თავის ტკივილის დიაგნოზი ხშირად არასწორად ისმება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ექიმთან კონსულტაციის დროის შეზღუდულობით, ან პაციენტზე ხანრგძლივი დაკვირვებისა და ვიზიტების ორგანიზების შეუძლებლობით, – ეს არის ამონარიდი  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროტოკოლიდან – “თავის ტკივილის მართვა პირველად ჯანდაცვაში”.

 

ის, რომ სპეციალისტების მიერ თავის ტკივილის დიაგნოზი ხშირად არასწორად ისმება, ამას არც ექიმი ნევროლოგები უარყოფენ. ამის მიზეზი კი ექიმისთვის არასაკმარისი ინფორმაციაა თავის ტკივილის შესახებ.

 

მაგალითად, თუ შაკიკის, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადების, მკვეთრად გამოხატული ნიშნები არ აღენიშნება პაციენტს, სპეციალისტებს მისი დადგენა ე.წ. ტკივილის შეფასების დღიურის მეშვეობით შეუძლიათ, რომლის გამოყენებაც ყველა სამედიცინო დაწესებულების ექიმისთვისაა რეკომენდებული.

 

ასეთი დღიური, რომელსაც ექიმი პაციენტის ჩივილის მოსმენის შემდეგ მას სახლში ატანს, 30 დღის მანძილზე ყოველდღიურად უნდა შეივსოს. მაგალითად, დღიურის ერთ-ერთ გრაფაში პაციენტს მოეთხოვება აღწეროს ტკივილის ინტენსივობა. აქვე მოცემულია პასუხის 4 ვარიანტი: ტკივილი არ არის, ის არის მსუბუქი, საშუალო ან ძლიერი. სავარაუდო პასუხები აქვს კითხვას ტკივილის ხანგრძლივობის შესახებაც; ასევე, ტკივილის გამომწვევ სავარაუდო ფაქტორებს. ეს სავარაუდო ფაქტორები შეიძლება იყოს გადაღლა, სტრესი, მენსტრუაცია, ალკოჰოლი, ყავა და ა.შ. დღიურში არის კითხვა ტკივილის ტიპის შესახებაც – მფეთქავი, ყრუ, ცალმხრივი, ორმხრივი.

 

 

“პაციენტები ერთსა და იმავე სიმპტომს ხშირად არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ, როცა ექიმთან ჩივილებით მოდიან. ამიტომ ერთი თვე მაინც გვინდა დაკვირვებისთვის. როდესაც შევსებულ დღიურს მოგვიტანს, თავდაპირველად მოყოლილთან ვაჯამებთ და დიაგნოზის დასმა შესაბამისად მარტივდება,”- ამბობს ეთერ ტოგონიძე, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ნევროლოგი.   

ტკივილის შეფასებისთვის არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა -ფაქტორი. ძლიერდება თუ არა თავის ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს. თუ პასუხი უარყოფითია, მაშინ ნევროლოგი უკვე დაძაბვის ტიპის  თავის ტკივილზე ეჭვობს.

 

საერთოდ თავის ტკივილი ე.წ. პირველად და მეორად თავის ტკივილად იყოფა. პირველს სპეციალისტები ისეთი ტიპის თავის ტკივილს უწოდებენ, როდესაც მისი გამომწვევი სხვა დაავადება არ არსებობს, მაგალითად, სიმსივნე, ეპილეფსია. მეორეული ტიპის თავის ტკივილების რიცხვი გაცილებით მცირეა და მისი არსებობის ეჭვის შემთხვევაში სხვადასხვა სისხლის საერთო ანალიზს, ტომოგრაფიას ან კიდევ სხვა ტიპის გამოკვლევას ნიშნავენ.

 

პირველადი თავის ტკივილებიდან ყველაზე გავრცელებული დაძაბვის ტიპის თავის ტკივილი და შაკიკია. მათი ერთმანეთისგან გარჩევაც, თუ მკვეთრად გამოხატული სიმპტომატიკა  არ არის, სპეციალისტებს უჭირთ. თუმცა, დღიური ამაშიც ეხმარება პაციენტსა და ექიმს.

 

დაძაბვითი ტიპის ტკივილი არტერიული წნევის მატებასთან არის კავშირში, ამ შემთხვევაში ტკივილი პულსირებადია, ფეთქვადი, პაციენტი თავში წნევის მოწოლას გრძნობს და ტკივა კისრის არე, თუმცა ფიზიკური დატვირთვის დროს ეს ტკივილი არ ძლიერდება. ეს ბოლო ნიშანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომელიც შაკიკისგან ანსხვავებს მას.

 

შაკიკის დროს პირიქით ხდება, თავის ტკივილი სიარულის დროსაც ძლიერდება, ნერვული სისტემა განსხვავებულად იწყებს მუშაობას, თავის ტვინში ქიმიური ნივთიერებები გამოიყოფა და სისხლძარღვები ფართოვდება. მისი ერთ-ერთი სიმპტომია გულისრევაც. შაკიკის გამომწვევი მიზეზი  შეიძლება იყოს შიმშილი, გადაღლა, სტრესი, ნერვიულობა, ალკოჰოლი, კოფეინი და დღის სინათლეც კი. გარდა ამისა, მისი გამოწვევა სხვადასხვა ტიპის მედიკამენტის მიღებასაც შეუძლია.

 

ნევროლოგები ამბობენ, რომ შაკიკი უფრო ხშირად ქალებს ემართებათ.

 

“ყოველთვიური ჰორმონული ცვლილება თავის ტკივილის აღმოცენების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, ამიტომ არის, რომ მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის შემდეგ, პოსტკლიმაქტერულად, ჩვეულებრივ შაკიკის შეტევების სიხშირე იკლებს,”- ამბობს ნევროლოგი ეთერ ტოგონიძე.

შაკიკის, როგორც ქრონიკული დაავადების, ბოლომდე განკურნება არ ხდება, თუმცა  სწორი მკურნალობით და პრევენციული ღონისძიებებით ტკივილის შეტევების მნიშვნელოვანად შემცირება და შემსუბუქება შესაძლებელია.

 

ტკივილის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია სწორი ცხოვრების სტილი და ტკივილის მაპროვოცირებელი ფაქტორების შემცირება. მაგალითად,  კვებისა და ძილის დაცვა, ხშირი ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში, ორგანიზმისთვს საჭირო რაოდენობით წყლის მიღება და ა.შ.

 

“არსებობს “დასვენების დღეების” თავის ტკივილიც, რომელიც გამოწვეულია ძილის რეჟიმის დარღვევით. როგორც ნაკლები ძილი, ისე გადამეტებული ძილი შეიძლება გახდეს თავის ტკივილის გამომწვევი. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც მიჩვეულია დილით ადგომას, ამ რეჟიმიდან ამოვარდნა და საათების გადამეტება იწვევს ტკივილს. ამიტომ პაციენტს ვურჩევთ, მთელი კვირის განმავლობაში დილით ერთსა და იმავე დროს გაიღვიძოს. ანალოგიური შეიძლება ითქვას ჭარბი რადენობით კოფეინის მიღებაზეც.. მისი შემცირება ასევე აძლიერებს თავის ტკივილს,” -ამბობს ეთერ ტოგონიძე.

 

რაც შეეხება ასეთი ტიპის ტკივილის მკურნალობას, გარდა მედიკამენტოზური მკურნალობისა, არსებობს არამედიკამენტოზურიც. ეს არის ფსიქოთერაპია და რელაქსაციური პროცედურები, რომელიც ეხმარება პაციენტს სტრესის და დაძაბულობის მოხსნაში და ტკივილის სიხშირეს ამცირებს.

 

იმ შემთხვევაში კი, თუ ტკივილი ხშირია და მის ქრონიკულ ხასიათზეა საუბარი, მაგალითად,  თვეში 5 და მეტი თავის ტკივილის შეტევითი ეპიზოდით, ან თუ თავის ტკივილი რაიმე ტრავმის შემდეგ განვითარდა, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *