საზოგადოება

“ყოველ მეოთხე მამაკაცს სექსუალური პრობლემები აქვს”

13 მაისი, 2013 •
“ყოველ მეოთხე მამაკაცს სექსუალური პრობლემები აქვს”

ბატონო გიორგი, დავიწყოთ იქიდან, რა არის იმპოტენცია?


ტერმინ იმპოტენციას დღეს უკვე აღარ ხმარობენ. ამ პრობლემას ერექციულ დისფუქნციას უწოდებენ.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ტერმინზე ჯერ კიდევ 1992 წელს შეჯერდა.

 

ერექციული დისფუნქცია ეს არის მამაკაცის უნარის დაქვეითება, ადეკვატურ სიტუაციაში მიაღწიოს სასურველ ერექციას, რომელიც შეაძლებინებს მას სქესობრივი აქტი განახორციელოს.

 

რა იწვევს ერექციულ დისფუნქციას?

 

დავიწყოთ იქიდან, რომ სექსოლოგია მულტიდისცპლინური სპეციალობაა. რამდენიმე მოსაზღვრე სფეროა მასში გაერთიანებული- ფსიქოლოგია, უროლოგია, ენდოკრინოლოგია, ნევროლოგია. ერექციის მექანიზმში დიდი როლი მიუძღვის ნერვულ სფეროს, ამასთან, ერთ- ერთ პირველ ადგილზე სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებია.

 

ძირითადად, ერექციას სასქესო ორგანოში სისხლის მიმოქვევა უზრუნველყოფს. სასქესო ორგანო წარმოადგენს გარკვეულ ბალონს, რომელიც სისხლით უნდა გაივსოს და, შესაბამისად, მიაღწიოს გარკვეულ სიმაგრეს.

 

სისხლძარღვები სხვა მრავალი პათოლოგიების დროს ზიანდება. მათ შორის დიაბეტის, რომელიც ჰემოდინამიკის მოშლას იწვევს. თუმცა სომატური, ფიზიკური პრობლემები ახალგაზრდულ ასაკში ნაკლებია. ახალგაზრდა ასაკში უფრო მეტად ფსიქოლოგიური პრობლემებით არის გამოწვეული ერექციული დისფუნქცია. დაურწმუნებლობა, შიში, გამოუცდელობა, ასევე სიგარეტის და ალკოჰოლოს გადაჭარბებული მოხმარება, ნარკოტიკი. ყველაფერი ეს აზიანებს იმ სისტემებს, რომელიც მამაკაცის სექსუალურ პოტენციას უზრუნველყოფს.

 

ერექციულ დისფუნქციასთან დაკავშირებით როგორია სტატისტიკა საქართველოში?

 

მსოფლიო სტატისტიკას თუ ავიღებთ, ერექციული დისფუნქცია მოსახლეობის 25% -ს აწუხებს. საქართველოც ამ სტატისტიკურ ნორმაში ჯდება, განსაკუთრებული სტატისტიკა არ გვაქვს. ანუ ყოველ მეოთხე მამაკაცს გარკვეული ტიპის სექსუალური პრობლემა აქვს, რომელიც ერექციის სისუსტეში, სპერმის სწრაფი დაქცევის, ლიბიდოს დაქვეითებაში ან ფსიქოლოგიური პრობლემებით არის გამოწვეული. ყველა ეს პრობლემა თავისთავად კიდევ იყოფა კატეგორიებად.

 

როგორ მიმდინარეობს ერექციული დისფუნქციის მკურნალობა?

 

ჯერ ხდება გასაუბრება პაციენტთან იმისთვის, რომ განვასხვავოთ ერთმანეთისგან ფსიქოგენური და სომატური მიზეზი. ფსიქოგენური ერექციული დისფუნქცია ძირითადად გამოხატულია ჭაბუკობრივი ჰიპერსექსუალიზმის პერიოდში, როდესაც გამოუცდელია მამაკაცი, არ არის საკუთარ თავში დარმწუნებული სქესობრივი აქტის დროს. ორგანული პრობლემები კი, ძირითადად, 35-40 წლის შემდეგ იჩენს თავს.

 

თუმცა თავიდან ვიწყებთ ამ ყველაფრის გამოკვლევას, რომ დიფერენციაცია მოვახდინოთ. უნდა მოხდეს სისხლის მიმოქცევის გამოკვლევა, სასქესო ორგანოში სისხლის მიმოქცევის გაზომვა. იმ სფეროების შესწავლა, რომელიც უზრუნველყოფენ მამაკაცის პოტენციას. უნდა გამოირიცხოს ნერვული, ჰორმონული, უროლოგიური პრობლები,

 

თუ ფსიქოლოგიური ასპექტში ვხედავთ პრობლემას თავიდანვე, მაშინ გამოკვლევებზე აღარ ვუშვებთ პაციენტს. გარკვეულ ხერხებს ვასწავლით, როგორ შეიძლება ის მარტივად დაიძლიოს.

 

ერექციული დისფუნქციის დროს რა მედიკამენტებს უნიშნავთ პაციენტებს?

 

კონკრეტულ დასახელებებს ვერ გეტყვით, რეკლამაში ჩამეთვლება. ზოგადად კი, ეს არის  სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი, ნეიროსტიმულატორები, ბიოსტიმულატორები, აღმგზნებები. თუ შაქრიანი დიაბეტია, ენდოკრინოლოგიც ერთვება მედიკამენტის გამოწერის დროს.

 

რაც შეეხება ოპერაციულ მკურნალობებს, ეს არის ოპერაციები სასქესო ასოს სისლძარღვებზე, ფალოპროტეზირება– გარკვეული სპეციალური მოწყობილობების ჩადგმით, ერექცია მუდმივად ექნება მამაკაცს. თუმცა ეს მეთოდი უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ერექციული დისფუნქციის დროს გამოუვალი მდგომარეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, თუ საქმე განსაკუთრებით მძიმე პათოლოგიასთან გვაქვს.  

 

როგორია ამ მხრივ საქართველოში სპეციალისტთან მომართვიანობის მაჩვენებელი?

 

მომართვიანობა ნორმალურია. მოდიან 16 წლის და 60 წელს გადაცილებული პაციენტებიც. ყველას ერთი სურვილი აქვს – ჰქონდეთ ერექცია. თუმცა, ცხადია, 65 წლის შემდეგ, როდესაც დაბერება იწყება, მეტი სომატყრი პრობლემა იჩენს თავს, რაც თავის მხრივ, ერექციის უნარზე ისახება. მაგალითად, თუ 40 წლის ასაკში ეს პრობლემა მამაკაცების 25-30%-შია, წლების შემდეგ უკვე 50 %-ზე მეტია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი