ქალბატონო ქეთი, რა შეიცვალა გარემოსდაცვით პოლიტიკაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ საქართველოში?
გარემოსდაცვითი პოლიტიკის ცვლილებაზე საუბარი რთულია, ვინაიდან ქვეყანას არასდროს გააჩნდა და არც დღეს გააჩნია სახელმწიფო პოლიტიკა ამ სფეროში; მხოლოდ იმის დეკლარირება, რომ გარემოს დაცვა პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის,
საკმარისი არ არის, აუცილებელია არსებობდეს თანამონაწილეობითი პროცესის საფუძველზე დადგენილი და დროში გაწერილი სამიზნეები გარემოს ხარისხის გასაუმჯობესებლად – ასეთი რამ კი საქართველოს არ გააჩნია. ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია
მხოლოდ წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ გატარებული კონკრეტული ღონისძიებების შედარება და მათ ავკარგიანობაზე მსჯელობა. მაგალითად, თუ გადავხედავთ 2003-2012 წლების სამთავრობო პროგრამებს ვნახავთ, რომ თავდაპირველად გარემოს დაცვას მცირე, მაგრამ პრიორიტეტული ადგილი მაინც უკავია, მომდევნო წლებში კი საერთოდ ქრება პრიორიტეტებიდან. შესაბამისად,
ამ წლებში გაუქმდა ან ძალზე დასუსტდა კანონმდებლობით განმტკიცებული გარემოსდაცვითი მექანიზმები, პრაქტიკულად დაინგრა გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება. სისტემის მოშლის ბოლო, დამაგვირგვინებელი ნაბიჯები იყო 2011 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია – ფაქტობრივად, უფუნქციოდ დატოვება და 2012 წელს კანონის მიღება, რომელმაც შესაძლებელი გახადა მოქმედი, უკვე ძალზე დასუსტებული გარემოსდაცვითი მოთხოვნების იგნორირება სახელმწიფოსთვის
ხარკის გადახდის სანაცვლოდ.
ახალი მმართველი ძალის წინასაარჩევნო პროგრამაში გარემოს დაცვითი სტრუქტურების გაძლიერებაზე იყო საუბარი, დღეს მთავრობის გადაწყვეტილებები ხომ არ მოდის ამ პროგრამასთან წინააღმდეგობაში?
ამჟამინდელი მთავრობის პროგრამაში, რომელიც 2012 წლის ნოემბერში იქნა მიღებული, გარემოს დაცვას და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას პრიორიტეტული ადგილი უკავია. რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს – ისინი ძირითადად მიმართულია, ასე ვთქვათ, წინა ხელისუფლების მიერ „გაფუჭებულის“ რეაბილიტაციაზე – სისტემის 2011-2012 წლებამდე არსებულ მდგომარეობამდე სწრაფად აღდგენაზე. ეს ძალიან ჰგავს დაზიანებული ნივთის შეკეთებას, რათა ის კიდევ გარკვეული პერიოდი მოგვემსახუროს. ეს ღონისძიებები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ არ არის საკმარისი – გარემოს დაცვის სამინისტროს
უნდა მიეცეს შესაძლებლობა, იმუშაოს სისტემურ, ფუძემდებლურ ცვლილებებზე – ამისათვის კი, ის უნდა აღიჭურვოს შესაბამისი უფლებამოსილებებით და ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსებით.
თქვენი ორგანიზაციის ძირითადი შენიშვნები მოდის ენერგოსექტორთან დაკავშირებულ მიდგომებზე. თქვენ ამის თაობაზე პრემიერსაც მიმართეთ, როგორია თქვენი რეკომენდაციები?
დიახ, ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, რომ მან შეცვალოს წინა ხელისუფლების მიერ ენერგეტიკული პროექტების განხორციელების ხელშესაწყობად ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკა – გაურკვეველი, დაუსაბუთებელი ეკონომიკური მოგების სასარგებლოდ საზოგადოების გარემოსდაცვითი და სოციალური ინტერესების სრული იგნორირება. ერთ-ერთი ჰიდროენერგეტიკული პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ვგულისხმობ ყაზბეგის რაიონში ხდისწყალზე ჰესის მშენებლობის პროექტს, შეიძლება ითქვას, ეს პრაქტიკა შეიცვალა – საზოგადოებას მოუსმინეს და მისი აზრი გაითვალისწინეს, რაც პრინციპულად შეუძლებელი იყო წინა ხელისუფლების პირობებში; თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პრაქტიკა დავიწყებულია – ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის არაერთგვაროვანი სიგნალები, რომლებიც სხვა ენერგეტიკული პროექტის – ხუდონჰესის – შესახებ ვრცელდება სხვადასხვა უწყებიდან. მაშინ, როდესაც დღემდე არ არის დასაბუთებული პროექტის საჭიროება, არ არის შეფასებული ერთი მხრივ, პროექტით მიღებული შესაძლო სარგებელი და მეორე მხრივ, მოსახლეობისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანი, არ ჩატარებულა კონსულტაციები პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობასთან და ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები პირდაპირ აცხადებენ, რომ პროექტი განხორციელდება.
უფრო მეტიც – მაშინ, როდესაც თავის საარჩევნო პროგრამაში “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა დიდი ჰესების მშენებლობაზე, ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ახლახან ეს ვალდებულება საერთოდ უარყო. ეს იმის მაჩვენებელია, რომ „ქართული ოცნება“ უკვე ამჟღავნებს არათანმიმდევრულობას თავის გადაწყვეტილებებში და თუ უახლოეს მომავალში არ გადაიდგა ნაბიჯები სისტემური ნაკლოვანებების დასაძლევად, სულ მოკლე ხანში ამჟამინდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მიერ გაკვალულ იოლ გზას გაუყვება. ენერგეტიკის სფეროში სისტემური
ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებად ჩვენ მივიჩნიეთ ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ენერგოსექტორის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარება. სწორედ ამ და სხვა
რეკომენდაციებით მივმართეთ ჩვენ პრემიერ-მინისტრს ამა წლის მარტში; სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არ შეიმჩნევა.