საზოგადოება

სათემო რადიოებს ლიცენზიას ისევ არ აძლევენ

14 მაისი, 2013 •
სათემო რადიოებს ლიცენზიას ისევ არ აძლევენ

არარატ თთთიანმა,  ნინოწმინდასა და ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობისთვის ინტერნეტ რადიო “ნორი”, სადაც ადგილობრივ და ქვეყანაში მიმდინარე ამბებს სომხურ და რუსულ ენებზე გადასცემენ, მაშინ დააფუძნა, როდესაც რადიოს მაუწყებლობისთვის ლიცენზიაზე უარი რამდენჯერმე მიიღო. ინფორმაციის გასაგებ ენაზე მიღება ადგილობრივი მოსახლეობისთვის მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. 


“იმის გამო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის ოჯახის წევრები, ნათესავები და ახლობლები რუსეთში ცხოვრობენ, მათთან სკაიპით ურთიერთობა იაფი ჯდება. შესაბამისად, ინტერნეტი ძალიან ბევრ ოჯახს აქვს. ამან ჩვენი ინტერნეტ რადიოს პოპულარობაც განაპირობა,”- ამბობს ის.

 

ამის მიუხედავად, რადიო “ნორს” ყოველდღიურად 150-200 უნიკალური მსმენელი ჰყავს. უფრო ფართო აუდიტორიის მოცვა კი ნინოწმინდასა და ახალქალაქში ჩვეულებრივი რადიოს მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი. რადიოს მაუწყებლობისთვის საჭირო აღჭურვილობა და ადამიანური რესურსი 2006 წლის შემდეგ არსებობს. თუმცა ამ წლების განმავლობაში რადიოს მაუწყებლობას რეგიონში კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აფერხებს.


კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ბოლო უარი ასოციაცია სტუდია “რე”-ს დირექტორს, მამუკა ყუფარაძეს, წერილობით 2013 წლის იანვარში გაუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ “სათემო მაუწყებლობა არაპრიორიტეტულ ლიცენზიის სახედ განისაზღვრა.”


საქართველოში სათემო რადიოების პროექტი “ვაკეთებთ ტალღებს” 2006-2009 წლებში ბი-ბი-სი უორლდ სერვვის ტრასტმა (BBCWST) ქართველ პარტნიორებთან ერთად განახორციელა.


პროექტს საფუძველი ევროგაერთიანების ინიციატივის – დემოკრატიის,  ეროვნულ უმცირესობათა, ადამიანის უფლებების დაცვის, ქსენოფობიისა და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ჩაეყარა. მაშინ ინიციატივას ასევე გლობალური კონფლიქტების პრევენციის ბრიტანულმა საბჭომ, “ღია საზოგადოება საქართველომ”, ფონდმა ევრაზიამ და ეუთოს მისიამაც დაუჭირეს მხარი. პროექტის განხორციელება “სტუდია რე”-მ და აირექსმა (IREX) დაიწყო.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლში (მარნეულში) და ჯავახეთში,(ნინოწმინდაში) სათემო რადიოები დაარსდა და ტექნიკურად აღიჭურვა. თანამშრომლები ბი-ბი-სის რუსულენოვანმა ტრენერმა გადაამზადეს.


რადიომ ორივე რეგიონში 2006-2008 წლებში გრანტის ფარგლებში იარსება. ამ დროის განმავლობაში ყოველდღიურად, 2 საათით ხმამაღლა მოლაპარაკის მეშვეობით სამ ენაზე (ქართული, რუსული, სომხური და მარნეულში -აზებაიჯანული) ინფორმაცია გადაიცემოდა.


2008 წლის შემდეგ გრანტი დამთავრდა. რადიოს არსებობისთვის ლიცენზია სჭირდებოდა. ამ წლების განმავლობაში კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ლიცენზიის გაცემაზე უარი რამდენჯერმე განაცხადა. მიზეზი  პრიორიტეტებია.


“მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია ორ წელიწადში ერთხელ უკვეთავს სოციოლოგიურ კვლევას და მისი შედეგების თანახმად სამაუწყებლო პრიორიტეტებს ადგენს. ბოლო კვლევა 2011 წელს დასრულდა, პრიორტეტად განისაზღვრა პროგრამული მრავალფეროვნება, მოსახლეობას პოლიტიკური გადაცემების გარდა აინტერესებდა გასართობი, მუსიკალური პროგრამები. ამ ეტაპისთვის სათემო რადიო პრიორიტეტად არ დასახელებულა,”- ამბობს ხატია ყურაშვილი, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.


არარატ თთთიანი მიიჩნევს, რომ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობა რეალურად რომ გამოეკითხათ, სხვა  შედეგებს მიიღებდნენ.


“ვინ გამოკითხეს კვლევის დროს, არ ვიცი. ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობა რომ გამოეკითხათ, ისინი აუცილებლად იტყოდნენ, რომ საჭიროა რადიო. როგორც არაოფიციალური წყაროებით ვიცით, არსებობს შიში, რომ სათემო, არაქართულენოვანი რადიომაუწყებლობით რეგიონები ავტონომიის მოთხოვნას დაიწყებენ. ეს არის, ჩემი აზრით, ძირითადი მიზეზი,”- ამბობს არარატ თთთიანი. 

 

იგივე მიზეზზე საუბრობს სტუდია “რე”-ს დირექტორი, მამუკა ყუფარაძე.


“რეგიონებში უმცირესობებს არ ენდობიან, რომ სათემო მაუწყებლობის დაფუძნების უფლება მისცენ. ალბათ იოლია, რომ საფრთხის მიზეზით მათ რაღაც შეუზღუდო და გააუცხოვო. ამასთან, ძალიან რთულია, რომ მათ განვითარებას ხელი შეუწყო. სამწუხაროდ, ამის ნება არ აღმოაჩნდა წინა ხლისუფლებას. კომუნიკაციების კომისიის გარდა, ალბათ, არც ერთი სახელმწიფო ინსტანცია არ დაგვიტოვებია, ვისაც არ მივმართეთ. გვქონდა შეხვედრები პარლამენტარებთან. წერილი მიწერეს ამ საკითხზე ელჩებმაც გია ბარამიძეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას საერთოდ არც ჰქონდა ის წაკითხული,”- ამბობს ყუფარაძე.


მისივე განმარტებით, უარის მიუხედავად, ლიცენზიის მოსაპოვებლად კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ისევ უნდა მიმართონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი