აქციაზე შეიკრიბნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ასევე მოქალაქეები, რომლებიც არც ერთი ორგანიზაციას ან პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით ისინი ცდილობენ დაანახონ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საზოგადოებას, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს.

აქციაზე იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი ხედვა – საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ნასარიძე:

“რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ის შემოდის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში და მალე ალბათ თბილისსაც მოადგება, სამწუხაროდ ამაზე მას პასუხს არავინ არ სთხოვს და სწორედ ეს იწვევს მის გათავხედებასაც”, – განაცხადა ნასარიძემ.  მისი თქმით, ის განცხადებები რაც საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის მხრიდან გაკეთდა არაადეკვატურია.

აქციაზე მივიდა ჟურნალისტი დავით პაიჭაძეც. პაიჭაძე ამბობს, რომ მან, როგორც ერთ–ერთმა მოქალაქემ საჭიროდ ჩათვალა აქციაზე გამოსულიყო და საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა:

“ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ხოლო აქციის პათოსი ჩემთვის მისაღებია. ეს არის წინააღმდეგობის გამოხატვა საზღვრისა და ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის მიმართ”, – განაცხადა პაიჭაძემ.

“ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან აქტიურობას, მხოლოდ შეშფოთების გამოთქმა სასაცილოა, უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. ჩვენ ვაპირებთ რომ წერილით მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დღეს აქ მოსვლა კი ვფიქრობ ყველა ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია”, – აცხადებს აქციის ერთ–ერთი მონაწილე ნიკოლოზ კინაძე.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსფარანტები წარწერებით “არ შეურიგდე ოკუპაციას”, “ნოტა საკმარისი არ არის”, “კმარა შეშფოთება”, “არც ერთი ნაბიჯი უკან”, “მე ვარ ანტიოკუპანტი”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *