აქციების მიზანია, შეახსენოს ხელისუფლებას და საზოგადოებას შშმ პირთა უფლებები, რომ უსინათლო ადამიანებს და სხვა შშმ პირებს ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც ქვეყნის სხვა დანარჩენ მოქალაქეებს. მათ აქვთ უფლება განათლების მიღების, ჯანმრთელობის დაცვის, თავისუფლად გადაადგილების, საზოგადოებაში სპორტულ და კულტურულ აქტივობებში ჩართვის, სხვადასხვა გაერთიანებების შექმნის საზოგადოებრივი ინტეგრაციის მიზნით და ა.შ.

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონით შშმ პირების უფლებები უზრუნველყოფილია, რეალურ ცხოვრებაში ამ უფლებების რეალიზება არ ხდება.

 

ბათუმში “საქართველოს უსინათლოთა კავშირის” მიერ 365 უსინათლო პირია რეგისტრირებული. თუმცა, ყველა პირის მდგომარეობის, მათი საცხოვრებელი ადგილის თუ სოციალური პირობების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია დაცული არ არის.

 

“ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით, სხვებთან შედარებით ჩვენ ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია ვართ”
– ამბობენ “საქართველოს უსინათლოთა კავშირის” ბათუმის გამგეობაში. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციას არ აქვს სათანადო სახსრები საკუთარი წევრების სოციალური თუ კულტურული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

ბათუმში უსინათლოთა კავშირის საკუთრებაში გრიბოედოვის ქუჩაზე 7 000კვ/მ მიწის ფართობი და მასზე მიმაგრებული ობიექტები ირიცხება. ობიექტების დიდი ნაწილი ორგანიზაციას გაქირავებული აქვს. უძრავი ქონების გაქირავებას უსინათლოთა კავშირის მიერ დაარსებული შპს “სინათლე” უზრუნველყოფს. მისი ხელმძღვანელის ასლან ფაღავას ინფორმაციით, კავშირის სახელზე არსებული ყველა უძრავი ქონება იჯარითაა გაცემული. ასლან ფაღავას თქმით, ყოველთვიური საიჯარო შემოსავალი 17 ათასი ლარია, რომელიც გამგეობაში დასაქმებულ 19 უსინათლო პირის ხელფასსა და კომუნალურ გადასახადებს ხმარდება:

 

“საშუალო ხელფასი 120-180 ლარია. ძირითადი თანხა სესხის დაფარვას ხმარდება, რომელიც ბანკიდან ახალი ობიექტის მშენებლობისთვის ავიღეთ”.

 

ახალი ობიექტიც იჯარითაა გაცემული. გამგეობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საიჯარო შემოსავლები ადგილზე არ რჩებათ: “ცენტრალიზებულ ბიუჯეტში მიდის და იქიდან ნაწილდება ყველა რეგიონზე”. 


ასლან ფაღავა ამბობს, რომ სანამ ბანკის სესხი არ დაიფარება, საიჯარო შემოსავლები უსინათლოთა ინტერესებს ვერ მოხმარდება. გამგეობას ხელმძღვანელის ზაურ დევაძის განცხადებით, მათ უსინათლოთა სხვადასხვა აქტივობაში ჩასართავად ახალაშენებული ფართობიც აქვთ, თუმცა გაურემონტებელია:


“თუ მერია უზრუნველყოფს ამ ფართობის გარემონტებას და აღჭურვას, ჩვენ უსინათლოებს საზოგადოებაში მეტი ინტეგრირებისთვის შევუქმნით ნორმალურ გარემოს. გვინდა შევქმნათ მომღერალთა ანსამბლი, მოვაწყოთ კომპიუტერული კლასი და ტრენინგების ოთახიც, სადაც უსინათლოები საკუთარი უფლებების დასაცავად იმუშავებენ”.


გამგეობის ბუღალტერი ელეონორა როყვა ამბობს, რომ წლების წინ უსინათლოებს საკუთარი რადიოც ჰქონდათ, რისი რეაბილიტაცია დღესაც შესაძლებელია. უსანოთლოების საზოგადოებაში ინტეგრირებას ისიც აფერხებს, რომ მათ არ აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა.


“მხოლოდ რამდენიმემ იცის ბრაილის შრიფტით სარგებლობა. ამიტომ ბიბლიოთეკასაც იშვიათად იყენებენ”, – გვეუბნებიან გამგეობაში.


ზაურ დევაძე უსინათლო სტუდენტებზე შეღავათების არ არსებობაზეც საუბრობს:


“ორი ბავშვი გავუშვით ბათუმიდან თბილისში სასწავლებლად, ერთს კი მშობელი ვერ უშვებს, რადგან რვა წლისაა, აქ კი განათლების მიღების არანაირი საშუალება არ არსებობს. შეღავათები არც უსინათლო სტუდენტებზე ვრცელდება ერთი გოგონა სწავლობს ბათუმის უნივერსიტეტში, ვითხოვეთ მისთვის შეღავათის გაწევა, მაგრამ უარი მივიღეთ. მაშინ როცა, ამ გოგონას ოჯახში ყველა უსინათლოა და რეალურად სჭირდებათ დახმარება”. 

სოციალური კუთხით დახმარებას მხოლოდ პირველი ჯგუფის უსინათლო პირები იღებენ, ძირითადად, კომუნალურ გადასახადებზე:


“აქვთ პენსია სახელმწიფოს მხრიდან. სხვა დახმარება მათზე არ არის ბიუჯეტში გათვალისწინებული. მერიამ საახალწლოდ 30 ლარიანი სასურსათო პაკეტი დაურიგა უსინათლოებს და სულ ეგ იყო. საერთოდ, თუ ვინმე არ შეაწუხე, საკუთარი ინიციატივით არავინ დაგეხმარება. არც ჯანდაცვის კუთხით არის განსაკუთრებული ყურადღება, სახელმწიფო დაზღვევის პაკეტით არ ფინანსდება მნიშვნელოვანი ოპერაციები ან მკურნალობა”, – ამბობს ზაურ დევაძე. 


უსინათლოთა კავშირის ბათუმის გამგეობაში ამბობენ, რომ ორგანიზაციას უჭირს დამოუკიდებლად ფინანსური რესურსის მოძიება. არასამთავრობო ორგანიზაციები კი ნაკლებად ინტერესდებიან.


“ერთადერთი წელს ხორციელდება ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” პროექტი, რომლის ფარგლებში ყველა რეგიონში შეირჩა ორ-ორი უსინათლო, რომლებსაც საზოგადოებაში უკეთ ინტეგრირების მიზნით სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდებათ. გადამზადებული პირები ათი დღის განმავლობაში სხვა უსინათლოებს გადაამზადებენ, რისთვისაც ფონდი ანაზღაურების სახით დღეში 25 ევროს გადაუხდის”, – ამბობს ზაურ დევაძე. 


უსინათლოებთან დაკავშირებით გარკვეულ პროექტებს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია “არტვეიც”. 


“ჩვენ გვქონდა პროექტი “რეანიმაცია”, რომელიც მიზნად ისახავდა შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებას ხელოვნების კუთხით. ამით აღვნიშნეთ, რომ უსინათლო პირებსაც აქვთ უფლება თეატრში იარონ და არსებობს პრაქტიკა, რომ მათთვის დაიდგას სპეციფიკური წარმოდგენები”, – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ჩხაიძე. 


ორგანიზაციამ უსინათლოთა სკოლის გახსნის თხოვნით აჭარის განათლების სამინისტროს მიმართა. 


“ასევე, სარეკომენდაციო წერილი გვქონდა გაგზავნილი უმაღლეს საბჭოში, რომელიც მიზნად ისახავს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც შშმ პირების პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებს. ამჟამად მიმდინარეობს დებულების შემუშავება”, – ამბობს ნინო ჩხაიძე. 


საბჭოს წევრები სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების უფლებების სფეროში მომუშავე ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები იქნებიან: 


“ასევე, ჩართული იქნებიან თვითონ უსინათლო პირები, უმაღლესი საბჭოს და მერიის წარმომადგენლები. პირველ რიგში პრობლემა უნდა მოგვარდეს საკანონმდებლო თვალსაზრისით, რადგან კანონი არსებობს, მაგრამ არ მუშაობს რეალურად, პარლამენტში რატიფიცირებისთვის უკვე შესულია გაეროს კონვენციაც შშმ პირების უფლებების შესახებ და ამ კონვენციაზე მიერთებითაც უსინათლოთა უფლებების დასაცავად, უფრო ძლიერი მექანიზმი გვექნება”, – ამბობს ნინო ჩხაიძე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *