საზოგადოება

დაბალი სასკოლო მზაობა ბავშვებში

21 ივნისი, 2013 •
დაბალი სასკოლო მზაობა ბავშვებში

მკვლევარების თქმით, სკოლამდელი ასაკის ზოგიერთ ბავშვს წიგნის გადაფურცვლაც კი უჭირს და მისი მოტორიკა განვითარებული არ არის.

 

საქსტატის მონაცემებით, სკოლამდელი ასაკის, ანუ 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების 40% არ არის ჩართული სწავლების ან დაწყებითი განათლების არც ერთ დაწესებულებაში. თუმცა სახარბიელო მდგომარეობა სასკოლო მზაობის კუთხით არც იმ ბავშვებშია, რომლებიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არიან ჩართულნი. ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, რომლის მიხედვით, ყველა საბავშვო ბაღში წარიმართება სასწავლო პროცესი.

 

როგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებმა ცხადყო, ადრეული სწავლების ეფექტურ სისტემას უნდა შეეძლოს ბავშვის ინტელექტუალური, ფიზიკური და სოციალური განვითარების უზრუნველყოფა და საფუძველი შეუქმნას მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის.

 

თბილისის საბავშვო ბაღებისთვის, მერიის გადაწყვეტილებით, 2 წლის წინ შემუშავდა სასწავლო პროგრამები და სტანდარტები, რომელიც საბავშვო ბაღებს დაურიგდა. რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, მათ ასეთი სახელმძღვანელოები ჯერ არ გააჩნიათ. თუმცა 2010 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, იმის მიუხედავად, რომ ვალდებულება არ გააჩნდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის სახელმძღვანელოები შეემუშავებინა, გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური დახმარებით „საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო“, „სკოლამდელი განათლების პროგრამა“ და „სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შეფასების ფორმა“ გამოსცა. აღნიშნული სახელმძღვანელოების თითო ეგზემპლიარი სამინისტრომ რეგიონების ყველა ბაგა–ბაღს გადასცა.

 

„ბათუმის ბაგა–ბაღების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილე ნინო კერვალიშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ მოხდა პედაგოგთა მაქსიმალური რაოდენობის გადამზადება იმისათვის, რომ სტანდარტების დოკუმენტი მათთვის კარგად ცნობილი ყოფილიყო. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ არსებული სახელმძღვანელოები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს მათ გამოყენებას არ ავალდებულებს.

შესაბამისად, სკოლამდელი ასაკის ბავშვები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ. გაეროს ბავშვთა ფონდი, იუნისეფი მიიჩნევს, რომ ერთნაირი მიდგომის უქონლობა ბევრ მუნიციპალიტეტში ბავშვების სისტემაში ჩართულობის და ხარისხის პრობლემებს წარმოქმნის.

 

იმის გამო, რომ სკოლამდელი განათლების სისტემა არ არის ცენტრალიზებული, ქვეყანაში არსებული 65-ივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ნებაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ბავშვების  სასკოლო მზაობა და მათი აკადემიური მოსწრება შემდგომ წლებშიც.

 

ამაზე თავად მუნიციპალიტეტებში არსებული საბავშვო ბაღების წარმომადგენლებიც საუბრობენ:

 

“სანამ მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტი იქნება ხარისხი, ასეთი მდგომარეობა გვექნება. როგორც კი მოხდა დეცენტრალიზაცია და განათლების სამინისტროს ჩამოშორდა ბაღი, მშობელმა ბაღისგან სააღმზრდელო ფუნქცია მოითხოვა, შესაბამისად, მუნიციპალიტეტი მას ამას აძლევს, მეტს არაფერს,”- ამბობს „ბათუმის ბაგა–ბაღების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილე ნინო კერვალიშვილი.

 

თავის დროზე არახარისხიანად გატარებულ დეცენტარალიზაციაზე საუბრობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე:

 

“ეს იყო არახარისხიანად განხორციელებული დეცენტრალიზაცია, გარკვეულწილად კარგი იდეები, რომელიც დეცენტრალიზაციას უნდა მოეტანა, გაუფასურდა. როდესაც ზემოდან ქვემოთ გადაეცა სამართავად, უნდა ყოფილიყო მონიტორინგი”.

 

საბავშვო ბაღებში სხვადასხვა სტანდარტებსა და სწავლების მეთოდებზე საუბრობს “იუნისეფის” განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე:

 

“საბავშვო ბაღებში დომინირებდა სიჩუმის გაკვეთილები. წრეში იჯდა აღმზრდელი და ეუბნებოდა: ვინც მეტ ხანს იჯდებით ჩუმად, უკეთესი. დღეს ბავშვები სხვადასხვა სექციაში არიან გადანაწილებული. როდესაც მათთან შეხვალ, არავინ გიყურებს. სხვა სიტუაციაა ტრადიციულ კლასებში. დაინახავენ თუ არა სტუმარს, უნდა თქვან – “გამარჯობაა”, მერე – “ნახვამდიის”. და თითქოს ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ბავშვებმა რაღაც ისწავლეს ბაღში”.

 

საქართველოს სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეები ძალიან დაბალ შეფასებებს იღებენ საერთაშორისო გამოცდებზე, სადაც ფასდება კითხვის უნარ-ჩვევები და მიღწევები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.

 

მაგალითად, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) მიხედვით, 74 ქვეყანას შორის საქართველოს პოზიცია მე-60-70-ე ადგილებს შორის მერყეობდა.  

 

საქართველოში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა პედაგოგების პროფესიული კვალიფიკაციის შესაფასებლად სისტემური შეფასება არ ჩატარებულა. ინტერვიუები, რომლებიც იუნისეფის მიერ დაფინანსებული 6 საგანმანათლებლო ტრენინგ-ცენტრში ჩატარდა, მეტყველებს, რომ სხვადასხვა ბაღის პედაგოგების კვალიფიკაციას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი