საზოგადოება

“თავისუფლების” 60-წლიანი გზა

13 მარტი, 2013 • 2393
“თავისუფლების” 60-წლიანი გზა

მცირე დისკუსიის შემდეგ მიიჩნიეს, რომ იმ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ექიმის შიმშილობა და ინფექციური დაავადება “წითელა” იქნებოდა, რომელიც ბოლო დღეებში აქტუალური გახდა. მასალები საღამოს 6 საათზე მზად უნდა ყოფილიყო რადიოს ეთერისთვის.

 

დაახლოებით, ასე იწყება ყოველი დღე დილის ერთსაათიანი გადაცემის შემდეგ. 10-საათიან თათბირზე დამტკიცებული თემების შესახებ პრაღის სათაო ოფისს უნდა აცნობონ, სადაც თბილისსა და პრაღას შორის დროის 3 საათიანი სხვაობის გამო, სხვადასხვა ქვეყნის ბიუროების დილის გაერთიანებული თათბირი უფრო გვიან იწყება. გაერთიანებული თათბირი ეხმარება ქვეყნებს გაიგონ, სხვა ქვეყანაში რა ხდება იმ დღეს მნიშვნელოვანი და ხომ არ იქნებოდა ის საინტერესო მისი მსმენელისთვისაც.

“რაც მსმენელს აინტერესებს, ის უნდა უთხრა, მაგრამ არის თემები, რომელზეც ის საერთოდ არ ფიქრობს, მაგრამ შენ რომ გააკეთებ, ხვდება, რომ აი, ეს ისაა, რაც მას აინტერესებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ მათ მაგივრად,”- ამბობს ვაშაყმაძე, “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი.

მსმენელთა გამოხმაურება და ნდობის გამოხატვა კი, საფუძველს აძლევს იფიქროს, რომ რადიო “თავისუფლება” დღესაც რელევანტურია და ჟურნალისტურ სტანდარტებს მაქსიმალურად იცავს.

“შეცდომისგან არ ვართ დაზღვეული, მაგრამ ძალიან ვცდილობთ არ დავარღვიოთ ეს სტანდარტი. ჩვენც მოგვდის შეცდომები და მერე ამაზე ვმსჯელობთ. არის რაღაცეები, რომლის პასუხიც იცი, მაგრამ ყოველდღიურად ჩნდება დილემები, რომელზეც სულ კამათია, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ არ დავარღვიოთ სტანდარტი. მათი გადაწყვეტა ურთულესი რამ არის. ისე უნდა გადაწყვიტო, რომ მერე სუფთა სინდისით და მშვიდად შეძლო დაძინება,”- ამბობს მარინა ვაშაყმაძე.

“ყველა ასპექტში სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა გვაქვს, მაგრამ არის ერთი რამ, რაც ჩვენს თავისუფლებას მაინც ზღუდავს, ეს არის ჩვენი სინდისი,” – ამბობს ჟურნალისტი, ჯიმშერ რეხვიაშვილი, რომელიც რადიო “თავისუფლებაში” 10 წელზე მეტია მუშაობს.

სალომე ასათიანი ერთ-ერთია იმ ხუთი ჟურნალისტიდან, ვინც პრაღის ოფისში ქართულ სამსახურს წარმოადგენს.

მან რადიო “თავისუფლების” პრაღის ოფისში მუშაობა 2005 წელს დაიწყო. იქამდე თბილისის ბიუროში ფრილანსერად მუშაობის დროს აკეთებდა გადაცემას „სხვა სახე“, რომელიც უმცირესობებს, სუბკულტურებს, ალტერნატიული შეხედულებების და უჩვეულო ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს და ჯგუფებს ასახავდა.

ფიქრობს, რომ რადიო “თავისუფლებაში“ მუშაობა მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარ გამართლებაა.

“აქ ყოფნამ და ამ წლებმა წარმოუდგენლად ბევრი რამე მასწავლა, როგორც საქმის ცოდნის, ისე ადამიანებთან ურთიერთობის და მხარდაჭერის თვალსაზრისით. რაც შეეხება, ყოველდღიურ, რუტინულ საქმიანობას, ის პირდაპირ ეთერში გადაცემების მოდერაციას, ახალი ამბების გამოშვებების მომზადებას მოიცავს. ისე კი, ყველაფერზე მეტად ორი რამე მიყვარს და მაინტერესებს – გრძელი, ჩაღრმავებული ინტერვიუების აღება როგორც პოლიტიკოსებისგან და ე.წ. „გადაწყვეტილებების მიმღებებისგან“, ისე ანალიტიკოსებისგან, მწერლებისგან, ხელოვანებისგან, იმ ხალხისგან, ვინც რაღაც ფორმით ჩვენს მსოფლმხედველობაზე ახდენს გავლენას. მეორე, და შედარებით ახალი საქმიანობა ბლოგერობაა. ვფიქრობ, ჩვენი რადიოს ვებსაიტზე განთავსებული ბლოგები გამორჩეულად საინტერესო და თავისუფალ სადისკუსიო სივრცეს ქმნის და ამ სივრცის წევრად ყოფნა ჩემთვის დიდი სიხარული და პატივია,”- ამბობს სალომე ასათიანი.

 

საქართველოში “რადიო თავისუფლების” ეთერში გასული  გადაცემების ნაწილი პრაღიდან გადის, სადაც ამბებს საქართველოდან, საერთაშორისო ამბები ემატება. ქართული სამსახურს იქ დავით კაკაბაძე ხელმძღვანელობს.

ზუსტად 60 წლის წინ, რადიო “თავისუფლება”, რომელსაც პირველი რამდენიმე წელი რადიო “განთავისუფლება” ერქვა, საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მაშინდელი რეჟიმის პროპაგანდის ალტერნატიული ინფრომაციის წყაროდ იქცა.

 

პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავი, რომელიც მან 1953 წლის 5 მარტს გააშუქა, ეს სტალინის სიკვდილი იყო.

“თავისუფლების” საქართველოს არქივი 1963 წლიდან უნიკალური მასალებით, ჩაწერილი მაგნიტურ ფირებზე და უკვე გაციფრულებული, ამჟამად პრაღის ცენტრალურ ოფისში ინახება.

“ეს არის იმ ადამიანების ჩანაწერები, რომლებიც ქვეყნიდან იდევნებოდნენ, მაგალითად, გრიგოლ რობაქიძე. გარდა ამისა, არსებობს 1956 წლის 9 მარტის აქციის დარბევის მასალებიც, სადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა,”- ამბობს ჯიმშერ რეხვიაშვილი.

“რადიო თავისუფლება მაშინ “ამერიკის ხმასთან” ერთად ობიექტური ინფორმაციის ერთადერთი წყარო იყო, რომელიც საბჭოთა პროპაგანდას ანეიტრალებდა. მიმდინარე ამბებთან ერთად, მსმენელისთვის ხელმისაწვდომი იყო კონკრეტული ფაქტები საქართველოს ისტორიიდან, კულტურული პროგრამები, ეთნოგრაფიული მასალები. გარდა ამისა, ის იმ ქართველი ემიგრანტების ტრიბუნადაც იქცა, ვისაც ქვეყანასთან კავშირები აღარ ჰქონდა.

“დღეს, როდესაც ელაპარაკები ადამიანებს, გიჩნდება განცდა, რომ რადიო “თავისუფლება” მაშინ ადამიანებისთვის იყო სინათლე, ჟანგბადი. ინფორმირებული ადამიანი არის ძლიერი ადამიანი, მას შეუძლია თავი დაიცვას და არ მიიღოს ტყუილი. მაშინ რადიოს ძირითადი აქცენტი კეთდებოდა იმაზე, არ დავიწყებოდა ხალხს, რომ საქართველო თავისუფალი არ იყო. დღეს პიროვნულ თავისუფლებაზეა საუბარი. თავისუფალი, გადამოწმებული და მრავალ წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიღებით ადამიანებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ, რასაც ისინი პირონვულ თავისუფლებამდე მიჰყავს,”- ამბობს ჯიმშერ რეხვიაშივლი.

რადიო “თავისუფლება” ამერიკული არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაციაა შეზღუდული საგრანტო რესურსით, რომელიც უკვე მსოფლიოს 20-მე მეტ ქვეყანაში 30-მდე ენაზე მაუწყებლობს.

“ამ 7 წლის მანძილზე, რაც ხელმძღვანელი ვარ, არ მახსოვს შემთხვევა, რომ ვინმეს ვაშინგტონიდან ან პრაღიდან რაიმე დირექტივა მოეცა,” – ამბობს თბილისის ბიუროს ხელმძვანელი.

დღეს “რადიო თავისუფლება” მხოლოდ რადიო მაუწყებლობა არ არის. ისევე, როგორც სხვა ბევრი მედიასაშუალება, ისიც მრავალპლატფორმიანია – ვებ-გვერდი, სოციალური ქსელები.

“ძალიან ვამაყობთ, ჩვენი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტით “წითელი ზონით”, ძალიან პოპულარულია ჩვენი ბლოგები და რადიო “თავისუფლების” ყოველკვირეული დღიურები,”- ამბობს ვაშაყმაძე.

ყოველი წლის ბოლოს რადიო “თავისუფლება” წიგნად გამოსცემს ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადამიანების ჩაწერილ 52 ბლოგს, რომელიც მთელი წლის მანძილზე ეთერში ბეჭდური, რადიო და ვიდეო ფორმატით გადიოდა. წელს მეშვიდე “თავისუფლების” დღიურები” გამოვა.  

რადიო “თავისუფლების” ყველაზე ახალი პროექტი “მედია სკოლაა”, რომელიც 1 წლის წინ IREX-ის მხარდაჭერით დააფუძნდა. დაგროვილ გამოცდილებას და ცოდნას, რადიო თავისუფლების თანამშრომლები სხვა მოწვეულ ლექტორებთან ერთად 1-წლიან სასერტიფიკატო და 2 თვიანი სტაჟირების კურსებზე უზიარებენ ბაკალავრის სტუდენტებს და იმათ, ვისაც მედიაში ყოველდღიური სისტემური პრაქტიკის გავლა სურს.

 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი