ნინო კვიტაიშვილი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებს ავჭალის არასწრულოვანთა და ქალთა კოლონიაში ასწავლის. ის პარალელურად თბილისის 123-ე საჯარო სკოლის დირექტორია. იმ სკოლის, სადაც 2009 წლის დეკემბრიდან საქართველოს მასშტაბით ყველა არასწრულწლოვანი მსჯავრდებული ირიცხება.
იმ შემთხვევაში, როდესაც არასრულწლოვანი საპატიმროში მოხვედრის დროს უკვე რომელიმე სკოლაში სწავლობდა, რამდენიმე დღეში, კანონის გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, 123-ე საჯარო სკოლაში ირიცხება. თუ ის საპატიმროში მოხვედრის დროს, სკოლაში არ სწავლობდა, სწავლა მიტოვებული ჰქონდა ან – მოსწავლის სტატუსი შეჩერებული, 123-ე საჯარო სკოლის დირექცია, სასჯელაღსრულების სამინისტროს დახმარებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისი სკოლის ბაზაში აღდგენის მიზნით მიმართავს.
იმის მიუხედავად, რომ მჯავრდებული არასრულწლოვანი საჯარო სკოლაში ირიცხება, სასწავლო პროცესი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარეობს.

ამჟამად არასრულწოვნებისთვის სკოლის ახალი შენობა შენდება. ვიდრე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სასწავლო პროცესი ალტერნატიულ ფართში მიმდინარეობს. დანარჩენი, რაც სასწავლო პროცესისთვისაა საჭირო, იდენტურია – გარემო, გაკვეთილების ხანგრძლივობა და ეროვნული სასწავლო გეგმა.
მასწავლებლების ნაწილი, რომლებიც კოლონიაში ბავშვებს ასწავლიან, პარალელურად 123-ე საჯარო სკოლაში მუშაობს. პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი 2009 წელს გამოცხადდა. პირველ ეტაპზე იმაზე ნაკლები მასწავლებელი შედიოდა კოლონიაში, ვიდრე ეროვნული სასწავლო გეგმა მოითხოვდა.
დღესდღეობით სასწავლო პროცესს მსჯავრდებული არასრულწლოვნები ზუსტად იმავე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად გადიან, როგორც სამოქალაქო სექტორში.
“ნებისმიერი ლიტერატურის, ფილმების შეტანა შეგვიძლია მოსწავლეებთან, ასევე. მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად საჭირო ნებსმიერი სასწავლო რესურსის,”- ამბობს 123-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კვიტაიშვილი.
ამ ეტაპზე ავჭალის არასწრულწლოვანთა კოლონიის მოსწავლეთა რიცხვი 45-ს არ აღემატება.
“2009 წელს, როდესაც ამ პროგრამის განხორციელება დავიწყეთ, 100-მდე მოსწავლე გვყავდა. წელს მათი რიცხვი ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად შემცირდა,”- ამბობს ნინო კვიტაიშვილი.
მოსწავლეების პირველმა ნაკადმა არასწრულწლოვანთა კოლონიაში, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს, ატესტატები 2010 წელსვე მიიღეს.
“თუ მჯავრდებული 17 წლის იყო და სწავლა შეწყვეტილი ჰქონდა, საშუალება მიეცათ ექსტერნის ფორმით დაეძლიათ პროგრამა და ასაკთან შესაბამისობაში მოსულიყვნენ.”
კვიტაიშვილი 2011 და 2012 წლების შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც მისაღებ გამოცდებზე გასასვლელად მომზადებული აბიტურიენტები გამოცდაზე არ გაიყვანეს.
“გამოცდების დღეს ჩაცმული და მომზადებული იყვნენ ბავშვები და არ წაიყვანეს. ჯერ ეგონათ, რაღაც გაუგებრობაა და გამოცდები გადაიდო, მერე გაიგეს, რომ მხოლოდ რამდენიმე წაიყვანეს. ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა მათ მოტივაციაზე. საბოლოოდ, ვერავინ გავიგეთ, მაშინ რა მოხდა,”- ამბობს 123-ე საჯარო სკოლის დირექტორი.
წელს 12 კლასს 15-მდე არასრულწლოვანი ამთავრებდა, თუმცა ამნისტიის შედეგად მათი რაოდენობა 3 -მდე შემცირდა. წელს გათავისუფლებული მსჯავრდებულები კი, როგორც რიგითი მეთორმეტეკლასელები, 123-ე საჯარო სკოლაში ჩააბარებენ გამოსაშვებ გამოცდებს.
“აქამდე მოსწავლეები აზრს ვერ ხედავდნენ იმაში, რატომ უნდა ესწავლათ, თუკი საბოლოდ მაინც ვერ აიღებდნენ ატესტატს. ახლა შეცვლილია დამოკიდებულება, იციან, რომ შანსები იმაზე მეტი აქვთ, ვიდრე ეგონათ. ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა, რომელიც მეთორმეტე კლასში ირიცხება, სასწავლო ეროვნული გეგმით გათვალისწინებული პროგრამის გარდა, სხვა დამატებითი პროგრამის გავლაც მოითხოვა. მითხრა, რომ იმაზე მეტი ცოდნის მიღება უნდა, ვიდრე სკოლაში, ამიტომ პირადად მე ისტორიას დამატებით, როგორც რეპეტიტორი, ისე ვასწავლი,”- ამბობს კვიტაიშვილი.
იმის გამო, რომ არასრულწოვან მსჯავრდებულთა ნაწილი არაქართულენოვანია და ეროვნული სასწავლო პროგრამა ქართულ ენაზე უწევთ, ქართული მეტყველების დაბალი უნარების გამო სასწავლო პროცესი პრობლემური ხდება.
“15 წლის არაქართულეოვანი არასწრულოანი გოგონა გვყავდა. საერთოდ არ უვლია სკოლაში. შევდიოდით მასთან ოთახში, ძალით ვაღვიძებდით გაკვეთილისთვის. საბოლოოდ ინდივიდუალურად შედგენილი პროგრამით შევძელით, რომ ერთ წელიწადში შედეგისთვის მიგვეღწია. ერთი წლის შემდეგ ის პეტრე პირველზე საუბრობდა და ამ თემაზე ვკამათობდით,”- ამბობს 123-ე სკოლის დირექტორი.
ატესტატებს, რომელსაც მოსწავლეები კოლონიაში იღებენ, იდენტურია. მათ ბიოგრაფიაში არსად ჩანს, რომ სასწავლო ეროვნული გეგმით გათვალისწინებული საგნები გავლილი კოლონიაში აქვთ.
ყველაზე დიდ პრობლემად 123-ე სკოლის დირექტორს მაინც ის მიაჩნია, რომ ბავშვები, რომლებიც სასწავლო პროგრამას კოლონიაში გადიან, გამოსვლის შემდეგ მათი მცირე ნაწილი აგრძელებს სწავლას.
“ეს ბავშვები ისევ რისკჯგუფში ხვდებიან. სამწუხაროდ, კომპლექსურია ეს პრობლემა, სადაც მნიშნელოვანი რგოლები – ოჯახი და სოციალური გარემო უნდა ჩაერთოს. რა ხდება უკვე სკოლის დასრულების შემდეგ, ეს ინფორმაცია ხშირად აღარ გვაქვს.”
![]() |
პროექტი ,,ახალი შესაძლებლობები საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ და ხორციელდება სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის, ასოციაცია ზეკარისა და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის მიერ. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მოსაზრებებს. |
![]() |
The contents of this publication do not necessarily reflect the views of European Union and Open Society Institute მათემატიკური წიგნიერება ISBN 978-9941-0-4926-2 წიგნიერება ISBN 978-9941-0-4927-9 |


