საზოგადოება

“წითელას შემთხვევების რიცხვი შეშფოთების საბაბს იძლევა”

23 აპრილი, 2013 •
“წითელას შემთხვევების რიცხვი შეშფოთების საბაბს იძლევა”

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, წითელას შემთხვევების რიცხვი შეშფოთების საბაბს იძლევა.


“ეს გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ იმუნიზაციით უნდა შევზღუდოთ მისი გავრცელება,”- ამბობს ზახაშვილი. 


წითელას გავრცელების შემთხვევების ასეთ მკვეთრ მატებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი აუცრელი მოსახლეობის სტატისტიკის მიხედვით პროგნოზირებდა. ცენტრში განმარტავენ, რომ როდესაც ქვეყანაში არაიმუნური ფენა გროვდება, მაშინ დაავადების არაბუნებრივი გავრცელება ხდება. 

 

“მას ციკლურობა ახასიათებს, როდესაც არაიმუნურთა კოჰორტა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, იწყება დაავადების ეპიდემიური გავრცელება.”

 

შესაბამისად, მასობრივი იმუნიზაცია, სპეციალისტების განმარტებით, ერთდერთი საშუალებაა იმისთვის, რომ ეპიდემიური გავრცელება არ მოხდეს. 

 

საქართველოში წითელას შემთხვევების ყველაზე დიდი წილი 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (689) მოდის. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ეს ის მოქალაქეები არიან, ვისაც წითელას წინააღმდეგ აცრა თავის დროზე ჩატარებული არ ჰქონიათ ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო. 

 

დღეს საქართველოში წითელას წინააღმდეგ აცრის უფასოდ გაკეთების საშუალებას გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის მხარდაჭერით სახელმწიფო 7 წლამდე ასაკის ბავშვებს, სამედიცინო პერსონალს და იმ მოქალაქეებს აძლევს, ვისაც კონტაქტი ჰქონდა დაავადებულთან.

 

წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა არ არის რეკომენდებული ორსულებისთვის. იმის მიუხედავად, რომ ორსულებისთვის რაიმე საფრთხის გამოწვევის მხოლოდ თეორიული მიზეზები არსებობს. ორსულებს ურჩევენ არ გაიკეთონ აცრა ნებისმიერი ცოცხალი ვირუსის შემცველი ვაქცინით. ცოცხალმა ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადება (მაგ. წითურას ვირუსით გამოწვეული თანდაყოლილი წითურას სინდრომი). თუმცა, ამ სიტუაციაში ქალების ინდივიდუალური კონსულტაციაა რეკომენდებული და არა ორსულობის ხელოვნურად ნაადრევი შეწყვეტა.

 

რაც შეეხება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთაც აცრები, ეროვნული კალენდრის მიხედვით, სწორედ 12 თვეზე უტარდებათ, თუკი ბავშვის ოჯახის წევრია დაავადებული, მისთვის აცრის გაკეთება 6 თვის ასაკშიც შეიძლება.

 

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს თავის დროზე, ანუ 1 წლის ასაკში უკვე გაკეთებული აქვს წითელას წინააღმდეგ აცრა, იმუნიტეტი, რომელიც მას წითელასგან იცავს, 85%-ს შეადგენს. მეორე დოზის მიღების შემდეგ ეს რიცხვი 95%-მდე იზრდება. 

 

წითელა იშვიათია ისეთ ქვეყნებსა და რეგიონებში, სადაც ვაქცინაციით მოცვა მაღალ დონეზე რჩება. ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, ფინეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში  წითელას ენდემური (ადგილობრივი) გავრცელება შეწყვეტილია ვაცქინაციის გზით. 

 

ყოველწლიურად მსოფლიოში 20 მილიონი წითელათი დაავადებისა და 164 000 სიკვდილის შემთხვევა აღირიცხება. გარდაცვალების შემთხვევების ნახევარზე მეტი ინდოეთზე მოდის. 

საქართველოში 2004–2005 წლებში, 1973 წლის შემდეგ, პირველად დაფიქსირდა წითელას უდიდესი აფეთქება. ქვეყანაში აღირიცხა წითელას 8 391  შემთხვევა.

 

წითელა ვირუსით გამოწვეული რესპირატორული დაავადებაა. დაავადებას და ვირუსს, რომელიც იწვევს ამ დაავადებას, ერთი და იმავე სახელით მოიხსენიებენ – წითელა. წითელას ვირუსი მრავლდება ფილტვების და ხახის უჯრედებში. მეტი ინფორმაცია წითელას შესახებ იკითხეთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი