საზოგადოება

ქალაქი, რომელსაც სუნთქვა უჭირს – ბათუმის “მანჰეტენიზაციის” შედეგები

25 ივნისი, 2013 • 3923
ქალაქი, რომელსაც სუნთქვა უჭირს – ბათუმის “მანჰეტენიზაციის” შედეგები

 

 

ბათუმი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ განაშენიანების ბოლოდროინდელი ტენდენციები ბათუმში ქალაქის განიავების პრობლემას ქმნის, ბათუმის არქიტექტორი გიორგი რამიშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, ბათუმში უკვე დგას შიდა კვარტალური განიავების პრობლემა, თუმცა, ქალაქის მთავარი არქიტექტორის განმარტებით, ეს მაღლივ შენობებთან პირდაპირ კავშირში ნაკლებად არის: „უფრო სწორი იქნება, საკითხი დავსვათ ორიენტაციაზე, ანუ იმაზე, თუ ჰაერის ძირითადი ნაკადების მიმართ როგორ დგას შენობები და ხერგავს თუ არა ისინი ამ ნაკადებს.“

 

 

განსხვავებული მოსაზრებები აქვთ კლიმატოლოგებს. “მაღლივი შენობები ქალაქში არა მარტო მიწისპირა ფენებში, არამედ მაღალ ფენებშიც არღვევს ჰაერის ნაკადის მიმართულებას, შესაბამისად, ცვლის ცირკულაციის ეფექტს, ანუ ჰაერის წრიულ მოძრაობას ქალაქში და ცვლის მას უარესობისაკენ.  ეს ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მეტი მაღლივი შენობაა ქალაქში, მით უფრო ნაკლებად ხდება ვენტალიაცია და მით უფრო დახუთული ხდება ჰაერი, გარდა ამისა ძლიერად ხურდება ასფალტი, რაც უფრო აძლიერებს უარყოფით მოქმედებას მიმდებარე სახლებზე.“ – ამბობს კლიმატოლოგი გიორგი მეტრეველი. 

 

 

ანბანის კოშკი, „ბათუმი თაუერი“, რომელშიც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა იგეგმებოდა, სასტუმროები: “შერატონი“ და „რედისონი“, “კემპინსკის“ შენობა,  იუსტიციის სახლი და რამდენიმე ათეული საცხოვრებელი კორპუსი –  იმ მაღლივი შენობების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ბათუმის ზღვისპირა ზოლს ბოლო წლების მანძილზე დაემატა. ბათუმის მერიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით კი, რომელიც ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხება, ბათუმის ზღვისპირა ზოლს კიდევ რამდენიმე მაღლივი შენობა შეემატება. ბათუმის მთავარი არქიტექტორის ინფორმაციით, სამომავლოდ მშენებლობა ზღვისპირა ზოლიდან გარეუბნებში გადაინაცვლებს, თუმცა ვეღარ მოხდება უკვე დამტკიცებული პროექტების შეჩერება.

 

 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სპეციალისტების მტკიცებით ქალაქში განიავების პრობლემას ქმნის, ახალი კორპუსების განაშენიანების სიმჭიდროვეა, ეს დამატებით ქალაქის ინსოლაციის, ანუ მზის სხივების მიღების პრობლემას ქმნის:

 

 

„რამდენადაც უფრო მჭიდროდ და ახლოა ეს მაღლივი შენობები ერთმანეთთან,  მით უფრო ძლიერია მიკროკლიმატზე ზემოქმედება იმ გაგებით, რომ ამ დროს მატულობს ტემპერატურა. გავიხსენოთ ისიც, რომ 2010 წლის  ზაფხულში ბათუმში ისეთი მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რაც მთელი 100-120 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ანალიზისთვის გავითვალისწინოთ ისიც, რომ 2021 წლამდე ტემპერატურა მოიმატებს და ბათუმში უფრო მეტად მოიმატებს, რადგან ბოლო წლებში ზღვა გათბა იმაზე მეტად,  ვიდრე აქამდე იყო.“ –  ამბობს გიორგი მეტრეველი.

 

 

ქალაქის განაშენიანების მოქმედი რეგულაციები მშენებლობის ნებართვის მისაღებად  მერიის შესაბამის სამსახურში მისულ მენაშენეს დაგეგმილი პროექტის ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის საკითხის შესწავლას არ ავალდებულებს. ნებართვის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციების წარდგენისას დეველოპერის პრობლემა 2005 წლიდან აღარ არის ასევე გვერდით შენობაზე ზემოქმედებისა და ჰაერის ნაკადების მიმართულებასთან შესაბამისობის საკითხები, ანუ მენაშენეს არსებული რეგულაციებით არ აქვს ვალდებულება  შეისწავლოს, რამდენად შეუშლის პროექტის განხორციელება მეზობელ შენობას, პოტენციურ მიწის ნაკვეთს ან პოტენციურ შენობას.   

 

 

კლიმატოლოგ გიორგი მეტრეველის თქმით კი, სწორედ ამ რეგულაციების არარსებობისა და ქალაქში არსებული შენობების სიმჭიდროვის გამო კომფორტული გარემო უარესობისაკენ შეეცვლებათ იმ ოჯახებს, რომლებიც მაღლივ კორპუსებში დაბალ სართულებზე ცხოვრობენ.

 

 

ბოლო პერიოდში ბათუმის განაშენიანებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით ურბანისტი ვლადიმერ ვარდოსანიძე განმარტავს: „დღევანდელ ქალაქმშენებლობაში ენერგიულად შემოიჭრა ქალაქის ბრენდის თემა, ანუ სახელის გატანის, ტურისტების მოწვევის და ასე შემდეგ საკითხები გახდა უფრო მნიშვნელოვანი. ხელისუფლება, როგორც წესი, ამით იმართლებს თავს, მაგრამ ასეთი მიდგომა ყოველთვის არ ამართლებს, არ პასუხობს ქალაქის ბუნებას, ბათუმის შემთხვევაში კი- განსაკუთრებით.

 

 

ბათუმი მიეკუთვნება არა ბუნებრივად განვითარებულ, არამედ დაგეგმილ ქალაქებს და მისი მასშტაბის გადარჩენა მნიშვნელოვანია. მე არ მომწონს ბათუმში წითელი ხაზიდან გამოჭრილი შენობები, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა კი ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული შენობაა. რაც შეეხება ქალაქის ზრდას სიმაღლეში, ამ ტენდენციას ვერც ერთი ქალაქი ვერ გაექცა. „მანჰეტენიზაცია“ მთელ მსოფლიოშია შემოსული, მაგრამ გააჩნია, სად ააშენებ მაღლივ შენობებს, ამ ყველაფერს საკუთარი კანონები აქვს. არ შეიძლება ისინი ლურსმნებივით დაარჭო მთელი ქალაქის ტერიტორიაზე. თუ ნახავთ ქალაქების კონტურებს, როგორც წესი, ეს შენობები თავმოყრილია გარეუბნებში. ნაკლებად კარგი მაგალითია ამ მხრივ ლონდონი სამწუხაროდ. მაღლივი შენობები არ უნდა იყოს წინააღმდეგობაში ძველ ქალაქთან.“

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი