თამარ ბრეგვაძე. მისი თქმით, გაწეული ხარჯების ამოღების თვალსაზრისით საქართველოს იგივე შედეგი აქვს, რაც ამავე შემოსავლის სხვა ქვეყნებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის თანახმად უმაღლესი განათლების მქონე პირებს მეტი შემოსავალი აქვთ, დადგინდა, რომ შემოსავლის რაოდენობაზე გავლენას არ ახდენს მაგისტრატურის დამთავრება:

 

“როგორც აღმოჩნდა, იმ პირების ხელფასი, ვინც მაგისტრატურა დაამთავრა, დიდად არ განსხვავდება მათი ხელფასისგან, ვისაც ბაკალავრიატის დიპლომი აქვს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მაგისტრანტების დასაქმების შანსი 70%–ით უფრო მაღალია. ისინი საკუთარი სპეციალობით უფრო ხშირად საქმდებიან, ზოგადად კი საკუთარი სპეციალობით მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირთა მეოთხედი მუშაობს”, – აღნიშნავს თამარ ბრეგვაძე.

 

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ის სტუდენტები, ვინც გრანტი მიიღო, არ არიან უფრო მეტად წარმატებული მათთან შედარებით, ვისაც სახელმწიფო გრანტი არ ერგო. დასაქმებაზე გავლენას არ ახდენს არც უმაღლესი დაწესებულების ტიპი. დასაქმების შანსები ერთნაირია მათთვის, ვინც კერძო სასწავლებელი დაამთავრა და მათთვისაც, ვინც სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებაში სწავლობდა:

 

“შედეგებიდან გამომდინარე გრანტების გადანაწილებასთან დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაცია გაგვაჩნია. კარგი იქნებოდა, თუ გრანტის გაცემა დამოკიდებული იქნებოდა საჭიროებაზე და არა მხოლოდ აკადემიურ წარმატებაზე, რადგან კვლევის თანახმად ღარიბი მოსახლეობის შემთხვევაში უმაღლეს განათლებაში ჩართულობა 9%–ს შეადგენს მაშინ, როდესაც მდიდარი მოსახლეობის შემთხვევაში ეს რიცხვი 38%–ია”, – ამბობს თამარ ბრეგვაძე.

 

კვლევამ განსხვავებები გამოავლინა გენდერული თვალსაზრისითაც. როგორც აღმოჩნდა, უმაღლესი განათლების მქონე მამაკაცების დასაქმების ალბათობა 1.2–ჯერ უფრო მაღალია, მეტია მამაკაცების საშუალო ხელფასიც.

 

მაგალითად, იმ მამაკაცებსა და ქალებს შორის, რომლებმაც ბიზნესის ადმინისტრირება დაამთავრეს და რომელთა ასაკი, საცხოვრებელი ადგილი და სხვა სოციალურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ერთნაირია, მამაკაცების ხელფასი ქალების ხელფასზე 176 ლარით მეტია.

 

კვლევის ავტორებმა შედეგების მიხედვით რეკომენდაციები შეიმუშავეს:

 

“გარდა გრანტების გადანაწილებისა, აუცილებელია, რომ მოხდეს უმაღლესი სისტემების შედეგების თავსებადობა ბაზრის მოთხოვნებთან, მოხდეს სახელმწიფო ხარჯების რაციონალიზაცია და გაიზარდოს განათლების ხელმისაწვდომობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ასევე მინდა ვთქვა,  რომ აუცილებელია სახელმწიფო ატარებდეს მსგავს კვლევებს და ამის მიხედვით გეგმავდეს სტრატეგიას, თუ საით მიმართოს საკუთარი დაფინანსება”, – აცხადებს კვლევის კოორდინატორი რევაზ აფხაზავა.

 

კვლევის ავტორები შედეგებსა და დეტალურ რეკომენადციების უახლოეს მომავალში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პარლამენტსა და სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებებს წარუდგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი