სატელეფონო ზარები, თანხის გადარიცხვა პაციენტის პირად ანგარიშზე და საქველმოქმედო კონცერტები თითქმის ერთადერთი გამოსავალი გახდა საქართველოში, რომ პაციენტები, ვისი სიცოცხლეც საზღვარგარეთ ძვირადღირებულ მკურნალობაზეა დამოკიდებული, გადარჩნენ.

სარეკლამო რგოლებში თუ სოციალურ ქსელებში პერიოდულად ახალი პაციენტის სახელი და გვარი ჩნდება, ვისთვისაც თანხა გროვდება. თანხები სხვადასხვა ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ფონდების მეშვეობით ძირითადად არასრულწლოვნებისთვის გროვდება.

 

ამჟამად “დიტო ცინცაძის სახელობის ფონდი” 8 წლის თენგო ზაკაშვილისთვის აგროვებს თანხას. ბავშვს ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სჭირდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, საიდანაც ბავშვია წარმოშობით, მის დასახმარებლად 3 450 ლარი შეაგროვა, თუმცა, ჯამში, 70 ათასი ევრო უნდა შეგროვდეს იმისთვის, რომ მას ღეროვანი უჯრედები იტალიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაუნერგონ.

 

რეალურად 70 ათასი ევრო ღეროვანი უჯრედების გადანერგვისთვის მინიმალური თანხაა. ევროპის სხვა კლინიკებში პაციენტებს ეს ოპერაცია დაახლოებით 3-ჯერ მეტი უჯდებათ. თანხა კიდევ უფრო ძვირდება, როდესაც შუამავალი კომერციული კლინიკის დახმარებით მიემგზავრება პაციენტი სამკურნალოდ.

 

18 წლამდე მოქალაქეებს საქართველოში, იაშვილის კლინიკის დახმარებით იტალიის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრთან წლების მანძილზე თანამშრომლობის საფუძველზე, საშუალება აქვთ ღეროვანი უჯრედები მხოლოდ 70-100 ათას ევროდ გადაინერგონ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის არც ეს ფაქტორი ამცირებს ასეთ ოპერაციაზე ხელმისაწვდომობას.

 

არის შემთხვევები, როდესაც პაციენტის ოჯახი  საფრანგეთში, ბელგიაში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში ლტოლვილად ბარდება, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა უფასოდ ჩაიტაროს ოპერაცია და მის შემდეგაც იმკურნალოს.

პაციენტებს, ვისაც ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სჭირდება ძირითადად სისხლის დაავადებები აქვთ (მიელოდისპლაზიური სინდრომი, აპლასტიური ანემია და მწვავე ლეიკემიების რეციდივი).

 

იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელის, ნინო ტოტოღაშვილის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ გამგზავრებამდე ღეროვანი უჯრედების გადასანერგად ზუსტი ექსპერტიზა ჩატარდეს, რათა ზუსტად შეფასდეს პაციენტის გამოჯანმრთელების შესაძლებლობები, რისკები და საფრთხეები ოპერაციის შემდგომ.

 

“არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს ასეთი ოპერაციის შემდეგ ქრონიკული დაავადებები უვითარდებათ და მათი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დგება. case by case უნდა მოხდეს პროფესიონალების მიერ ყველა ამ დეტალის წინასწარ შეფასება.”

 

ამ ეტაპისთვის რამდენი არასრულწლოვანი საჭიროებს სასწრაფო და გადაუდებელ ძვირადღირებულ სამედიცინო დახმარებას, მაგალითად, ღეროვანი უჯრედების გადანერვა და ა.შ. რომელთა დაფინანსებასაც სახელმწიფო პროგრამები ვერ უზრუნველყოფს, ჯანდაცვის სამინისტროს ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია არ აქვს. თუმცა მხოლოდ ღეროვანი უჯრედების გადანერგვისთვის საჭირო თანხისთვის ჯანდაცვის სამინისტროს წელიწადში საშუალოდ 3-5 პაციენტი მიმართავს. ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოს ფინანსური წილი ძალიან მინიმალურია.

 

პარალელურად მუშაობს ე.წ. “რეფერალური დახმარების პროგრამა”, რომელიც ინდივიდუალურ რეჟიმში განიხლავს პაციენტების გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებას, რომელიც არ არის გათვალიწინებული სახელმწიფო პროგრამებისა თუ დაზღვევის სექმებში. “რეფერალური დახმარების პროგრამა” თანადაფინანსების სახით უზრუნველყოფს ბავშვთა საზღვარგარეთ მკურნალობასაც, თუ ქვეყანაში არ არსებობს კონკრეტული მდგომარეობის სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო სერვისი.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით,  2013 წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 118 ბავშვი დაფინანსდა და ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ჯამურად 300 ათას ლარზე მეტი თანხა გამოიყო.

 

რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს და შესაძლებელია თუ არა თავიდან აიცილოს ეს პრობლემა, მაგალითად, გარკვეული ფონდის შექმნით? – ჯანდაცვის სამინისტროს პასუხით ირკვევა, რომ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ბიუჯეტი თავისთავად ერთგვარი ფონდია, რომელიც უმეტესად სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რიგ შემთხვევებში კი, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს პაციენტების დიაგნოსტიკური თუ სამკურნალო ჩარევების დაფინანსებას.  

ჯანდაცვის სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ საზღვარგარეთ მკურნალობის პოტენციურ პაციენტთა რაოდენობის შემცირება საქართველოშივე შესაბამისი სამედიცინო მომსახურების განვითარებით იქნება შესაძლებელი.

 

იაშვილის კლინიკის წარმომადგენელი, ექიმი ნინო ტოტოღაშვილი ამბობს, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლა სამედიცინო სერვისებისა და სტანდარტების მუდმივი ზრდით არის შესაძლებელი:

 

“საქართველოში თუ კარგი ქიმიოთერაპიები ჩატარდა, ღეროვანი უჯრედების გადანერგვის საჭიროების მქონე პაციენტების რაოდენობა შემცირდება. ეს სისტემური პრობლემაა და ცალკე არ უნდა განიხილებოდეს.”

 

ირაკლი სასანია, ჯანდაცვის საკითხთა მკვლევარი და ექსპერტი, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი, ამბობს, რომ ყოველთვის იდგება ეს პრობლემა საქართველოში, სანამ საქართველოს მთავრობა განვითარებული ქვეყნების მსგავსად საკუთარ თავზე არ იღებს თანადაფინანსების დიდ წილს მაინც, თუმცა, მისივე თქმით, ასეთ პაციენტთა რაოდენობის შემცირება პრევენციული ზომების მიღებითა და პირველადი ჯანდაცვის სრულყოფილი ხელმისაწვდომობით შესაძლებელია.

 

“იქამდე საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ  და მოქალაქეებმა უნდა მოვითხოვოთ მაღალი სტანდარტის მომსახურების ხელმისაწვდომობა. ამის რესურსი არსებობს და სწორი გათვლით შეიძლება შედეგების მიიღწევა,”- ამბობს ირაკლი სასანია.

არსებობს შემთხვევები, როდესაც საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები მთლიანად დონორზეა დამოკიდებული, იგივე ღვიძლის გადანერგვის დროს.

 

კითხვებით – რატომ არ ტარდება მსგავსი ოპერაციები საქართველოში, რატომ არ არის დონაცია განვითარებული საქართველოში, ხომ არ შეამცირებდა ეს პაციენტის ზოგად ხარჯებს? – ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ.

 

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ღვიძლის გადანერგვა, რომელიც საშუალოდ 15 საათს გრძელდება, ერთ-ერთ ძვირადღირებულ  და რთულად შესრულებად ოპერაციათა რიცხვს განეკუთვნება და მისი წარმატებით შესრულებისათვის მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი (ამ მიმართულებით გამოცდილი ქირურგი-ტრანსპლანტოლოგი, გადამზადებული ექთნები) და სწორი პოსტოპერაციული პერიოდის მართვა სჭირდება.

 

როგორც სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, საქართველო ასეთი ოპერაციებისთვის ამ ფაქტორების გამო მზად ჯერ არ არის:

 

“თუმცა, გვესმის რა, ამ მომსახურების არსი და მნიშვნელობა, სამომავლოდ ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალზედ საჭირო სერვისი დაინერგება ჩვენს ქვეყანაში და წარმატებით განვითარდება.”

      

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ღვიძლის გადანერგვისთვისაა აუცილებელი, ეს დონორის მოძიებაა.

 

“ვინაიდან გვამური დონორობა, ჩვენი ეთნიკური თავისებურებებიდან გამომდინარე, არ არის აქტუალური ქვეყანაში, მიღებულია მხოლოდ ცოცხალი დონორისგან ორგანოს აღება. ამასთან, დონორი  უნდა იყოს სრულწლოვანი, ის უნდა იყოს გენეტიკური ან ჯვარედინი ნათესავი, რომლისგანაც უნდა მოხდეს ღვიძლის ერთ-ერთი, უხშირესად მარჯვენა წილის გადანერგვა (ყოველივე ეს  კიდევ უფრო ართულებს დონორის მოძიების პროცესს),”- აცხადებენ სამინისტროში.

 

რამდენიმე დღის წინ საზოგადოების ნაწილის ინიციატივით, ახალი ფონდის შექმნის მიზნით, რომელიც ქვეყანაში გადაუდებელ ძვირადღირებულ ოპერაციებს აანაზღაურებს, პეტიცია გავრცელდა, რომელსაც ამ დროისთვის 800-მდე მოქალაქე აწერს ხელს.  

 

ინიციატივის – “სიცოცხლის გადარჩენის ალტერნატიული გზა” – ძირითადი მიზანია შეიქმნას ფონდი, რომელიც აანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებსა და გადაუდებელ ოპერაციებს სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, მარჩენალდაკარგული, დევნილი, ვეტერანი და პენსიონერი მოქალაქეებისთვის; საშუალო ფენის წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც ამოწურეს საკუთარი მატერიალური რესურსი; მათთვის, ვისაც ესაჭიროებათ ისეთი ტიპის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რომლის გაწევაც (ჯერჯერობით) შეუძლებელია საქართველოში.

 

გარდა ამისა, ინიციატივა მოიცავს ახალი კლინიკის შექმნასაც, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი სამედიცინო ტექნიკით, თანამედროვე ლაბორატორიებით და დაკომპლექტდება უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალით. მისი მიზანი კი ისეთი ტიპის ოპერაციების გაკეთება უნდა იყოს, რომელთა ჩატარებაც, ტექნიკური ბაზიდან და სამედიცინო პერსონალიდან გამომდინარე, საქართველოში შეუძლებელია.

Join the Conversation

1 Comment

  1. გამარჯობათ ყველა ქვეყანაში მიღებულია დონორობა ღვიძლის საქართველოში თუ ვინმეს ესაჭიროება გინ საზღვარ გარეთ გაუკეთდეს ოპერაცია მომწერეთ დონორობაზე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *